დებატები
- ალექსანდრე ახატნელი
- Mar 6, 2023
- 7 min read
პოლიტიკური კულტურა
2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორ წარიმართება იგი, საზოგადოების პოლიტიკური კულტურითა და ლიდერების საერთო კულტურითაა განპირობებული.
პოლიტიკური კულტურის რაობის საკითხი განმარტებას არ საჭიროებს. მოსახლეობამ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით არაერთხელ მოახდინა მისი მაღალი დონის დემონსტრირება. იყო ხარვეზებიც მმართველი პოლიტიკური ძალის მხრივ, მაგრამ ძირითადში ადგილი სანიმუშო კულტურას წარმოაჩენდა.
დიდი ანალიზი არაა საჭირო. საშუალო ასაკის თაობასაც კი კარგად ახსოვს რითი დაიწყო პოლიტიკური მოძრაობა, როგორ ყალიბდებოდნენ, პარტიები, რა ხასიათისა იყო მოღვაწეობა და როგორია ამ მხრივ დღევანდელობა. საზოგადოებამ გამოიარა იდეური ბრძოლისა და სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდები, გადალახა დაუნდობლობის, შეურიგებლობის, გაუტანლობის სინდრომი და დაღვინდა ისე რომ გაბოროტების ზღვარამდე არ მისულა.
ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გვანახებს როგორი მეთოდებით, როგორი გაშმაგებით მიმდინარეობს პოლიტიკური შეხლა ევროპის ქვეყნებში. წარმოუდგენელია რომელ ქვეყანაში იქნებოდა ისეთი ხანგრძლივი დაპირისპირება, როგორიც იყო 2009 წ. საქართველოში და სისხლი არ დაიღვრებოდა, ქალაქები არ გაპარტახდებოდა, ხალხი არ გაბოროტდებოდა. არა მხოლოდ გამოცდილებამ, არამედ ძირითადად საერთო კულტურის მაღალმა დონემ განაპირობა პოლიტიკური ბრძოლის ესოდენ მშვიდობიანი ფორმები.
ძირითადი დატვირთვა და პასუხისმგებლობა ამ მხრივ მმართველ ძალას ენიჭება. დღეს ამაყად გაიძახიან, რომ 1990 წ მრგვალი მაგიდის კოალიციამ პირწმინდად მოუგო არჩევნები მმართველ კომუნისტურ პარტიას. მცდარია მტკიცება. აბა თუ ვინმეს დაუთვლია არჩევნების წინადღეებში რამდენმა "კომუნისტმა" მოხსნა თავისი კანდიდატურა? გამოიკვლიეთ და დარწმუნდებით, პარტიამ "ჩააბარა" ხელისუფლება მყვირალა "რევოლუციონერებს". სხვა ამბავია რომ "პარტიაშვილებმა" შემდეგ ძალაუფლება შეიარაღებულ "პატრიოტებთან" ერთად დაიბრუნეს.
ვისაც რაიმე გაეგება საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებისა, გეტყვით, რომ ესეც გარდაუვალი იყო, რამეთუ დამდგარიყო კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეტაპი, თავისი უარყოფითი მახასიათებლებით.
იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენმა საზოგადოებამ არა მხოლოდ გადალახა ის ჩამორჩენა რაც პოლიტიკური კულტურის პრაქტიკული გამოცდილების მხრივ ჰქონდა, არამედ სამაგალითოც გახდა იმავე ევროპისათვის, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა.
2003 წელს ისე შეიცვალა ხელისუფლება, რომ მუშტიც არ მოხვედრია არავის ვ. რჩეულიშვილის გარდა. ამ ხელისუფლების დროსაც პოლიტიკური კულტურის ეთიკის ნორმებს მხოლოდ მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტია არღვევდა. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას საკუთარი იმიჯი ბილწსიტყვაობითაც არ შეულახავს. ასე მოვედით დღემდე.
დღეს?
დღეს მოსახლეობა დიდი გამოცდისა და ხიფათის წინაშე დგას. მისი წყარო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბელადი და ქვეყნის პრეზიდენტია. ოკეანე დალეული ლიბერალიდან იგი დიქტატორად ჩამოყალიბდა. ამის საფუძველი კი თავიდანვე ჩანდა, როდესაც ვერ გადალახა პარტიული ჩარჩოები და ხალხის პრეზიდენტად ვერ ამაღლდა. დღეს დაუფარავად გაისმის მისი მოწოდება: შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერი საშუალებით.
ეს მოწოდება უკუთვნის არა პარტიის ლიდერს, არამედ პრეზიდენტს, რომელიც ფლობს შეუზღუდავ შესაძლებლობებს და ძალას. ამ მოწოდების შემსრულებლებში კი იგულისხმებიან არა მხოლოდ პარტიის ლიდერები, არამედ ქვეყნის შეიარაღებული ფორმირებებითაც. თუ მათ ხელმძღვანელებს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ საფრთხე მართლაც რეალურია.
დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალებს კულტურა თუ ღალატობს, ეს სიტყვიერ "ენა სიმახინჯეში", გამოიხატება. რაც შეეხება პრეზიდენტის დონეზე éნა სიმახინჯეს" ეს უკვე მთელ საზოგადოებას ვნებს, რადგან პრეზიდენტი ერის სახე უნდა იყოს და არა მხოლოდ თანამოაზრეებისა.
პოლიტიკური ლიდერები
საქართველოში ორასზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. ყოველ მათგანს ყავს ლიდერები და თავისი ბელადი. მათ გარდა არიან რეგიონალური ლიდერები, წევრები და ყავთ აქტიური თუ პასიური მხარდამჭერები. ასეთია დღეს პარტიული ცხოვრება.
მეცნიერება პოლიტიკური ლიდერების ძირითად სამ ტიპს განიხილავს: თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები და აგიტატორები.
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკურ ლიდერებს შორის თეორეტიკოსები არც იყვნენ და არც არიან. დღეს ცნობილ სახეებს შორის. არავის მიესადაგება თეორეტიკოსის სახელი, არა და მოვახდინეთ საბჭოთა წყობის მსხვრევა, თითქოს შევქმენით ახალი (პრეზიდენტის მტკიცებით ახალი სახელმწიფო აშენებულია), მაგრამ ვერავინ გვეტყვის როგორი წყობილება გვაქვს, ან როგორი გვჭირდება. როცა არ იცი რას მიესწრაფვი, ნგრევა მეტია, შედეგი გაურკვეველი.
რომ არავის ეგონოს ფუჭი რიტორიკა, გაიხსენოს: თუ ვინმეს უთქვია სინამდვილეში რა იყო და რითი შევცვალეთ? სამწუხაროდ არ ვიცოდით ძველი და უფრო ნაკლები ვიცით ახლის. ვინ უნდა გაგვარკვიოს როგორი წყობილება დავამკვიდრეთ. როგორი სახელმწიფო შევქმენით, რისთვის უნდა ვიღვაწოთ, თუ არა თეორეტიკოსმა? დიახ, თეორეტიკოსი ლიდერები გვჭირდება.
პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდია. გავადევნოთ თვალი წამოყენებულ დეპუტატთა კანდიდატებს. თეორიული ცოდნით აღჭურვილს რამდენს ნახავთ მათ შორის? ხო და რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით.
თეორეტიკოსი ლიდერები რომ არა გვყავს ერთი უბედურებაა. მეორე ისაა, რომ პრაქტიკოსი ლიდერებიც არა ჩანან. პრაქტიკოსი ლიდერი ჯერხანობით მხოლოდ "ქართული ოცნების" კოალიციას ჰყავს.
იტყვით: მაშპრეზიდენტი? სხვა პოლიტიკური პარტიების ბელადები? სამწუხაროდ, მაგრამ გულახდილად (ახლა რევერანსების დრო არ არის): ყველა აგიატორია.
აგიატორი ლიდერების ქვე ჯგუფებად დაყოფაც შეიძლება. ისინი განსხვავდებიან გარკვეული თეორიული ცოდნის დონით, გარკვეული პრაქტიკული მოღვაწეობის უნარით, გარკვეული აგიტაციურ-რიტორიკული შესაძლებლობებით, მაგრამ საბოლოო ანგარიშით ლიდერის ტიპის ჩარჩოებს ვერ ცილდებიან.
გარდა ტიპაჟისა, პოლიტიკური ლიდერები გამოცდილებითაც განსხვავდებიან. ერთი მხრივ გამოცდილებას ბევრი დადებითი მოაქვს, მეორე მხრივ კი უფრო მეტი უარყოფითი. იგივე მეცნიერება გვეუბნება, ლიდერი წლების მანძილზე დაკავებულია ერთი და იგივე საქმიანობით, იგი უეჭველად ავადდება პროფესიული იდიოტიზმით. (იდიოტიზმი თვითრწმენაში, თვითდაჯერებაში, მოვლენების,სიტუაციების არასწორ შეფასებაში გამოვლინდება).
დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ამ დაავადებისაგან თავისუფალია "ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერი (როგორც პოლიტიკოსი იდიოტიზმის ასაკისაგან ის ჯერ შორსაა), პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, იგი სიყმაწვილის ასაკშია), სახალხო კრების ლიდერი, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი (ის თავს პოლიტიკოსად არ თვლის ე.ი. კრიტიკულად უყურებს საკუთარ სტატუსს), მრეწველთა პარტიის ლიდერი (მისთვის ძირითადი სპეციალობა სხვაა და ერთი-მეორეს უხამებს ორი მიმართულებით საქმიანობას) და სხვა. ყველას ჩამოთვლა აუცილებობას არ წარმოადგენს.
ლიდერთაგან ზოგს შერჩა უნარი გადაელახა ამბიციები და შერიგებოდა მეორე ეშელონის დონის ლიდერობას. ამით მათ გადაარჩინეს იმიჯი და გაიხანგრძლივეს პოლიტიკური სიცოცხლე. ძალზე ჭკვიანურად მოიქცნენ ჯ.ბაღათურია, გ. ცაგარეიშვილი. შეძლებენ იგივეს დ. გამყრელიძე, კ.კუკავა, გ.ლაღიძე, ბ.ქარდავა, ბ.ჟორჟოლიანი და სხვანი? თუნდაც გააფთრებული საარჩევნო მარათონის ბოლოს კანდიდატების მოხსნით სხვების სასარგებლოდ, მათ კიდევ შეუძლიათ მდგომარეობის გამყარება.
საარჩევნო ასპარეზზე გამოკვეთილია ოთხი ძალა, რომელთა შორის ბრძოლა გადაწყვეტს მომავალი პარლამენტის ავ-კარგიანობას. ესაა: პრეზიდენტის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია (გ. თარგამაძის), ლეიბორისტული პარტია (შ. ნათელაშვილი) და :ქართული ოცნების" კოალიცია. არჩევნების პერიოდში მათ შორის დებატები გამოავლენს ყველაზე ავტორიტეტულს.
დებატები
ბოლო რამდენიმე დღეა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტუალობა შეიძინა ლიდერთა პირდაპირ ეთერში დებატების საკითხმა.
დებატები და მათ შორის ტელედებატები ბევრ ქვეყანაშია მიჩნეული ამომრჩეველთა ინფორმირების, საკუთარი პროგრამის მასებისათვის გაცნობისა და კონკურენტის დამარცხების საუკეთესო ფორმად.
"ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერი ტელედებატებში იწვევს მოქმედ პრეზიდენტს, "ნაციონალები" მეორე რანგის ლიდერებით ფიქრობენ პაექრობაში ჩაბმას. "ლეიბორისტები" მზად არიან ყველა ძალის პირველ პირს დაუპირისპირონ საკუთარი და გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებულები, შეურაცმყოფელ გამოთქმებსაც არ ერიდებიან. სხვებს ქრისტიან-დემოკრატები არ ჩამორჩებიან და ტელეგამოსვლებს მიჩვეულები გარკვეულ უპირატესობასაც კი გრძნობენ.
მათ და არა მხოლოდ მათ, ავიწყდებათ, რომ დებატები კი არა, უბრალო განცხადებებსაც ერიდება ყველაზე უფრო მაღალი პოლიტიკური (დიახ, პოლიტიკური, სხვა ასპექტებთან ერთად) ავტორიტეტის მქონე ძალა-სამღვდელოების სახით. ტყუილია მტკიცება, რომ სამღვდელოება პოლიტიკაში არ ერევა. ადამიანური ცხოვრება და მოღვაწეობა, თანაბრად მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, სულიერ-მორალურ და პოლიტიკურ მხარეებს. პოლიტიკისაგან განდგომაც პოლიტიკაა. სამღვდელოებას კი, როგორც სულიერ-მორალური ცხოვრების ძირითად წარმმართველს არა აქვს უფლება მრევლი არ დამოძღვროს და სწორ გზაზე არ დააყენოს. სამღვდელოება როცა მოითხოვს მრევლისაგან, არ უნდა გაერიყოს მის საწუხარს და საფიქრალს. დღეს მრევლი დიდი არჩევანის წინაშეა და სულიერ მამებს არა აქვთ უფლება არ დაადგნენ გვერდით, არ მიანიშნონ გამოსავალზე.
პარტია, გარკვეული თვალთახედვით, კარგად ორგანიზებული ბანდაა, შექმნილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მას შეიძლება ჰქონდეს კეთილშობილი ან სხვა ხასიათის მიზნები, მაგრამ ეს ფაქტს ვერ უარყოფს. პარტია საზოგადოების მცირე ნაწილია, რომელიც ცდილობს თავისი გავლენა და მიზანი თავს მოახვიოს მოსახლეობას.
დღეს ოთხი მათგანი აცხადებს პრეტენზიას, უპირისპირდება დანარჩენებს და სადებატო "რინგზე"ოთხ ლიდერს წარმოადგენს.
ოთხი პოლიტიკური ლიდერი, ოთხი აზრი, ოთხი პოზიცია, რა შეუძლიათ მათ?
მეცნიერება გვეუბნება, რომ ლიდერს, თუ იგი სწორად გებულობს ცხოვრებისა და საზოგადოების მოთხოვნებს, შეუძლია დააჩქაროს განვითარების ტემპები, შეუძლია პროგრესული როლი შეასრულოს ისტორიაში. ლიდერი, რომელიც ვერ ერკვევა განვითარების ტენდენციებში შეანელებს წინსვლას ან შეიძლება უკან დახევაც (დროებითი) გამოიწვიოს. წინსვლის ამოცანების სწორი განსაზღვრა თეორეტიკოსობას თუ არა, პრაქტიკული ღონისძიებების ცოდნას მაინც მოითხოვს. ამისგან განსხვავებით აგიტატორი, ვერც თეორიულად საზოგადოებრივ მიზნებს ვერ ემსახურება, მისდევს მოვლენებს და დაკავებულია არსებულის განდიდებით. ამავე დროს, თუ იგი ინტელიგენტია, სჭირს კიდევ ერთი ავადმყოფობა: ერთდროულად ეჭიდება ყველა საქმეს და არც ერთი არ მიჰყავს ბოლომდე.
კიდევ ერთ, თითქოს უმნიშვნელო მხარეს უნდა გაესვას ხაზი. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მჩირე საკითხზეც კი გაუთავებლად ილაპარაკონ ერთი და იგივე. არიან პიროვნებანი რომელთა ალაპარაკება ძნელია. არიან ვინც უცებ პასუხობს კითხვებს და ისეთებიც, ვისაც სხვისი მოსმენა ურჩევნია საკუთარი აზრის გამოთქმას და ა. შ.
როგორია სინამდვილე, როგორია ამ მხრივ მდგომარეობა დებატების ვითარებაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებს შორის? დებატები ეკრანთან გამოჩენით კი არ იწყება, არამედ მაშინ როდესაც პიროვნება გამოდის ასპარეზზე. დადებითია ის რომ არა სჩვევია სიტყვა მრავლობა, არა სდებს თავს ფუჭ ორატორობაზე, არაა დამძიმებული პოლიტიკური შეუსრულებელი დაპირებების ცოდვებით, თავისუფალია პროფესიული იდიოტიზმის ავადმყოფობისაგან, აქვს სუფთა წარსული და სიკეთის მთესველის სახელი, არ იძლევა იმის დაპირებას, რისი შემსრულებელიც არაა. ასევე მისი გარემოცვა არაა კორუმპირებული, არაა ჩინოვნიკური ბაცილით დაავადებული და ა. შ. რათქმაუნდა არაა უნაკლო. ბუნებრივია ვინც არაფერს აკეთებს, ის არც სცოდავს. მან დღემდე ვერ მოახერხა ლოზუნგის: ყველას ერთობა, მინუს სააკაშვილი, განხორციელება. მან საზოგადოებას ვერ გააცნო მოქმედების კონკრეტულად პროგრამა. მან ვერ აღმოფხვრა კოალიციის შიდა წინააღმდეგობანი.
"ქართული ოცნების" კოალიციას წინსვლის გზას უღობავს პრეზიდენტი თავისი თანამოაზრეებით, ლაქიებით, მიტმასნილი მყვირალა ელემენტებით და რაც მთავარია სახელისუფლებო სტრუქტურებით. წარმატებული ჭიდილი ამ გართიანებულ "მონსტრთან" ძალზე რთულია. შედარებით იოლი მხოლოდ მათ პოლიტიკურ ლიდერთან დებატებია. იოლი, რადგან აგიატორი პრეზიდენტი სიტყვა უხვობასთან ერთად დაულაგებელი მსჯელობითა და აზრთა სიმწირით ხასიათდება. ამასთან, მან ირწმუნა ის, რასაც არ წარმოადგენს სინამდვილეში, გზა დაუხშო მისკენ მიმავალ საღ აზრს, სასურველი რეალურად მიიჩნია და წლების მანძილზე უიმედოდ დაავადდა პროფესიული იდიოტიზმით.
მას უნდა შეხსენდეს წარსულის გაკვეთილი: რომის იმპერატორი ადრიანე გატაცებული იყო ქალაქის ახალმშენებლობით და ხშირად ჩამოივლიდა ხოლმე შესამოწმებლად. ერთხელ მას დედაბერი გადაუდგა და სთხოვა მოესმინა. ახლა არ მცალიაო უპასუხა ადრიანემ. თუ მოხუცი ქალისთვის არ გცალია, მაშინ იმპერატორიც არ უნდა იყოვო, შეუტია ქალმა. ადრიანეს შერცხვა, ჩამოსხდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს. რომის იმპერატორს ერთი მოხუცი ქალისა შერცხვა. ჩვენს, "დემოკრატიის"შუქურა" პრეზიდენტს ასი ათასიანი მანიფესტანტებისაც არა. ეს კი მის უკურნებელ პროფესიულ დაავადებაზე მინიშნებაა.
დაუკვირდით: რას ნიშნავს მისი სლოგანი: მეტი სიკეთე ხალხს. უფრო აბსტრაქტულ-ქიმერიული დაპირება წარმოუდგენელია და ისეთივე ფუჭი, როგორც ადრე გამჟღავნებული იყო.
არაერთხელ აღინიშნა, რომ მას შეეძლო შელახული ავტორიტეტის აღდგენა. ახლაც შეუძლია. ერთ თვეში იოლად შეიძლება დიდი გარდაქმნების დაწყება და არსებულ ურთიერთობათა ხასიათის შეცვლა. მხოლოდ დემაგოგს სჭირდება ცვლილებისათვის დაუსრულებელი დრო.
ლიდერს, რომელსაც თავი მესია ჰგონია და აზრობრივად ფუჭია, ბუნებრივია ურჩევია აშკარა, სახალხო მზერისა და სმენის პირობებში დებატებს თავი აარიდოს.
მასთან უმცროს ძმასავით ჩახუტებული ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია თავისი ლოზუნგებით და ხმაურიანი მსჯელობით. არა და რა პერსპექტიული კადრებითაა დაკომპლექტებული. კარგი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ასლან აბაშიძემ დააფრთიანა და პოლიტიკურ ასპარეზზე გაუშვა. ამაგი დაუფასდა. ჟურნალისტიკას დაბრუნებული, ბადრი პატარკაციშვილმა დაავაჟკაცა. მასაც დაუფასდა ამაგი. მაკიაველი იტყოდა: მიზანი ამართლებს საშუალებას. მაკიაველი უნდა იყო რომ ავი და კარგი მიზანმიმართულად არიო, ეშმაკს გაუამხანაგდე და ეკლესიაში პირჯვარი იწერო.
არსებული პოლიტიკური ლიდერებიდან ერთიც ვერ შეძლებს მასთან სიტყვით გამკლავებას. არც უნდა ჩაებან პოლემიკაში. მასთან დებატები გატოლების ტოლფასია.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერზე ბევრის თქმა საჭირო არაა. მას არა აქვს ძალა სხვა ლიდერებთან ჭიდილისა. შეიძლება დებატებში ცუდად არც გამოჩნდეს, მაგრამ ეს იქნება პირადი რენომეს წარმოჩენა და სხვა არაფერი. "ახალ მემარჯვენეებს" არ შეუძლიათ საარჩევნო პროცესებზე რეალური ზეგავლენა მოახდინონ. პარტიის მორალური სიძლიერე-დავით საგანელიძე, დროით მიხვდა იდეური და ორგანიზაციული კრიზისის გარდუვალობას და პოლიტიკური გავლენა თუ არა კაცური სახელი მაინც შეინარჩუნა იქიდან წასვლით.
კიდევ ერთი თავჯერებული მოსურნე დებატებისა "ლეიბორისტული" პარტიის ბელადია. დიდი ხანია პოლიტიკაშია იგი და ასევე დიდი ხანია დასდგომია პოლიტიკური ავადმყოფობისა და გაკოტრების გზას. ორი ნიშნით ემსგავსება იგი პრეზიდენტს. მასავით პროფესიული იდიოტიზმის ტყვეობაშია და მასავით შეუკავებელია. ფ...თ მოსდის პირიდან სიტყვები.
სიტუაციას ალღოს ვერ უღებს, ეს პოლიტიკური ლიდერი. იყო დრო, როცა ხალხი ენდობოდა, როცა შეეძლო პრაქტიკული ნაბიჯი გადაედგა ძალაუფლებისაკენ, მაგრამ თავდაჯერებამ შეაცდინა. დღესაც ღრმად სწამს: მხოლოდ იგია პრეზიდენტობის ღირსი, მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის ხსნა და ყველა სხვამ მისი ხელმძღვანელობით უნდა იმსახუროს ხალხის საკეთილდღეოდ. არაერთხელ ითქვა ამ ავადმყოფურ იდეა-ფიქსზე, მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი სიბრძნისა სჯერა.
ამ სიბრძნის შედეგია პარტიული ლოზუნგი: მდიდრებს წავართმევთ, ღარიბებს მივცემთ. რობინ ჰუდი თუ არა, არსენა მარაბდელი ხომ არის ეს ვაჟკაცი?
ორიოდე სიტყვით ასეთია ის პოლიტიკური ლიდერები რომელთა ტელეეკრანთან დებატები თუ ყოველდღიური საქმით შერკინება გამოავლენს იმ ავტორიტეტს რომელმაც უნდა განსაზღვროს უახლოეს პერიოდში ქვეყნის განვითარების ხაზი.
და ბოლოს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პრეზიდენტის მოწოდება: ძალაუფლება ნებისმიერი საშუალებით. განგაშის ზარებია დასარეკი, რადგან ნებისმიერი საშუალებით გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება ზარის ჩამომკრავიც არავინ დარჩეს.
Comments