ქართული ოცნება
- ალექსანდრე ახატნელი
- Mar 1, 2023
- 11 min read
Updated: Aug 18, 2023

"ერთობა, ძმობა, თანასწორობა"
ერთობა
ხეს არა აქვს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ფოთოლი. მილიარდნახევრიან ჩინეთში ვერ ნახავთ აბსოლუტურად ორ ერთნაირ ადამიანს. ბუნებისა და საზოგადოების მშვენიერება მისი მრავალფეროვნებაა და განუმეორებლობა. და მაინც არის რაღაცა არსებითი, რაც ქმნის ერთობას. ერთობაა სიძლიერის, სიმტკიცის, წინსვლის საწინდარი.
ვინ განსაზღვროს როგორ გვჭირდება პატარა, `შაგრენის ტყავივით~ დალეული ქვეყნის შვილებს ნანატრი ერთობა. წარმოიდგინეთ, ერთობის აზრით რომ განვიმსჭვალოთ, თუნდაც გაქცეული თუ გაგდებული თანამემამულენი რომ დაბრუნდებოდნენ, რომ შეგვეძლოს მათი დასაქმება, რომ შეეძლოთ მათაც აქ იშოვონ ის საარსებო საშუალება, რასაც სხვაგან მონებადქცეულნი სიმწრით მოიპოვებენ. ერთობით ხომ სამშობლოსაც გავაერთიანებდით.
მაგრამ... ვაი, რომ მაგრამ...
ერთობა გვინდა და არა ერთფეროვნება. განსაკუთრებით აზრის ერთფეროვნებაა დამღუპველი. არ შეიძლება ადამიანი მიღწეულით დაკმაყოფილდეს, არ შეიძლება შეჩერდეს, უკეთესს არ მიელტვოდეს.
აზროვნების, მისწრაფებების, შესაძლებლობების მრავალფეროვნებამ განაპირობა ორასი პოლიტიკური პარტიისა და ასი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აღმოცენება. ქართული ხასიათი უწყობს ამას ხელს. აქ ყოველი პიროვნებაა და სხვაზე მეტად თუ არა ნაკლებადაც არ მიაჩნია თავი. ახლა თუ გარემოებაც ხელს უწყობს? ხო და პოლიტიკური გარემო, სულმნათი შოთას თქმით `გვაქვს უთვალავი ფერითა~.
სიმრავლე ცუდი როდია, როცა ამის აუცილებლობაა. როცა არაა? არა და ცხოვრება გააუფერულებს და მოიშორებს. ლიდერებზე მორგებულ პარტიებს სჩვევიათ ეს.
დღეს ვიღას ახსოვს ათობით პარტიების და მათი ლიდერების ისტორია. ზოგი მოიშორეს, ზოგმა მიატოვა და პარტიებიც ჩაკვდნენ. არა და იმდენი იყო რამდენმაც ამბიცია ლიდერობისა გამოამჟღავნა. ვინ ახსნის რა იდეოლოგიური სხვაობა იყო მათ შორის ლიდერების პიროვნული სხვაობის გარდა. ზოგიერთი ლიდერი ერთ პარტიას რომ მიატოვებდა, მეორეში, მესამეში გარბოდა და ბოლოს საკუთარს ქმნიდა. რა, გვარ-სახელები ჩამოვთვალო?
მთავარია, რომ ყოველი ერთობისათვის `იბრძოდა~, დემოკრატობას იჩემებდა. კურიოზებამდეც კი მიდის საქმე. რა სხვაობაა ერსა და ნაციას შორის? ნაციონალური ხომ ეროვნულია და პირიქით. მაშ რად გვინდა ამდენი ტვინის ჭყლეტა? განა მმართველი ნაციონალების პარტია დემოკრატიული არაა? ჭეშმარიტად ნაციონალურ-დემოკრატიულია და საერთოდაც ნაციონალური თუ ნიშნავს ეროვნულს, ქართულს. საინტერესოა იქ სხვა ეროვნების წარმომადგენლები რანაირად ხვდებიან? არჩევნების დროსაც აზერბაიჯანული თუ სომხური მოსახლეობა ასი პროცენტით ქართველ ნაციონალებს რა ნიშნით უჭერს მხარს? მოკლედ, კითხვა მარავალია.
რათა ერთობის იდეას არ გავცდეთ, პარტიებისა და მათი ლიდერების დახასიათება გამოირიცხა. ერთი კი აღსანიშნავია. პარტიების სიმრავლე უმეტეს შემთხვევაში პირადი ამბიციურობის შედეგია. ამას ემატება პოლიტიკური ავადმყოფობა. მეცნიერება თავის დროზე წერდა: ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ერთი და იმავე საქმითაა დაკავებული, პროფესიული იდიოტიზმით ავადდებაო და მიაჩნდა, რომ საჭირო იყო ფიზიკური და გონებრივი ყოველმხრივი განვითარებისათვის გზა გაეხსნათ. გენიშნათ? დიახ. ჩვენთანაც ბევრი ლიდერია თვითდარწმუნებული, რომ ქვეყნის ხსნა მასზე უკეთ არავის შეუძლია, რომ ამიტომ მას უნდა დაუჯერონ, მის გარშემო გაერთიანდნენ, ის უნდა იყოს პრეზიდენტი, ის უნდა `ემსახუროს~ სიკვდილამდე ხალხს და ა.შ.
როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ თანხმდებიან, ერთობას ვერ აღწევენ პარტიები? იმიტომ, რომ ლიდერები საკუთარ თავს ვერ ერევიან. ჯერ საერთო მოძრაობაში არ არიან ჩამბმულები და უკვე იმაზე დაობენ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს გამარჯვების შემთხვევაში. გამარჯვება კი `უზრუნველყოფილია~, რადგან ისინი მონაწილეობენ აქციაში. ასეა?
საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ. რას წარმოადგენენ პარტიები თუ არა კარგად ორგანიზებულ ბანდებს, რომელთა მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ძალაუფლება კი მხოლოდ პოლიტიკას კი არა, უმეტესად ეკონომიკას უკავშირდება. სხვა შემთხვევაში რომელი პარტიაა, რომელიც ხალხის ინტერესებისთვის იბრძოლებს? რომელი პარტიის ლიდერებია, რომელნიც ხალხის მისწრაფებების რეალურ პროგრამას წარმოადგენენ, პირად კომფორტზე უარს იტყვიან და ბრძოლას შეეწირებიან. საზოგადოებას არ დავიწყნია თუ რა ენთუზიაზმით აძლევდნენ ხმას ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამეტში საკუთარი ხელფასებისა და პრივილეგიების ზრდას. თუ გინახავთ მათ შორის ისეთი, რომელიც მინიმუმს დასჯერდება და დანარჩენს მშიერთა სასარგებლოდ დათმობს? რა დაჟინებით მოითხოვენ ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსებას და სად გინახავთ ჭკუათმყოფელი მოწინააღმდეგეს აფინანსებდეს? ვერც ნახავთ.
გაიხსენეთ, რა ლოზუნგებით და რისთვის იბრძოდა ოპოზიცია წლების მანძილზე: რომ პრეზიდენტი გაეგდოთ, ნაციონალური მოძრაობა ჩამოეშორებინათ და ნაცვლად თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ამით რა შეიცვლებოდა? არავინ იცის, რადგან სხვა მოთხოვნა მათ არ გაუმჟღავნებიათ. სანაცვლოდ, განმჟღავნდა მათი ფარული დავა, ვის რა თანამდებობა სურდა და რა ერგებოდა.
ხალხი დაიღალა მათი ამბიციურობისათვის მხარის დაჭერით. უფრო სწორედ, ხალხი მათი გულისთვის კი არ იყო დემონსტრაციებზე გამოსული, არამედ არსებულის შესაცვლელად. მაგრამ რა რითი შეიცვლებოდა ხალხმა არ იცოდა და არც იცის. ამიტომ მინელდა ენთუზიაზმი, ამიტომ ჩაკვდა ოპოზიცია. დიახ. 26 მაისის დემონსტრაციის ველური დარბევის შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ უმიზნო, უშედეგო ბრძოლა განწირულია და დაიწყო ფასეულობათა გადაფასება.
ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. რამდენად მომზადებულმა გაამჟღავნა მან სურვილი ხელისუფლების შეცვლისა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისმა შეძახილმა რომ მთელი მოსახლეობა შეძრა, ეს ფაქტია.
პირველი საპასუხო რეაქცია ასეთი იყო ხელისუფლებისა, ოპოზიციისა და საინფორმაციო საშუალებების ნაწილის მხრივ: ის ბიზნესმენია და რა ესაქმება პოლიტიკაში. ალაპარაკდნენ და დაივიწყეს, რომ პოლიტიკა ურთიერთობის ხელოვნებაა. პოლიტიკა ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულებაა და ვინც ეკონომიკის სფეროში რაიმეს მიაღწია, შესაბამისად კარგი პოლიტიკოსიც ყოფილა. ვინც ამ ნათქვამში ეჭვს შეიტანს, დაფიქრდეს: სხვა ფაქტორებთან ერთად, განა პოლიტიკა არაა ოჯახური, მეზობლური, ნათესაური, თანამშრომლობითი ურთიერთობანი?
ბატონი ბიძინა პოლიტიკოსობას კი არ იწყებს, იგი ძალზე წარმატებულია ამ ხაზით, უფრო წარმატებული, ვიდრე ხელისუფალია და მისი გუნდი. ბატონი ბიძინა ხელისუფლების შეცვლას აპირებს. ეს კი დიდ ცვლილებებს გულისხმობს და აფრთხობს მოპოლოტიკოსო პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან: 1. თეორეტიკოსები; 2. პრაქტიკოსები; 3. აგიტატორები. სამწუხაროდ თეორეტიკოსები არა ჩანან. ამიტომაა, რომ მუდმივად ჩამოყალიბების, რეფორმების სტადიაში ვართ. ვერ გაგვიგია, როგორი დემოკრატია გვინდა და ისევ რუსეთის მიბაძვით ვცვლით კონსტიტუციას. რა ასე არაა? მოქმედი პოლიტოლოგები შეიძლება თეორიის მცოდნენიც იყვნენ, მაგრამ არა თეორეტიკოსები. პრაქტიკოსი პოლიტიკოსებიდან ყველაზე წარმატებული ბატონი ბიძინაა. პრეზიდენტი და მისი მიმდევრები აგიტატორი პოლიტიკოსები არიან.
საზოგადოებისათვის რომელია ყველაზე უფრო მისაღები? ეჭვი არაა, თეორეტიკოს-პრაქტიკოსი ლიდერი, რომელიც თეორიით აღიჭურვება და პრაქტიკულად განახორციელებს. რამეთუ პრაქტიკაა ყოველგვარი იდეის ჭეშმარიტების საზომი. რაც შეეხება აგიტატორ პოლიტიკოსს, როგორც წესი, იგი ყველა საკითხის `მცოდნე~ და ყველა საქმის `სპეციალისტია~. ამიტომ ეჭიდება ერთდროულად ყველა პრობლემას და როგორც წესი, არც ერთი არ მიჰყავს ლოგიკურ დასასრულამდე. ამასთან, თუ იგი ამავე დროს ინტელიგენტია, იფარგლება გრძელი მონოლოგებით და ბევრის თქმა, ბევრის კეთება ჰგონია. რეალურად ცხოვრებაში, უმეტეს შემთხვევაში ვხვდებით პოლიტიკოსთა კატეგორიების კომბინაციურ შეერთებას. ყოველივე იმიტომ ითქვა, რომ შეწყდეს ქირქილი: ის ეკონომისტია და პოლიტიკაში რა უნდა. საზოგადოება დაღალა პარტიათა, მათი ლიდერების დაუსრულებელმა ჭიდილმა და უნაყოფო შედეგმა. გაიხსენეთ, რატომ შეძლო ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე წარმატება? იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ კარგი აგიტატორი გამოდგა, არამედ პრაქტიკოსიც სხვებისგან განსხვავებით. გაიხსენეთ რით დაიწყო მან, რა პერსპექტივა ჰქონდა გამხდარიყო ერთობის დამამკვიდრებელი და როგორ დაკარგა ეს შესაძლებლობა. თეორიულად მას კიდევ აქვს დრო და შანსი გამოასწოროს დაშვებული გადახრები, კიდევ შეუძლია ამაღლდეს ეროვნული გმირის დონემდე. ამისათვის მან უნდა მოახერხოს და დაამარცხოს თავის მე-ში, გაპრეზიდენტების შემდგომ დროინდელი სააკაშვილი. შეძლებს? თუ მოინდომებს, თუ მოინანიებს – შეძლებს.
საზოგადოება ვერ დაელოდება ბატონი პრეზიდენტის გამოფხიზლებას, გამოსვლას პროფესიული იდიოტიზმის ტყვეობიდან. ცხოვრება მოითხოვს და ასპარეზს აძლევს ახალ ლიდერს. იკვეთება ორი ძალა, რომელთა ჭიდილი გადაწყვეტს უახლესი განვითარების გეზს. ამ ჭიდილში ცუდად ირჯებიან დაბნეული პოლიტიკანები, თორემ ერთი-ორი თუნდაც სახელიანი მწერლის, მხატვრის, მსახიობის და სხვ. პირადი განაწყენება რა სახსენებელია.
მოსწრებულად და ბრძნულადაა ნათქვამი: არის ჟამი კენჭების გადაყრისა და არის ჟამი მათი შეკრებისა. ჩვენ გავიარეთ ჟამი დაქსასულობისა, ურთიერთ დაპირისპირებისა, პარტიებად დაყოფისა და დაგვიდგა ჟამი ურთიერთგაგებისა, პატიებისა, შეკრებისა, ერთობისა. ვინძლო გონივრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ესაა ქართული ოცნება.
ძმობა
ერთობის გარეშე არ იქნება ძმობა და ძმობის გარეშე ერთობა. ორივეს გარეშე არ იქნება თანასწორობა და თავისუფლება.
ჭკვიანური ნათქვამია: მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო. ჩვენს სინამდვილეში რამდენად შესაძლებელია მშიერის მაძღართან, ღარიბის მდიდართან ძმობა?
დასაწყისში ითქვა, რომ ხეს არ გააჩნია ორი აბსოლუტურად ერთნაირი ფოთოლი. მაშ როგორ შეიძლება დაისვას საკითხი ერთობისა და ძმობის შესახებ? მით უმეტეს, რომ საზოგადოება მკვეთრადაა გაყოფილი მცირერიცხოვან მდიდრებად და პაუპერიზმის, გაუცხოების დონემდე დასულ უმრავლესობად. ამასთან, სახელმწიფოს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ჯარი, ფარული და აშკარა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, მდიდრების გამგებლობაშია. რა, ნებაყოფლობით დათმობენ ისინი ათასგვარი ხრიკებით მოპოვებულს, საზოგადოებრივი ძმობა-ერთობის მიღწევის მიზნით? არასოდეს.
გავიხსენოთ ავადმოსაგონარი კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეტაპი. რამდენიც არ უნდა ლანძღონ კ. მარქსი, კაპიტალიზმის დამკვიდრების ეს ეტაპი უკეთესად არავის დაუხასიათებია. მეცნიერება გვერდით იყოს, უფროს და საშუალო თაობას კარგად ახსოვს რა ხდებოდა ჯერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და შემდეგ მისი მოპოვების პროცესში. რესპუბლიკის რომელი კუთხე, რომელი ოჯახი არ დააყაჩაღეს, გაძარცვეს და გააუბედურეს? აბა ჰკითხეთ აფხაზეთიდან დევნილებს, კონფლიქტის მონაწილე რომელმა მხარემ უფრო მეტად დააზარალა ისინი. რა ჭუბერის გზით წამოსულებს მათივე თანამძმენი არ ძარცვავდნენ? აბა ჰკითხეთ ზუგდიდის და საერთოდ სამეგრელოს მცხოვრებლებს ვინ აყაჩაღებდა მათ. რომელ კუთხეში იყო ნაკლები, აჭარის გარდა? ახლა ვიანგარიშოთ, რამდენი მილიარდის კრედიტები გაიცა და უკან აღარ დაუბრუნდა სახელმწიფოს? როგორ ფიქრობთ, სად გაქრა უნივერსალური ფაბრიკა-ქარხნების, კვლევითი ლაბორატორია-ინსტიტუტების მოწყობილობანი? სად წავიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა? რომელი ერთი გავიხსენოთ. ამ გზით დაგროვდა კაპიტალი მდიდრების მიერ, დღეს რომ თავს იწონებენ და ხალხის გაჭირვება არ აღელვებთ.
1843 წ. ოცდასამი წლის ახალგაზრდამ `გერმანულ-ფრანგულ წელიწადეულში~ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ასაბუთებდა, რომ კაპიტალიზმი საერთო პროგრესთან ერთად ურთიერთობების დეგრადაციასაც იწვევს. საქმე იქამდე მივა, რომ ადამიანი იძულებული გახდება საკუთარი ცოლი გააქირაოს და შეეძლება სხვისი ქალიშვილი იყიდოსო. ახლა არ თქვათ, რომ ფ. ენგელსი ცდებოდა. მიმოიხედეთ რა ხდება.
რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველი უკადრისობდა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა მილიციაში სამსახური, მეეზოვეობა, ვაჭრობა. ქალს სახლის მოვლას ავალებდა, კაცი შემომტანი იყო. ახლა? ოსი როგორ დაასწრებს ქართველს პოლიციაში შესვლას? მეეზოვეობაც კარგი საქმეა და ქურთებს რატომ უნდა დაუთმონ ქართველებმა? ვაჭრობა რომ ებრაელებისა და სომხების კუთვნილი საქმიანობა ეგონათ, ახლა ვინ ავსებს ბაზრებს, ბაზრობებს, მარკეტინგებს და სხვ.? ან იქნებ არ ვუშვებთ ქალებს საზღვარგარეთ და ვართ მათგან მოწოდებული სახსრების იმედით? ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით და არცაა საჭირო.
სახეზეა საზოგადოების ერთი მუჭა ნაწილის განუზომელი გამდიდრება და უმრავლესობის გაღატაკება. თუ თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, გამოსავალს ვერ ვპოვებთ. როცა ამერიკაში იწყება მოძრაობა `დაიკავე უოლ სტრიტი, მანჰეტენი~, როცა ასეთივე მოთხოვნებია ლონდონში და ა.შ., ჩვენ ესაც გვეხება. ჩვენთვის გასაგებია მოთხოვნა, რომ უნდა შემცირდეს სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის იქ. აქ?
აქ უარესი მდგომარეობაა. ფულად-სასაქონლო ურთიერთობისათვის, დაქირავებული მონობის სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენები აქ უფრო ველური ფორმებით გამოვლინდება. გასაგებია, რომ ვართ კაპიტალისტური განვითარების ისეთ დაბალ საფეხურზე, როცა მისი უარყოფითი მოვლენების დაძლევა შეუძლებელია, მაგრამ შერბილება ხომ შეიძლება? განა ხელისუფლების მონდომების შედეგად არ მოისპო ქურდობა-ყაჩაღობა საზოგადოების დაბალ ფენებში? მინიმუმამდე არ დავიდა ქრთამი და კორუფცია დაბალ ფენებში? თუ მოინდომებენ, ხელისუფლების ლოზუნგის თანახმად: გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამასაც შეძლებენ. საჭიროა მხოლოდ არ დაავიწყდეთ მეორე ლოზუნგი: საქმე-სიტყვის ნაცვლად.
საზოგადოებას ჯერაც კარგად ახსოვს ახალგაზრდა სააკაშვილის გამოსვლა შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე და გამდიდრებულ ჩინოვნიკთა მხილება. არც ის დავიწყნია, პირველად საერთო თვითმფრინავით წავიდა პრეზიდენტის როლში. არც ის, პირობა რომ მისცა ხალხს, ჩემი ახლობლები, მეგობრები, ჩინოვნიკები არ ან ვერ შეძლებენ უკანონოდ გამდიდრებას, ვილების შენებას და ა.შ. სინამდვილეში? რამდენია სათქმელი, გასაანალიზებელი, ვინ იცის. საგაზეთო სტატიაში ეს შეუძლებელია. ერთი კია. ბატონ პრეზიდენტს ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი იმიჯის და სხვათა ბედის შემობრუნება. მოინდომებს? ძნელი დასაჯერებელია.
დაჩაგრულ, დამშეულ ხალხს იმედად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა. მავანი იტყვის, აქაურმა ბიზნესმენ-ხელისუფლებმა თუ საქართველოში იშოვეს ფული, მან, მართალია სხვაგან, მაგრამ ხომ უფრო მეტი იშოვა? უარყოფა არ გამოვა. სანაცვლოდ ასეთი იქნება შედავება: როცა ამ პიროვნებას ვუკიჟინებთ, ქონება რუსეთში დააგროვე, აქ რუსულ ფულს ხარჯავ და ამიტომ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ხომ უნდა დავფიქრდეთ: ვინც აქ გაგვძარცვა, აქ გამდიდრდა, პატრიოტია და ვინც საზღვარგარეთ დააგროვა სიმდიდრე _ ის მოღალატე? რა ლოგიკით?
იმავე ლოგიკით, რომლითაც რუსეთს ხმამაღლა აგრესორს, ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელს, ჩვენი ხალხის გამაუბედურებელს, ოკუპანტს ვუწოდებთ და ფარულად მასზე ვყიდით სტრატეგიულ ობიექტებს. ჩამოთვლა რა საჭიროა. საკმარისია ენგურჰესის ბედზე მიეთითოს, რომელიც 2008 წ. აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა.
საზოგადოებას ბევრი შეკითხვა აქვს პრეზიდენტთან, მაგრამ სამხედრო-პოლიციურ-ჩინოვნიკური რეჟიმი მასთან როგორ მიგიშვებს, როგორ გათქმევინებს: შენი ფიცისა გვწამდა, ბოლო კი გვაკვირვებსო.
პრეზიდენტის საპირწონე ლიდერის ეკონომიკური პროგრამა ჯერ არ გამჟღავნებულა. ამიტომ ძნელია თქმა, რას მოიმოქმედებს იგი ქვეყანაში ერთიანობისა და ძმობის დამკვიდრების ხაზით. ვინძლო, ისეთივე შეცდომა არ დაუშვას, რაც პარტიებისა და ჟურნალისტების `დახარისხებისას~ მოუვიდა. ბრძნული ნათქვამია: მეგობარზე მეტად მტერი უნდა გყავდეს ახლოსო.
საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი რომ შეაფასო, მით უფრო გააკრიტიკო, რაიმე დაუწუნო, რჩევა მისცე, მასზე მეტი თუ არა მისი დონისა მაინც უნდა იყო. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე, პრესკონფერენციით და საგაზეთო შეფასებებით გაცნობილ პიროვნებაზე, ყოველი აზრი სუბიექტური იქნება. ამიტომ ვიტყვით შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით: 1. ის, რაც ბატონ ბიძინას უკეთებია საქართველოში და რასაც ხელისუფლებაც ვერ მალავს; 2. ის, რომ მას პრეზიდენტის დიდი ხელფასი და პრივილეგიები ვერ დაახარბებს და ამიტომ არ ეცდება ხელისუფლებაში მოსვლას; 3.ის, რომ იგი ძალზე წარმატებული პოლიტიკოს-ეკონომისტია და იცის როგორ მართოს ქვეყნის მეურნეობა, იმედს გვაძლევს, რომ შეძლებს ქვეყნის მძიმე, კასტრაციული მდგომარეობიდან გამოყვანას. შესაბამისად, შეძლებს სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის ზღვარის დამოკლებას.
ბატონმა ბიძინამ მიაღწია და იწვნია სიმდიდრის დადებითი და უარყოფითი შედეგები. სხვანაირად მას არც მილიარდები ექნებოდა და არც კარჩაკეტვა და მრავალრიცხოვანი დაცვა დასჭირდებოდა. მან სხვაზე უკეთ უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტი სიმდიდრე ის დროა, რომელსაც უფალი (ბუნება) უწილადებს ადამიანს. ჩვენ, უმუშევრები, უმიზნოდ დროს მფლანგველები, ფულს დახარბებულები და ა.შ., ვერ ვსაზღვრავთ, რაშია ადამიანური სიმდიდრე. უფრო მეტი, ამ დებულების წაკითხავი ჩაიქირქილებს და იტყვის: ნეტა შენ ჭკვა მოგცა და მე ფულიო. რჩევაა: როცა ქირქილს მორჩება, მაშინ მაინც დაფიქრდეს, რა უფრო ძვირფასია საბოლოო ანგარიშით, რამდენ მილიარდებს დათმობდნენ მდიდრები, რომ შეიძლებოდეს წლებისა და ჯანმრთელობის ყიდვა.
დრო რომ სიმდიდრის საზომია ცხადია, მაგრამ რომელი დრო? თავისუფალი. სინამდვლეში ადამიანის ცხოვრება სამუშაო დრო-თაა გადაქცეული. თავისუფალი დრო უმუშევარსაც არა აქვს, არა თუ მომუშავეს. (რატომ? პატარა სტატიაში ამის ახსნა ძნელია).
ადამიანი ისევე ბერდება და ცვდება, როგორც ნებისმიერი სხვა მექანიზმი. ამიტომაა შემოღებული საპენსიო ასაკი. მაგრამ, როდესაც ამ ასაკს 5 და 10 წელს უმატებენ, ნიშნავს მის ცვეთას აჩქარებენ და შედეგიც არ დააგვიანებს. ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება უეჭველად დასწევს ამ ზღვარს პირვანდელ დონემდე და უფრო მეტადაც, შესაძლებლობის ფარგლებში.
ადამიანთა კეთიდლღეობის, თავისუფალი დროს ზრდის ხაზით პრინციპული მნიშვნელობა აქვს სამუშაო დროს შემცირებას. ჩვენთან, ნაცვლად იმისა, რომ 7 საათიანი სამუშაო დღე 6 საათამდე ჩამოეყვანათ, 8 საათამდე გაზარდეს და ამასაც არავინ დასდევს. არა და რომ შემოეღოთ 6 საათიანი სამუშაო დღე, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა? (რა თქმა უნდა ხელფასების შენარჩუნებით).
ახლა წარმოვიდგინოთ, საპენსიო ასაკისა და სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება, მისცემს თუ არა შეღავათს ადამიანებს, იქნებოდა თუ არა ძმობისაკენ გადადგმული ნაბიჯი? არავინ იფიქროს, რომ ეს შეუძლებელი სურვილია.
კიდევ ერთი მნიშვენლოვანი ნაბიჯი იქნებოდა იმ ჭეშმარიტების აღიარება, რომ ადამიანი საზოგადოების წევრია, მისი კუთვნილებაა და არა მშობლების საკუთრება. შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იზრუნოს მისი წევრების აღზრდა, განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური უზრუნველყოფა, დასაქმების საკითხებზე. სამშობლომ უნდა აღზარდოს მისი შვილი, რომ შემდეგ უფლება ჰქონდეს მოსთხოვოს თავდადება. რა ტყუილია?
კიდევ ერთხელ დავესესხები ფ.ენგელსს. მისი თქმით საწყალ, უმუშევარ, მშიერ ადამიანს სამშობლო არა აქვს. ერთმა ენამოსწრებულმა ქართველმა გააკრიტიკა: ჩიტსაც კი აქვს ბუდე და ადამიანს სამშობლო როგორ არა აქვსო. მკითხველი დაფიქრდეს: განა სამშობლოა ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის ნახევარს იძულებულს ხდის სასიცოცხლო მინიმუმი მონური შრომით, ქურდობით და ბოზობით მოიპოვოს უცხოეთში? რა გავაგრძელოთ?
სამწუხაროდ, ყველა ღონისძიება, რომელიც საზოგადოების ერთობასა და ძმობას აღადგენდა და განაპირობებდა, აქ ვერ ჩამოითვლება. ნათქვამიც საკმარისია დასაფიქრებლად და არა გასაცინებლად. რაც შეეხება ერთობასა და ძმობას, მათი ხორცშესხმა არის გზა თანასწორობისაკენ. სამივე ერთად კი შედეგად თავისუფლებას იძლევა.
თანასწორობა
გარეგნულად, შინაგანად, აზროვნებით, მისწრაფებებით და ა.შ. ორ ერთნაირ, თანასწორ ადამიანს ვერ ნახავთ. მაშ, ერთობამ და ძმობამ, რა თანასწორობამდე შეიძლება მიგვიყვანოს? საერთოდაც თანასწორობა შესაძლებელია?
საზოგადოების წევრთა თანასწორობა არ ნიშნავს სრულ გათანაბრებას, რაც შეუძლებელიცაა და საზიანოც. ადამიანებს ერთი ყალიბით ვერ ჩამოასხამ. არცაა საჭირო. საზოგადოების წევრთა სხვადასხვაობა ჰქმნის მრავალფეროვნებას.
მხედველობაშია თანასწორობა არა ბუნების წინაშე, არამედ ადამიანური, საზოგადოებრივი უფლება-მოვალეობის წინაშე. ყოველი ადამიანი თანაბრად არის საზოგადოების წევრი, აქვს თანასწორი უფლებები და მოვალეობები. როგორც წესი, სახელმწიფოს ძირითადი კანონი განსაზღვრავს ინდივიდისა და საზოგადოების ამ დამოკიდებულებას. კონსტიტუცია არეგულირებს თანასწორობის პრინციპებს. ყველაზე დაფარულად და ყველაზე აშკარად თანასწორობა სახელმწიფო მართვის მექანიზმის აგების პრინციპში გამოვლინდება.
რა პრინციპზეა აგებული ჩვენი სახელმწიფო ორგანიზაცია?
ბიუროკრატიზმის. ვნახოთ, რატომ?
სახელმწიფო ორგანიზმი ორი ნაწილისაგან შედგება: საკანონმდებლო და აღმასრულებელი. მიზანმიმართულად ამას `უმატებენ~ მესამე – სასამართლო, მეოთხე – ინფორმაციულ (პრესა-ტელევიზია-ინტერნეტი), მეხუთე – არასამთავრობო ორგანიზაციების, მეექვსე – ე.წ. სახალხო დამცველის ხელისუფლებას.
კონსტიტუციით ქვეყანაში რეალური ძალაუფლება უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად: საკანონმდებლო და აღმასრულებელი.
სინამდვილეში საკანონმდებლო ხელისუფლება რეალურ ზეგავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვერ ახდენს. პარლამეტს, ადგილობრივ საკრებულოებს არა აქვთ შესაბამისი ძალაუფლება. ამიტომ გამოდის: მოსახლეობა ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი ვერ განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხასიათს და ფაქტობრივად სალაყბოდაა გადაქცეული. ამავე დროს, დეპუტატობა იძლევა მაღალ ხელფასებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრივილეგიებს ხალხის მასასთან შედარებით და ამდენად მიმზიდველია და საკონკურენციო.
მოსახლეობა `ირჩევს~ რა პარლამენტის, საკრებულოების დეპუტატებს, მოწყვეტილია საშუალებას, აკონტროლოს ამორჩეული პირები. დეპუტატები თავის მხრივ, დამოუკიდებელნი ამომრჩევლებისაგან და დამოკიდებულნი სხვა ძალებზე, ასრულებენ უკანასკნელთა მითითებებს და არა ხალხის ნება-სურვილს. საზოგადოება პრაქტიკულად არჩევნების კომედიას თამაშობს ოთხ წელში ერთხელ და `ირჩევს~ იმას, ვინც მისი სახელით მას ძარცვავს ამ ხნის მანძილზე.
ქვეყანაში რეალური ძალაუფლება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებაა. ამ ხაზით კი არჩევნების კომედიაც არა თამაშდება. აქ ხდება თანამდებობებზე დანიშვნა ზევიდან ქვევით. კარგია თუ მცოდნე, პატიოსან, პრინციპულ კადრს შეარჩევენ და დანიშნავენ. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში როგორაა? ძმაკაცობით, მეგობრობით, ნათესაობით, ერთგულებით ხდება ხელმძღვანელი კადრების შერჩევა. რა გვარები დავასახელოთ?
თანამდებობა რატომაა ასეთი მიმზიდველი და ქიშპის საგანი? იმიტომ, რომ თავგადებულებს სურთ ხალხისთვის სამსახური? თუ იმიტომ, რომ თანამდებობა იძლევა კარგი ცხოვრების პირდაპირ და შენიღბულ შესაძლებლობებს და თან თანამდებობის ზრდის კვალობაზე? დასკვნა წამკითხველმა გააკეთოს.
ის, რაც ხდება ხელისუფლებაში, მეურნეობის სახელმწიფო სექტორში, დამახინჯებული ფორმებით მეორდება კერძო სექტორში.
საბოლოოდ რა გამოდის, რა იმალება ყალბი დემოკრატიულობის, თანასწორობის საფარქვეშ?
უპირველესად, დარღვეულია კაპიტალისტური პრინციპი: თვითეულისაგან უნარის მიხედვით, თვითეულს შრომის მიხედვით. განაწილებაა არა შრომის, არამედ თანამდებობის მიხედვით. რაც შეეხება მეურნეობის კერძო სექტორს, იქ მშომელებისათვის განაწილებაა შრომის მიხედვით, მესაკუთრეებისათვის კაპიტალის მიხედვით.
როცა ადამიანის ბედი დამოკიდებულია ზემდგომი თანამდებობის პირის ნებაზე, ცხადია იგი მხოლოდ მის გადაწყვეტილებებს ემორჩილება.
ქვეყანაში, სადაც მასობრივი უმუშევრობაა, სადაც სამუშაოს მშოვნელი ვერ შეხედავ შრომის პირობებს და ხანგრძლივობას, სადაც მისი ბედი ზემდგომ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, რეალურად დაქირავებული მონობის სისტემაა და თანასწორობაზე საუბარიც ზედმეტია.
სახელმწიფო ორგანიზაციის დემოკრატიული პრინციპი რადიკალურად განსხვავდება ბიუროკრატიულისაგან.
თავად დემოკრატია ხალხის თვითმმართველობას ნიშნავს და არა ხალხის მართვას. თუ ხალხია ძალაუფლების მატარებელი, თუ ის ქმნის თვითმმართველობის ორგანოებს, მაშინ ნათელია, რომ ქმნის მისი ნების აღმასრულებელ, მომსახურე, იაფ ორგანოებს და არა მასზე გაბატონებულს, ისეთს, რომლის შენახვა მას წელში გაწყვეტდა.
მაინც რა ნიშნებით ხასიათდება დემოკრატიული პრინციპი?
1. დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა თანამდებობა არჩევითია;
2. ყოველი ამორჩეული თანამდებობის პირი პასუხისმგებელია ამომრჩეველთა წინაშე იმ ზომით, რომ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ მათგანს პასუხი მოსთხოვოს რიგითი სასამართლოს მეშვეობით და მან ეს პასუხისმგებლობა ვერ აიცილოს;
3. სანამ თანამდებობის პირი სარგებლობს ნდობით, ხელქვეითნი ემორჩილებიან მის გადაწყვეტილებებს;
4. ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობის პირებისა და მინიმალური ხელფასის თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 5:1 ან 3:1;
5. პარლამეტის, საკრებულოების დეპუტატთა ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს საშუალო ხელფასს;
6. უნდა მოისპოს ყოველგვარი პრივილეგიები თანამდებობების პირებისათვის;
სულ ესაა. ძნელია გასაგებად? შესასრულებლადაა ძნელი.
აღნიშნული ნიშნები კერძო სექტორში სხვანაირად ხორციელდება.
მთავარია, რომ დემოკრატიული პრინციპი სპობს საზოგადოების გათიშულობას, კარიერიზმს, უზრუნველყოფს ერთიანობის, ძმობის, თანასწორობის დამყარებას. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა თავისუფალ მოქალაქეთა საზოგადოება. მაგრამ, ეს ხომ ოცნებაა, ქართული ოცნება.
ეჭვგარეშეა, რომ იგი მიუღებელია ახლანდელი ხელისუფლებისათვის, მაგრამ სხვებისათვის? ბატონ ბიძინასთვის?
ამის გაგებაც ოცნებაა... დიდი. და მაინც ერთობა, ძმობა, თანასწორობაა საოცნებო იმედი.
Comments