დემოკრატია
- ალექსანდრე ახატნელი
- Mar 5, 2023
- 3 min read
Updated: Aug 18, 2023
უცოდინრობა თუ თვალთმაქცობა?
ამაოების ბაზარი
ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების (200-სამდე) და ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების (100-ამდე) ბუმია. საზოგადოების პოლიტიზირების პირობებში იშვიათია პიროვნება, საინფორმაციო საშუალებები, სახელმწიფო მოღვაწეები, რომ დემოკრატობას არ იჩემებდნენ და მისთვის არ იღწვოდნენ. გასაოცარია რა რიხით და აპლომბით მსჯელობენ დემოკრატიაზე და როგორ მოძღვრავენ მოქალაქეებს.
ეს მდგომარეობა გაკვირვებას არ იწვევს. დემოკრატია ის სატყუარაა, რომელსაც ადვილად იჯერებს, მაგრამ არ იგებს მთქმელი და ვერ იგებს გამგონი. რატომ?
უბრალო მიზეზის გამო. დემოკრატია და მისი არსის გაგება ყველაზე უფრო მკაცრად აკრძალულ თემებს განეკუთვნებოდა საბჭოთა კავშირში და ე.წ. სოციალისტურ ქვეყნებში, ათასობით ადამიანი სწავლობდა სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიას, მაგრამ იქ სახელმწიფოს აგების დემოკრატიული პრინციპის რაობას არ ასწავლიდნენ. იმ სისტემის მიერ აღზრდილი სპეციალისტები ასწავლიან დღეს. მათ ბევრი რამე გადმოიღეს საზღვარგარეთის დემოკრატიულობის არსენალიდან, მაგრამ სახელმწიფო ორგანიზმის აგების დემოკრატიული პრინციპი არა.
არავინ მიიღოს ნათქვამი სხვათა დამცრობის სურვილად. სრულებითაც არა. ესაა რიგითი მოქალაქის გულის ტკივილი. გვყავს უაღრესად ერუდირებული, გამოცდილი, ავტორიტეტული იურისტები, ეკონომისტები და ა.შ, გვაქვს დიდი კამათი დემოკრატიის ირგვლივ, სახელმწიფოს შენების დემოკრატიული პრინციპი კი გაუშუქებელია. უაღრესად სასიხარულო იქნებოდა თუ სპეციალისტები ამ მიმართვას წაიკითხავენ. ავტორის "არაკომპეტენტურ აზრს" კრიტიკად მიიჩნევენ, არამედ დემოკრატიული პრინციპის ჭეშმარიტ ბუნებას აუხსნიან საზოგადოებას. მომავალ არჩევნებზე მისული ადამიანების პოზიციას ეს ბევრად განაპირობებს.
აქ კი მოკლედ უნდა ითქვას შემდეგი: 1. საკითხის ახსნისას არაა საკმარისი ამერიკულ, ევროპულ ან სხვა დემოკრატიაზე აპელირება; 2. არაა საკმარისი ხელისუფლების " შტოებზე" აპელირება. ადამიანები კარგად ხვდებიან რა ძალის და შეძლების "ხელისუფლებაა" სასამართლო, ტელევიზია, პრესა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა. შ. 3. არაა საკმარისი თუნდაც კონსტიტუციის დონეზე აღიარება სიტყვის, დემონსტრაციის, გაფიცვების და ა. შ. უფლებებისა.
ხელისუფლება დემოკრატიაზე სიტყვებს ისე აჟღარუნებს, როგორც მეომარი იარაღს. ოპოზიცია დემოკრატიის გაგებაში ხელისუფლებისგან შორს ვერ მიდის.
ბატონი ბიძინა იყო ამ მხრივ ბოლო იმედი. ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა: საქართველოში ისეთ დემოკრატიას დავამკვიდრებ, რომ ევროპისთვისაც მისაბაძი იყოსო.
დიდია მოთმინება მონატრებულის. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და დემოკრატიის მისეულს გაგება ბოლომდე გაურკვეველი რჩება. ისმის კითხვა: თავის ცოდნას რატომ არ გვიზიარებს?
ჯერ ხანობით მაინც შედეგია: საზოგადოებრივი ძალების პრინციპული ბრძოლა დემოკრატიისთვის, დემოკრატიული პრინციპის უცოდინარობის პირობებში.
მაშ რაშია სახელმწიფოს დემოკრატიულობის არსი?
დემოკრატიული პრინციპი
სახელმწიფო სისტემის აგების პრინციპის ცოდნა პრინციპული მნიშვნელობისაა. როგორიცაა პრინციპი, ისეთივეა საზოგადოებრივი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი.
მხოლოდ არსებითი შტრიხები და თუ ვინმე საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, მადლობა მას.
_ დემოკრატია არის ხალხის თვითმართველობა და არა ხალხის მართვა. (ხალხის მართვა არის ბიუროკრატიულ პრინციპზე აგებული სახელმწიფო სისტემის მახასიათებელი).
_ თვითმართველობა თანამედროვე პირობებში შეიძლება განხორციელდეს თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არჩევის გზით;
_თვითმართველობის დროს ხალხი ირჩევს მისი ნების მსახურებს და არა ბატონებს. ეს ნიშნავს, რომ ამორჩეულებს არ აძლევს რიგითი მოქალაქისგან განსხვავებულ ხელფასს და არ უქმნის პრივილეგიებს. წარმომადგენლობა უნდა იყოს "იძულებითი პასუხისმგებლობა" ამომრჩევლების წინაშე და არა პრივილეგირებული ცხოვრების წყარო. სხვანაირად, ხალხი ქმნის იაფ მთავრობას, რომლის შესანახად ზედმეტი ხარჯების გაღება არა სჭირდება.
სახელმწიფო სისტემის აგებას დემოკრატიული პრინციპი თანაბრად (ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრება) მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეებს, სადაც ერთი მეორის გარეშე არ არსებობას.
დემოკრატიული პრინციპის პოლიტიკური მხარე გულისხმობს:
1. სახელმწიფოში ყველა ორგანო და ყველა თანამდებობა არჩევითია;
2. ამორჩეული პასუხისმგებელია ამომრჩევლის წინაშე. ამომრჩეველს შეუძლია პასუხი მოსთხოვოს ამორჩეულს რიგითი სასამართლოს მეშვეობით და მან ეს პასუხისმგებლობა ვერ აიცილოს;
3. სანამ ენდობიან ამორჩეულს, მის გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან.
დემოკრატიული პრინციპის ეკონომიკური მხარე გულისხმობს:
1. სახელმწიფო სისტემის შიგნით ხელფასების მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ადამიანურ შესაძლებლობათა თანაფარდობას: 3:1 ან 5:1
2. წარმომადგენლობით ორგანოებში მაქსიმალური ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს საშუალო ხელფასს:
3. უნდა მოისპოს ყოველგვარი პრივილეგიები.
ცხადია, რომ მეურნეობის კერძო სექტორში, სადაც მუშა-მოსამსახურეებისათვის განაწილეებაა შრომის, ხოლო მესაკუთრე-ხელმძღვანელისათვის კაპიტალის მიხედვით, დემოკრატიული პრინციპი დარღვეულია.
დემოკრატიისა და დემოკრატიული პრინციპის გაგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა პოლიტიკური ორგანიზაციების ხასიათზე და ამოცანებზე. ამ გაგებამ უნდა განსაზღვროს მოსახლეობის უმრავლესობის, ბატონ ბიძინას თქმით "შუას გაკრეფა" ამა თუ იმ მიმართულებით.
სასიამოდ დარჩება თუ დემოკრატი მეცნიერები, მოღვაწენი, პოლიტიკოსები, ხინჯს მოუძებნიან დემოკრატიული პრინციპის ასეთ გაგებას. იგი მეცნიერებამ ჩამოაყალიბა მსოფლიოში თავისუფლებისაკენ (დემოკრატიისაკენ) სვლის პროცესში.
Kommentare