top of page

მესამედ მოსვლა

  • ალექსანდრე ახატნელი
  • Apr 11, 2024
  • 9 min read

ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ობიექტური განხილვა გადაუდებელი ამოცანაა.

ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე პატარა იუმორისტული ნაშრომი.


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

თბილისი, აპრილი 2024.


ჟამთა მროველი:

-არ მიფიქრია, ჟამი დადგება, მეორედ წასულს, მესამედ ნახავ,

რაც ადრე მასზე დამიწერია გადავიკითხავ და შევინახავ.

ასე მეგონა საქმე ააწყე, თურმე დატოვე დინება მდორე,

ბიძინა, მიხვდი? ჭაობში მოხვდი და ძველი ფანდი გაიმეორე?


ვინც ხელს გიშლიდა ხომ მოიშორე, არც გიფიქრია მათი დანდობა,

არცა გჩვევია რასაც მოიგდებ, სხვისთვის გაყოფა, ცოდვის შენდობა.

რამდენიც ვიცი, გარდასულ დროში, თემურ ლენგს ჰქონდა შენებრი ჩვევა,

მეტოქე მოსპე? გადააბიჯე, წინ მავალს მსხვერპლი ვერ დაგეწევა.


წარმატებული დადიხარ ამ მხრივ, არც კი იხსენებ, ვინ სად დატოვე,

თანამგზავრები ჩამოიცილე, გიყვარს წინ ცქერა და სიმარტოვე,

პირველ მოსვლის დროს, ფული კი გქონდა, ერთგულთა მაინც იყო სიმწირე,

მიტომ შეკრიბე კოალიცია, გაათამამე და ფული სწირე.


საერთო ძალით დაამხეთ მიშა, საერთო ძალით გახდი პირველი,

ერის შვილს ჰგავდი ქველმოქმედებით, იხიბლებოდა მსმენელ-მხილველი,

და არ ფიქრობდნენ რუსეთში მაშინ "ბოსი" იყავი და "მახრჩობელა",

რა რასა ნიშნავს ვინ რა იცოდა, ცოდვა მოგდევდა კუდში რამხელა,

შენ დაასწარი მოვლენების სვლას, პარტნიორები თუ მიხვდებოდნენ,

როგორი გზებით შეჰქმენ ცხოვრება,  კარზე ჟიჟინით მოგადგებოდნენ,

გადადექი და სხვაც გაიყოლე გამოიჩინე დემოკრატობა,

სინამდვილეში მიშას უყელე, მოსპე სახელი და ნახატობა,

სააკაშვილი, რეკეტიორი, `პრეზიდენტობდა, კლავდა, ძარცვავდა,

არეულ ქცევის, ლოთი და ბოზი, ვითომ მომავლის შუქურას ჰგავდა?

მისი დაცემა, სხვაგან გაქცევა, შენი სახელის დიდება გახდა,

და რა იცოდნენ `ბოსს-მახრჩობელას"~ რა შეგიძლია მუხთლობის გარდა?

პირველ მოსვლის დროს რაც ხალხს შეპირდი, გვერდით დაგიდგნენ, რა შეუსრულე?

კოალიციაც სწრაფად დაშალე, ვიდრე გაგიგეს და შეგიძულეს.

ვინც გარს გეხვია ჩამოიშორე, სანაცვლოდ გუნდი თაღლითებისა

შეჰკარი ფულით, ძველი ხელობით, სხვაფრივ კეთება შეგეძლო რისა?

რეკეტიტორული სისტემის ნაცვლად, ქვეყნად ქურდული ახლად შეჰქმენი.


დღემდე ასეა, შენგან ფასდება, ვის მოუპარავს, სად და რამდენი,

ამ მხრივ ხომ იცი სახელმწიფოში, მეფეს ვერავინ გაგიტოლდება.

თუ გაგიბედავს ვინმე ცილობას, მისი `ბიზნესიც~ უცებ ჩაკვდება.

მაგრამ არსებობს მეხსიერება, სხვის გონებიდან ყველას ვერ წაშლი

რამდენს ეცდები გადაკეთებას, იმდენს შეცდები და ეჭვებს აშლი.

 

ბიძინა:

 -ისმინე, ბევრში არ გეთანხმები, ჩემ შეფასებას დაურთე ძვირი,

სულ არაფერი მეკეთებინა, მაინც მეფე ვარ და ერის გმირი.

სულთამხუთავი სააკაშვილი, როგორ ერთობით ჩამოვიშორეთ,

რეკეტი მოვსპე რეკეტიორმა, ვერ დამიფასეს, ვგონივარ მდორე.

მიშა განვდევნე, ნაციონალებს, იმათ ბელადებს ვარქვი მიშისტი,

უსისხლო იყო რევოლუცია, მიტომ შემარქვეს გულქვა და ხისტი.

 

ჟამთა მროველი:

 _ არავინ დაობს, ბევრი შესძელი, სააკავშილის მოსპე სისტემა,

ნაცვლად ქურდული შენი დანერგე, არ დაგიწყია ცრემლების დენა.

რად გაგახსენო, სად რა იწვოდა, შენი ხალხისგან გადამწვარია,

იმათ მაგიერ შენ შენი ჩადგი, ისე დიადი, თვალს უხარია.

ხალხისთვის ამით რა შეიცვალა, როგორც უჭირდა, ისევე უჭირს,

რეკეტიორი ქურდმა შეცვალა, ჭირს გაერიდნენ, შეეყარნენ ჭირს.

 

ბიძინა:

_ ასე რად ამბობ, მიმოიხედე, ჩემით ახალი როგორ შენდება

სხვას თუ სიკეთეს ვერ დაუნახავ, როგორღა გინდა გქონდეს შენდობა?

 

ჟამთა მროველი:

_ არ გსურს გაიგო ის რაც აქ ითქვა, მძარცველის შეცვლით რა შეიცვალა?

თიბისი ბანკის ვალი ვალია, აღარ ჩავთვალო `ქართუსა~ ვალად?

თითებზე თვალე ათი ათია, ათჯერ ათი კი გამოდის ასი,

თუ შენი დათვლით მუდამ ასია, ჩემთვის როგორღა ვარქვა ათასი?


შენი მტკიცებით ისე გამოდის, სააკაშვილი იყო მძარცველი,

შენ გადანათლე მისი კადრები, კაცი დატოვე, არქვი სახელი.

ამით ბუნება ხომ არ იცვალა, არც ქცევის წესის ცვლა არ დგინდება,

დიდებულ შოთას ასე უთქვია, რაც დგას კოკაში, ის დადინდება.

 

ბიძინა:

_ დამიწყო ამან აფორიზმები, სურს გამილანძღოს ერთგული ყმები:

რეკეტი სხვაა, ქურდობა კი სხვა, როგორ შევაწყოთ იმათი ხმები?


ვთქვათ, უწინ იყო კანონი ასე:. რაც მოგიპარავს, ქონებით ზღავდი,

მე მათ ქონებას არ ვეხებოდი, ამიტომ ქურდის ქურდებსა ვგავდი?

ჩემი წესია: თუ მიითვისე, ვერ დაგიჭირეს? შესძელ? შეირგე

ქონება სხვაა და ქურდი სხვაა, ქურდს ოჯახი ჰყავს, მათიც გაიგე.


მიმთვისებელი თუ დაიჭირე, მისი ოჯახი სხვამ ვინ არჩინოს?

შვილი უზარდოს, გზა გაუკვალოს, ხალხში ღირსებით გამოაჩინოს?

ამიტომ არი, ძველი კანონი კოალიციას წავაშლევინე,

ყველას თავისი წილი მივეცი, სიკეთის წყალი დავალევინე.


სხვაგვარად სხვა რა გამოვიდოდა ვის რა ეკუთვნის, არ ვაწყენინე,

სხვები დავმოძღვრე, მაგრამ იმგვარად, ძველებზე ძვირი არ ვათქმევინე.

 

ჟამთა მროველი:

 _ ისე გამოდის ქრთამი, ქურდობა, ჩვეულ მოვლენად მიგიჩნევია,

ალბათ ამიტომ სწყალობ თაღლითებს და ხაზინასთან მიგიჩვევია.

ასე ირყვნება დიდი-პატარა, ასე იზრდება მათი რიგები,

ქვეყნის დოვლათი ამიტომ გახდა ნადავლი მათთვის დასარიგები.


დღეს სადღა ნახავ რომ პატიოსანს ეკავოს რამე თანამდებობა,

მინისტრია თუ დეპუტატია, სამსხვერპლოს ეძებს როგორც ობობა.

ქვეყანას ჰფარავს იმათი ქსელი, პატიოსანის მოსპეს სახელი,

შენ ხომ მეფე ხარ,  განაგებ ყველას, თუ ხარ ასეთის სადმე მნახველი?


მესამედ რატომ მობრუნებულხარ, ობობას ქსელი რომ შეაკეთო?

თაღლითს დაიჭერ, თაღლითით შეცვლი, საქმე იქნება რამ სასიკეთო?

გამოცდილებით არი ცნობილი, თევზი ყოველთვის თავში  ფუჭდება,

სიკეთე თუ გსურს, შენით დაიწყე და ნახავ საქმეს რა მოუხდება.

 

ბიძინა:

-ირაკლი წავა, ირაკლი მოვა, ჯამის ცვლილება როგორ გამოვა?

უნდა ისეთი რამ მოვიფიქრო, ხალხმა ისწავლოს ბალახის ძოვა.

სხვაფრივ რამდენიც არ შევაბოლე, საქვეყნოდ დავდე ვითომ პირობა,

მაინც მიმიხვდნენ, ამიყაყანდნენ, გამოიჩინეს ქცევით ვირობა.


რა არ მაკადრეს, ლანძღავენ კადრებს, ბოლოს პირადად მომადგებიან,

უნდათ ცვლილება? ირაკლის შევცვლი, დროებით მაინც დაზავდებიან.

ფუჭად სამსჯელო არ დაელევათ, ერთი წავიდა, დარჩა მეორე,

დაე იდაონ, რას მიხვდებიან ძველი ილეთი გავიმეორე.


იმერელი რომ ქიზიყელს შეცვლის ხომ არ იქნება ჯამის ცვლილება?

შესაკრელები ისე გავთიშო, ვერ მოახერხონ დაძმობილება.

ორივე ჩემი გამოზრდილია, მათ სიმდიდრეში ჩემი წვლილია,

მათი მამები მონებად მყავდნენ, მათი ხელფასიც გადახდილია.

კობახიძეა ამ მხრივ რჩეული, და მამაც ჰყავდა გამორჩეული.

მერაბ კოსტავას ექიშპებოდა, ლანძღვით ზვიადი ჰყავდა ძლეული,

მე მაშინ ჯერაც რუსეთში ვიყავ, აქ მოჯანყეებს ვეფარებოდი.


გიასნაირებს სიტყვით ვლოცავდი, ხელისუფლებას ვეპარებოდი,

ხომ არ ვეტყოდი ვისთან აქვთ საქმე, ვისთან შეკრული მათ ვეკვრებოდი.

ზურგს ვიმაგრებდი, წინ გზას ვიკვლევდი, გვქონდა მიმოსვლა, მიდი და მოდი.

ბევრი გავიგე მათი ზრახვები, გიაც ყოჩობდა, დეპუტატობდა,

ასეთ ყვინჩილებს მიჯრით ვიძენდი, იაფად ისეთს ძვირიც ვერ სჯობდა.


და რა ვიცოდი გავლიან წლები, უფროსებს შეცვლის შვილთა თაობა,

როდესაც გიამ შვილი გამაცნო, დაასაბუთა მისი რაობა.

მომეწონა და ვენდე სიტყვაზე, მოვთხოვე ევლო მამის სავალზე,

გამიმართლა და ვარ კმაყოფილი, მორჩილად დადის გაკვალულ გზაზე.

 

ირაკლი კობახიძე:

-ჩემო ბატონო, დიდო მეუფევ, შენი შეწევნით უკვე ვარ მწიფე,

რათ ვიკისრო პრემიერობა, მოვსპო ორგული მოენე, მყიფე.

თავადაც ნახე, რა შემართებით პრეზიდენტს თავზე გადავუარე,

როცა გაჭირდა, მოვმართე ენა, ქალურად ლანძღვაც არ ვიუარე.

 

ბიძინა:

-ჩემო ირაკლი, გენდე ბოლომდე, კონსტიტუციაც შეგაცვლევინე,

მოსამართლეებს თავს გაუვიდათ, მიტომ მიგიშვი, არ გაწყენინე.

ის მომეწონა, პირველ კურსელი, უცოდინარო მაგრად უთხარი,

დამფრთხალ კურდღლებად გამოიყვანე, ვერ გიპასუხეს, დაეცათ ზარი.

 

ირაკლი კობახიძე:

-მაგათ ჰგონიათ თუ აქვთ დიპლომი, უკვე არიან იურისტები,

მათ შევადარე თვითნასწავლები, გამობრძმედილი აფერისტები.

და მივხვდი მთავარს, საქმისთვის ის სჯობს, შენ სამსახურში ვინც არ იღლება,

ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც, შენი სურვილის იცის მიგნება.

 

ბიძინა:

-რაკი აუღე ალღო ამ პროცესს, უპრიანია შენვე მართავდე

სად საჭიროა მითხრა მადლობა, სად საჭიროა ხელმძღვანელს ჰგავდე

მთავარი არი არ დაგემართოს დიდგულობა და თავბრუს დახვევა

ნახე ქიზიყელს რაც მოუვიდა, ვერ შეძლო დროით უკან დახევა.

 

ირაკლი კობახიძე:

-ვითვალისწინებ შენს ყოველ სურვილს, მე სხვა მიზანი არცა მქონია,

როგორ გავბედავ გკადრო უარი, რაც მაქვს ხომ შენით მონაქონია.

და მომავალშიც შენგან მოველი მონაპოვარის გადიდებასა,

ჩემი ოჯახი შენით სულდგმულობს, ცდილობს სიკეთის მოკიდებასა.


მამა მუდმივად შენთვის ლოცულობს, ოჯახს სხვა ღმერთი არცა სჭირდება,

კარგად იციან გარშემო მყოფმა, შემრისხავ, მუდმივ გამიჭირდება.

ამიტომ არი დაუღალავად ვცდილობ განწყობა შენი გავიგო,

მინიშნებაც კი ბრძანებად მიჩანს, ბრძანება უნდა წინ გზად დავიგო.

 

ბიძინა:

-ხო და შევთანხმდით, ვიწვევ ყრილობას და პრემიერად დაგასახელებ,

შემდეგ შევხედავ როგორ იქცევი, სიმდიდრეს მოგცემ თუ მასახელებ.

 

ირაკლი კობახიძე:

-არ შემეშლება, მამასთან ერთად ქცევის პროგრამა შედგენილი მაქვს,

გრაფიკი ზუსტი, როდის რას ვიტყვი, ზეპირად ვიცი, დავალ, თან დამაქვს.

 

ბიძინა:

-კარგი,  წადი და ქიზიყელს უთხარ, მოვიდეს, მე არ დაველოდები,

 ერთი წამითაც რომ დააყოვნოს, გზას ჩაუხერგავს მძიმე ლოდები.

 

(ირაკლი კობახიძე გადის, ირაკლი ღარიბაშვილი შემოდის)

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

-დამიბარე და აქ ვარ ბატონო, შენ სამსახურად მუდამ მზადა ვარ,

რა დავაშავე, ოღონდ მანიშნე, მონათა შორის აღარა ვჩანვარ?

 

ბიძინა:

-შემოდი, მანდვე დადექ კუთხეში, თვალში მიყურე და მიპასუხე,

მეგონა გახდი მომწიფებული, გამომეპარა,  ყოფილხარ მკუხე.

როგორ გაბედე იმის კეთება, რისი ნებართვაც არ მომიცია,

ასეა, როცა კიკინს დაიწყებს,  ციკანი ფიქრობს უკვე ვაცია.


როცა გიპოვე, ციკნად გაქციე, გაძოვე, გზარდე, არ გაგაციე,

რას ვიფიქრებდი სულს მიბერავდი, გეგონებოდა რომ წამაქციე.

ახლა გიყურებ რქები გაგზრდია, თხა ხარ და თავი გგონია ვაცი,

შორ-შორს შეტოპე, შიშს ვეღარა გრძნობ, კურდღლებში გინდა გერქვას ვაჟკაცი?


ირაკლი ღარიბაშვილი:

-თავს ვიმართლებდი, მაგრამ ვერ გკადრებ, არც მინდა ვჩანდე განზე მყოფელი,

რა დამავიწყებს, შვილივით მზარდე, შენით გავიგე წუთისოფელი.

რაც მიშოვია, შენით ვიშოვე, მუდამ მფარავდა შენი წყალობა,

შენით ფასობდა ახლობლობაში, კაცის კაცობა, ქალის ქალობა.


დღეს შენი რისხვაც გადავა მათზე, ჩვენ ყველა ერთად შერისხულები,

უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, ჯავრით ვიხეთქოთ ყველამ გულები.

განა რა ვცოდეთ, იქნებ გვიბრძანო, შევცდით? ვეცდებით გამოსწორებას,

ქიზიყელები ვართ მომართული, არც გავიფიქრებთ ღმერთთან სწორებას.

 

ბიძინა:

-უჭკუო არ ხარ, თავად მიხვდები, ტარიელოვიჩს როცა გეტყვიან,

უნდა გესმოდეს ვინ, როგორ ამბობს, წინა გრძნობა ხომ ამასა ჰქვიან.

შენ დაუკვირდი, არ ამატებენ, კაკაჩამ გწურთნა, კაკაჩამ გზარდა

იმის ხასიათს რომ იმეორებ, არავინა გწამს კაკაჩას გარდა?


ტარიელს ვიცნობ, კახელი გლეხი, მარჯვე, ჯიუტი, ცემენტ-უკირო,

ასეთნი პატივს იმსახურებენ, შენ როგორ გინდა ეჭვით უცქირო.

მე მას ვაფასებ, მამაჩემი ხომ, ნათესავებში შრომით ფასობდა,

უჭირ-ულხინდა, იყო მართალი, სიმართლე ქლესებს ეკალს ასობდა.


ტარიელი კი ქლესებში მოხვდა და სიჯიუტე გამოავლინა,

შენმა სიმამრმა, ქლესებშიც ქლესამ, მისგან ცოტა შორს დაიდო ბინა.

მე ვატყობ ახლა შენ შეაჯვარე, პირდაპირობა, მასთან ქლესობა,

ვისაც შენ სწყალობ გექლესავება, ვისაც არა და ეკლად ესობა.

სხვამ რატომ გითხრას და გაგახსენოს, სამსახურიდან  გამოგდებული,

შენი სიმამრი მე ავამაღლე, ასე გენერლობს სახელდებული.


ყველას არ მოვთვლი, რაც გაგახსენე, დასაფიქრებლად საკმარისია,

რა მიგიღია, რა დაგიხარჯავს, ვინ რა მიიღო, ვინ რის ღირსია.

უნდა შეიგნო, გონზე მოხვიდე, თუ შეძლებ საქმე გამოასწორო,

ვინძლო ფუჭად არ ხარჯო სიცოცხლე, სული გაჰყიდო და აიმძორო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

-ვხვდებოდი რაღაც ისე არ ხდება, როგორც მე მინდოდა, მენატრებოდა,

მაგრამ თუ ასე გეწყინებოდა, არც მეგონა, არც მეფიქრებოდა.

მუდამ ვცდილობდი რომ მომებაძა, თუმცა შენოდენს ხომ ვერ შევძლებდი,

კარგად ვიცოდი, ისიც ვიცოდი, დაუკრეფავში არ შემიშვებდი.


ეტყობა რაღაც ვერ გამოვთვალე, ვერ გავარჩიე, ეს დღეს, ეს ხვალე,

თუმცა სულ ვგრძნობდი თან დამყვებოდა, ჩასაფრებული და მოთვალთვალე.

 

ბიძინა:

-კიდევ კარგია ამდენს თუ გრძნობდი, იქ გამოწმებდი, სად გენდობოდი,

დროით ვითმენდი, დაე ილხინოს, ვფიქრობდი, თანაც გემდურებოდი.

შე დალოცვილო, ბევრი არ იცი, მაგრამ სხვებისგან ხომ გაგიგია,

ურემი რომ არ გადაგიბრუნდეს, გზა გაიკითხე, სად რა რიგია.


შენ ვერ გათვალე, გალაღებულმა, სხვის თვითმფრინავი ურმად აქციე,

გისაყვედურეს, ვითომ ვერ მიხვდი, ვინც შეგეჩეხა, ის წააქციე.

კახურ ხასიათს და სიჯიუტეს, ქიზიყის კუთხის წესით მართავდი,

მხოლოდ საკუთარ გარემოს სცნობდი, სხვებს რომ პარსავდი, მათთვის ართავდი.


პრემიერ-მინისტრს თავს უწოდებდი, ქიზიყში კიდეც პრემიერობდი,

ქვეყნის საფიქრალს არა ფიქრობდი, სხვას რომ უნგრევდი, შენთვის ღობავდი.

ტყეც  კი შეღობე ბაკურიანში, ვერ გაარჩიე სიკეთე ავში,

ცოლის ამყოლი თითქოს არ იყავ, ვისი რჩევები დაგიჯდა ჭკვაში?


ვის არ ჰყოლია ძმა-მეგობარი, შენ შენებისთვის იყავ მაგარი,

სხვისას არ სცნობდი, არად აგდებდი, სხვისა მიგაჩნდა რაღაც სხვაგვარი.

ვფიქრობ დრო არი, წვრილად განსაჯო, ცოდვის შენდობა უფალს ეაჯო,

რაც გიჭამია რომ მოინელო, მოინანიო, თავი დასაჯო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

-ჩემო მეუფევ, დიდო ბატონო, შენი წყალობა მე რით ავწონო,

ჯიუტი კი ვარ, კი ვარ კერკეტი, არა ისეთი, ვერ გავიგონო,

ვერ შევაფასო შენი წყალობა, გზას გადვუხვიო, სხვისა გეგონო,

რაც მიმანიშნე, არი მართალი, და სანამ შენსკენ მიჭირავს თვალი,

მუდამ ვეცდები გამოსწორებას, არ დაგჭირდება შორით თვალთვალი.

 

ბიძინა:

_ არავინაა შეუმცდარი, მაგრამ ჭკვიანი როცა შეცდება, 

მიახვედრებენ თუ თავად იგრძნობს, გამოსწორებას უმალ ეცდება.

როცა მიგიღე და გიპატრონე, ვფიქრობდი ჩემგან უნდა გესწავლა,

ოჯახის მოვლა, უცხოსთან ქცევა, მტყუან-მართალის ნავალზე გავლა.


და არ ვუარყოფ, ბევრი გაიგე, მაგრამ მთავარი ვერ გაგიგია,

შენთვის რომ ითლი, სხვისას არ ითვლი, ეს რა წესია და რა რიგია?

რაც მიშოვია, ამ გზით ვიშოვე, რამდენი? ქვეყნად არავინ იცის,

მე თუ არ ვეტყვი, სხვა რას მიხვდება, რჩება იმედად ჩემი ნაფიცის.


რამდენჯერ გითხარ, დაკვალიანდი, სხვებს ნუ ენდობი, გავნებს ხმაური,

შენ ვერ მოზომე, ერთს იშოვიდი და ათზე გქონდა აურ-ზაური.


ასე წაგიხდა საქვეყნო საქმე, ხალხში გახშირდა შენი გინება,

ახლა რომ გიკვირს, უნდა გცოდნდოდა, შენით ვის რისი სურდა მიგნება.

მოგიწევს დროთი უკან დახევა, არ გაგაფუჭებ, თუმცა, ღირსი ხარ

დაგტოვებ მონურ ერთულებისთვის, თითქმის გაფასებ, კი არ მიყვარხარ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

-ჩემო ბატონო როგორც ინებებ, რომელი არი გითხრას უარი?

საით გამიშვებ, იქით დავდგები, სხვების მიზანი და სატყუარი.

მე მხოლოდ ერთი მაქვს სათხოვარი, მომისმინე და თუ მოგეწონა,

თუ დამეთანხმე გამეხარდება, შენ თვალში კიდევ მქონია წონა.

 

ბიძინა:

-კარგი, მოგისმენ, მოკლედ მოჭერი, აქ არ დამიწყო გრძელი წუწუნი,

იცოდე ცრემლი გულს ვერ მომილბობს, არც მსიამოვნებს ფუჭი წრუწუნი.

ჩემი წესია თუ გაიმეტე, შემდეგ დანდობა აღარ ივარგებს,

შეცოდებული, შეწყალებული, მოგიბრუნდება მოგიკლავს კარგებს.


შენ გაიხსენე, სააკაშვილმა პატარკაციშვილს როგორ უყელა,

როდის უფერა, ბოღმა ჩაიდო, ვინ დაიხმარა, ვიცი სულ ყველა.

დაენდო ბადრი, გადარჩენილი, მკვლელს ხელმოცარულს აპატიებდა?

პოლიტიკაში ასე არ ხდება, ვერც გეტყვი ბადრი რას იაზრებდა.


ასეა ახლაც, შენ დაუკვირდი, ყველას ეგონა მიშა მაგარი,

მეც ბევრი მძარცვა, ვაფინანსებდი, თან გულს მიკლავდა აზრი სხვაგვარი,

როცა მომწიფდა გადამწყვეტი დრო, გახსოვს? ვფრთხილობდი, ისე ვიბრძოდი,

თუ შევცდებოდი, მოვეშვებოდი, არ დამინდობდა, კარგად ვიცოდი.


ახლა მე რატომ უნდა დავინდო, ავყვე დედლების მოწოდებასა,

ვათავისუფლო, წინ გზა ვუჩვენო, მერე მიტირებს აქეთ დედასა.

დღეს რომ თვალთმაქცობს, რას არ კადრულობს, საკუთარს ზელავს, ჩივის და ტირის,

დრო მიეცემა, თავს გმირად იგრძნობს, გახდება მქმნელი ავის და ძვირის.


რამდენი ძარცვა, რამდენი ხოცა, ერთი თუ მაინც მოინანია?

დაჩაგრულები, განძარცულები, შველას ითხოვენ რათა ხანია.

მე რად გავხდები მათი მსაჯული, მათი დამხმარე, გინდა მშველელი,

რით გავარჩიო მათში მართალი, ნარკოდილერი, ქურდი, მწეველი?


თანაც შეხედე, მეც უფრო მაწყობს, რაც უფრო მეტად აირევიან,

მეტი ექნებათ ჩემი პატივი, ჩემებად, სხვისად გაირჩევიან.

მაშინ დადგება ისეთი ჟამი, ყველას გაუჩნდეს ჩემი იმედი,

როგორც მშველელზე, ილოცონ ჩემზე, ჩემით იპოვონ გადასახედი.


მიხვდი? ესაა ცხოვრების არსი, ასეთი არის ეს პოლიტიკა,

ამ რთულ პროცესში უფერულდება, ვინ რა იყეფა ან იტიკტიკა,

ახლა შენ გისმენ, მაგრამ შეიგნე, ტყუილად დრო არ დამაკარგვინო,

შენგან არ ვითხოვ ვინმე შეაქო, გააკრიტიკო, გინდა აგინო.

მე ისეც ვიცი ვინ ერთგულია, ვინ თვალთმაქცობს და ვინ ინიღბება,

შენგან ამგვარის განმეორება, ჩემთვის სიახლე ხომ არ იქნება?

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

-იმის იმედი არცა მქონია, ვეღირსებოდი შენგან წყალობას,

სხვა ვინ დაინდე, მე მაპატიო, მიტომ ველტვოდი მუდამ ცალობას.

მე ცალკე დგომამ შემაძლებინა ამ კაცუნებში კაცად რომ ვჩანდი,

შენა გბაძავდი, შეგნან ვისწავლე სიცრუის სიბრძნის ყოველი ფანდი.


ამასობაში დავკვალიანდი, სიცრუით წლები გადავაგორე,

ბევრი უდრეკი წელში გავღუნე, ვახოხიალე და ავამძორე.

ვატყობდი, ჩემი დროც ახლოვდება, ვინც შემცვლის, მასაც ვაკვირდებოდი,

თავს არ ვესხმოდი, დრო-ჟამს ვწელავდი, ვფიქრობდი იქნებ მიმიხვდებოდი,

რომ ძვირად მიღირს ჩემი სახელი, არც მინდა უცებ მისი წახდენა,

რაცა მაქვს შენგან ნაბოძებია, შენით ვაგროვე და მაქვს ამდენა.


ქიზიყში სხვას ვის მოლანდებია, შენი წყალობით რაც მე შევძელი,

დედა ვუტირე ვინც წინ დამიხვდა, მაინც გაწურთნე ჩემი შემცვლელი.

აზრი არა აქვს შარის მოდებას, რახან ასე გსურს, ასე იქნება,

ან მე ვინა ვარ, ანდა შემცველი, როგორც გადაწყვეტ, გარდაიქმნება.


მხოლოდ ერთსა გთხოვ, ჩათვალე რჩევად, ერთბაშად ყველას ნუ მოგვიცილებ,

მე წავალ, ჭორებს ააგორებენ, სხვებს ამის მერე გაანაწილებ.

უცებ ცვლილება თითქოს კარგია, მაგრამ მასების განწყობილება,

ისედაც ძალზე კრიტიკულია, და რომ ვერ  შეძლონ დაძმობილება,

ერთს რომ მოისვრი, ცოტა აცალე, როცა კრიტიკა ჩამოთავდება,

დროა ჩაძირო უკვე მეორე, და ასე სიაც არ გათავდება.

 

ბიძინა:

-შენ სხვებს რას დარდობ, თავი იდარდე, თან გაიხსენე სად რა ივარგე,

რაც მე მოგეცი, რა წაამატე, ვის რა წაართვი და ვისთან დარგე.

შენგან სხვაობით შენი სეხნია, მასაც შენსავით ირაკლი ჰქვია,

უფროა ფრთხილი, უფრო ჩუმ-ჩუმა, ამისთანებით გზა დამიგვია.


შენ მათგან მუდამ გამოგარჩევდი, გელოდებოდი და არ გაჩერდი,

ასე სიბერეც შემოგეპარა, მე ვბერდები და შენ არ დაბერდი?

დრო დადგა, უნდა ბევრი იფიქრო, რამდენჯერ შეცდი, რამდენი ჭამე,

რამდენს აუნთე დღისით სანთელი, ვის დაუყენე მზიანში ღამე.


მაინც არ გდევნი, მაინც ჩემი ხარ, შეგეჩვიე და თან მეცოდები,

პრემიერობას ჩამოგაცილებ, პარტიას გაძლევ, და გელოდები.

უნდა შეიძლო იმის განსაზღვრა, როგორ იცვლება სიტუაცია,

პარტიებს შორის ვინ რადა ფასობს, ვინ დედალია და ვინ კაცია.


წინ საარჩევნო წელიწადია, ზოგი თუ მამლობს, მეტი ხვადია,

შენი ვალია მათთვის გადახდა, ევროპელობა ხომ სახადია

თუ შეძლებ მათი სავალის გავლას, ისე, ჩვენი არ დააზიანო,

იქნებ გაგხადო კვლავ პრემიერი, რომ ქიზიყურად აახმიანო.

 

(ირაკლი ღარიბაშვილი გადის.)

 

ბიძინა:

-მართლა სამობით ყოფილა რწმენა, ამის გაგებას წლები მოვუნდი,

სამას მილიონს სხვა ვინ მისცემდა, სამასი გავეც, სამჯერ მოვბრუნდი.

ასე ამბობენ მეორედ მოსვლა უბედურების არი ნიშანი,

მე მესამედ ვარ მობრუნებული და ჯერ სიავე ვერ შევიცანი.


სხვა ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, სხვანაირ გზებით მიტომ ვიარე,

რამდენს ვაწვნიე უბედურება, მაგრამ ბედი არ გავიზიარე.

სამების მადლი ალბათ მფარავდა, მიტომ ვერავინ ვერას მპარავდა,

ვინაც ეცადა ჩემ გაკოტრებას, ყველა დაკნინდა, დაპატარავდა.

 

ჟამთა მროველი:

-გიყურებ, ვფიქრობ, ნუთუ დაბერდა, ღვთიურ რწმენაზე ალაპარაკდა,

ქვეცნობიერმა ხომ არ ანიშნა, ცნობიერებას რაც მუდამ აკლდა!

როდის იყო რომ პირჯვარს იწერდა, მონაპარების განძს რომ იძენდა,

როცა ფულს ფული ემატებოდა, ითვლიდა, ლხენით ზეცაში ფრენდა.


რად გაგახსენო, თავადაც იცი, ბიზნესის საქმე რითი დაიწყე,

რამდენი დაგრჩა მომდურებული რამდენჯერ შეცდი და ახლად იწყე.

ერთი ეგაა, მუდამ ცდილობდი,  სიმრუდით რამე არ წამხდარიყო,

მთავარი იყო ჯამში მოგება, სხვა დანარჩენი იყო არ იყო.


ბედიც გწყალობდა, კვანტრიშვილებმა დროით გიპოვეს და გიპატრონეს,

არეულ დროში მათი წყალობით ხიფათს გადურჩი, გახვედი ფონეს.

 

ბიძინა:

-არა მჭირდება სხვათა ხსენება, როცა ის იყო სურვილი – ნება,

საერთო ბიზნესს ერთად ვმართავდით, წინ ვერ აღგვიდგა უცხო, თავნება.

ეს მე მებარა მათი სალარო, ზოგი ობშიაკს კიდეც ეტყოდა,

როგორ ერთგულად ვმოსაქმეობდი, და მიფასებდნენ, ვისაც ესმოდა.


ბედს სად წაუხვალ, ჯერ ამირანი, შემდეგ ოთარი გადაიყოლეს,

ვაჟკაცს ღალატით ჩაუწყეს საქმე, ვიცი ღალატით როგორ ესროლეს.

 

ჟამთა მროველი:

-შენ ხომ გადარჩი და შენთან ერთად, ბანკი მხოლოდ შენ გადაარჩინე?

კარგად დაფიქრდი და გაიხსენე, ვის შეეკარი, ვინ გაიჩინე.

ფიქრობ ის ძველი დაფარულია, არავის ახსოვს ძველი ამბები?

შავი საქმენი შავებად რჩება, მაგრამ ცოტ-ცოტა გამოდის ხმები.


შავები ითქვა, თორემ სისტემამ, როგორ, რა მოხდა, ისედაც იცის,

როგორც ერთგულობ, ისეც გიცავენ, არცა ხარ  ნებით გამტეხი ფიცის.

შენი ქონება და მომავალი, სანამ მათი ხარ, კიდეც იზრდება,

ფრთხილად, სადმე არ დაგისხლტეს ფეხი, თორემ რა გელის ვერვინ მიხვდება.

 

ბიძინა:

-ტყუილად ცდილობ მალაპარაკო, საინტრიგანო კითხვების დასმით,

შენისთანები გამომიცნია შავ პურზე თხელად კარაქის წასმით.

შენ რას მასწავლი, სად რა გავიგე, სად ან ვინ იყო ბედის გამრიგე,

როცა უჭირდა ქვეყანას პური, ხელფასები რად ჩამოვარიგე.


და ახლაც, თუმცა დრო შეიცვალა, ბევრი კვლავ ჩემი იმედით ხარობს,

სიმართლეს უნდა აღიარება და ნუ მადარებ ეჭვების ჭაობს?!

 

 

ჟამთა მროველი:

-ეს ადრე გითხარ, ჭაობში მყოფი, სუნამოს ისხამ გასაქარვებლად,

ჭაობის სუნმა არ შეგაწუხოს, საჩხერის კლიმატს ნატრულობ მცველად,

შე დალოცვილო, უძღებო შვილო, კიდევ რამდენი უნდა მოიგო,

რომ შეისმინო, დროა შეჩერდე, ზღვარს ვერ მიაღწევ, რაც გაქვს შეირგო.


მოშურნეები რომ მოამრავლე, დაიქირავე დარაჯთა ჯარი,

ფიქრობ ესაა ცხოვრების აზრი? იქნებ გეცადა ყოფა სხვაგვარი?

ერთხელ რომ მოხდა, ძმა რომ მოგტაცეს, გამოსასყიდი მოგთხოვეს დიდი,

იცოდი, ფულის გადახდის შემდეგ უნდა გეძებნა თავშესახიდი.


რადგან იცოდი, გამტაცებლები აღარასოდეს დაგეხსნებოდნენ,

ერთხელ მიიღეს, შემდეგ მეორედ და ბოლოს სახლში მოგადგებოდნენ.

ბევრი იფიქრე გამოსავალზე და დაიყენე კრემლი დარაჯად,

სანაცვლოდ მათაც მიიღეს შენგან თანამშრომლობის პირობა ხარჯად.


ამით ოჯახი კი დაიფარე, მაგრამ იკისრე რეზიდენტობა,

მას შემდეგ დახვალ იმათ კარნახით, დაგყვება ჯავრი და მარტოობა.

არც გიფიქრია? დათმო წარსული, ერისშვილობა გამოაჩინო,

ზურგი აქციო კრემლის მეგობრებს, მათთვის იმედიც არ დაარჩინო?

თუ იქამდეა მისული საქმე, უარი სიკვდილს გაუტოლდება?

ყველა შავ საქმეს გაამჟღავნებენ, არავინ უწყის სხვა რა მოხდება?


ბიძინა:

-მოვრჩეთ გარდასულ დროებზე ჩივილს, მთავარი არი დღეის ამბები,

დღევანდელს უნდა წვრილად გარჩევა, და არავინ ჩანს არსის გამგები.

ბევრსა ჰგონია მეფეს ვთამაშობ პრემიერებს ვცვლი და მიხარია,

ამიტომ ბევრი ჩამოვიშორე და მივაყოლე მათ გახარია.


ახლა ირაკლის მოვიდა ჯერი, ღარიბაშვილი ჩემი ნაზარდი,

ყველაზე მეტად მეცოდებოდა, მაგრამ ჰაერში იწყო ნავარდი.

სხვა რა უნდოდა, ქიზიყში მყოფი, ჩემ ბანკში დავსვი ფონდის მმართველად,

შენ გაიკითხე მისი კუთხიდან თუ ვინმე იყო მმართველი ძველად?


საქმე ავუწყე, სიმდიდრე ნახა, `დედოფლისწყაროს~ წყალი იგება,

თვალი ვადევნე, არ დაემართოს გაუმაძღრობა და მუცლის გვრემა.

დამიჯერა და როცა დრო დადგა, მინისტრად დავსვი, გავადიდკაცე,

ვირების ნაცვლად უკვე გენერლებს, სახრეს უღერდა, ტყოდა "აცე"


თავს გაუვიდა, დავამუხრუჭე და მინისტრობას ჩამოვაცილე,

მე გადავდექი თან გავიყოლე, მძიმე შეცდომა მით ავაცილე.

არ გავაფუჭე, საქმე ვუჩინე, ხელფასი ჰქონდა მართლა ზღაპრული,

შერჩა ხახვივით რაც ადრე ჰქონდა, გაფუჭებული და მოპარული.


ცხოვრება მუდმივ ცვალებადია, მეორედ მოსვლა საქმეს დასჭირდა,

საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა საპრეზიდენტო და გამიჭირდა.

მე რომ შევწუხდი, სხვებიც ხომ უნდა შეგუებოდნენ გაჭირვებასა,

ვინ რით ვიყიდეთ, ვინ რით მოვქრთამეთ, აქ არ დავიწყებ გრძელ ყბედობასა.


საერთო ძალით და მონდომებით ის პერიოდი გადავაგორეთ,

თანამდებობა, ვინც სადა გვსურდა, ჩამოვურიგეთ, არ ავამძორეთ.

ასე მოვედით დღევანდელ დღემდე, საერთო ძალით და მონდომებით,

გზაჯვარედინი გვიძევს ასე წინ, ვნახოთ გავივლით როგორი გზებით.

 

ჟამთა მროველი:

-აქ გაიხსენე გზაჯვარედინი, რომელიც როგორც კლდე აღმართულა,

შემოსევიან გავლის მსურველნი, გაუმართიათ ლანძღვის მარულა.

ვინმემ თუ იცის, რამდენი არი, რთული გზის მცოდნე, წინსვლის მოთავე,

 ძველნი, ახალნი, იფიცებიან რომ გზა იციან, არც ჰყავთ მოდავე.


სინამდვილეში ხარ ერთადერთი, რომელმაც განვლო გზაჯვარედინი,

მასებს შენი აქვთ ახლაც იმედი, არ გაუმტყუნო ვინძლო ლოდინი.

მაგრამ მაფიქრებს, ერთი ნათქვამი, შავების წესით ხარ სხვების "ბოსი",

მროველს ამგვარი არ გაუგია, წინამძღოლია ის მის სამწყსოსი.

ამავ დროს მროველს ანაფორის ქვეშ ხმალი ხანჯალი უტარებია,

უშიშვლებია გაჭირვების ჯამს, მტებისთვის დედა უტირებია,

ერთს გაგახსენებ მარაბდის ომში, შვიდი მეუფე ერთად დაეცა,

მრევლი დალოცეს, უფალს ავედრეს, თავი გაწირეს, არ იქცნენ მხეცად,


როდესაც ამბობ ხარ დიდი "ბოსი", მრევლს ამდაგვარი არ გაუგია,

ხარ წინამძღოლი? გასაგებია, სხვა ყველაფერი კი აუგია.

ერს ერთი ჰყავდა მროველი დიდი, ისტორიაში ვინც გადო ხიდი,

სხვა მროველები თუმცა ჰბაძავდნენ ამ მხრივ არაა ხელმოსაჭიდი.


ამას რად ვამბობ, მეც ვარ მროველი, მათი აზრების მაძიებელი,

ერის მროველი სულ სხვა განძია არ მიმიწვდება იქამდე ხელი.

შენთან რად ვამბობ, შენ შეგიძლია სახელით იმ დიდს მიუახლოვდე,

ეს იქნებოდა უფლის წყალობა, შენს ამაგს იმის ამაგს აქსოვდე.


ლეონტი მროველს არ უნდა ქება, უკვდავებაა მისი არჩივი,

ყველა მროველი მასში ნივთდება, კრძალვით ვახსენე, არაფერს ვჩივი.

შენც რომ შეგეძლოს, ერის დიდებას და უკვდავებას შეხიდებოდი,

სხვა ყველაფერი წარმავალია, "ბოსი"-ც მოკვდება, შენ დარჩებოდი.


ამას რომ ვამბობ დასაფიქრებლად, ჭკვიანი ხარ და გაქვს გასახედი,

სხვაფრივ იმედი ამისი არ მაქვს, არ ჩანხარ ერის ბედის გამჭედი.

შოთა რუსთველი როცა გვმოძღვრავდა, კაცისთვის რაა დიდი სიმდიდრე,

ერის შვილობას, კაცურ კაცობას წინ აყენებდა  იტყოდა ვიდრე.


მეც გაგახსენე, რაკი ქართველობ, შოთას ნათქვამი, რომ გულში გედოს,

შენმა უტამაც, მე მას ვაფასებ, მომავალს შოთას თვალით გახედოს.

ბევრი გაფასებს, უმრავლესობა ფულის იმედით არი გარჯილი,

უმეტესობა კი გეტმასნება, კედელს შეყრილი ცერცვი, გვარჯილი.

უსარგებლო რომ ჩამოიბერტყო, ერისთვის გახდე მზრუნველი შვილი,

შენს ოქროს არც რა დააკლდებოდა, გაგეზრდებოდა მროველის წვლილი.


სხვა ყველაფერი წარმავალია, წახვალ, სიმდიდრე დაგეკარგება,

რამდენიც უნდა თან გაიყოლო, დარჩები "ბოსი" და უკარება.

 დრო რომ გაივლის მოიკითხავენ: ვინ იყო, რა ჰქმნა, რა აქვს სახელი?

მროველი, "ბოსი", რომელს იტყვიან, ვინ გსურს საფლავის იყოს მნახველი?

 

ბიძინა:

-ამბობ მროველი ახალი-ძველი, მე  საიმისო განა რა მიჭირს,

რომ მროველობა ჩემთვის ვინდომო, სხვამ რა მიიღო, მეც არად მიღირს.

გინდა დავთანხმდე ვარ შენნაირი, კარგად შემხედე მოკვდავსა ვგევარ?

მილიონები შემომნატრიან, ათასებისთვის მზე და მთვარე ვარ!


ჯერ სიბერეზე არ მიფიქრია, ჯანი მომდევს და კვლავაც ვეცდები

ისეთი რამე გამოვიგონო, მუდამ ვიქნები, არ დავბერდები.

თუ არ გინახავს, ხომ გაგიგია ჩემ ბაღში დავრგე დიდი ხეები,

ბაო-ბაბის ხეც ჩამომიტანეს, გამოატარეს ზღვები, კლდეები.


ხოდა იცოდე, ბაო-ბაბისგან წამალი უნდა გამოვიყვანო,

მე შევიფერე, ჩემებს გავუყო, სხვა კი გავყიდო, არ დავახანო.

რაც დამიხარჯავს, რასაც დავხარჯავ, ათმაგი უნდა მოგება დარჩეს,

ვინ არ იყიდის, ვისაც აქვს ფული, ოღონდ იცოცხლოს, სიკვდილს გადარჩეს?

წამალი არი თურმე ისეთი, ორმოც წელს მატებს კაცის კაცობას,

ამასობაში სხვა რამ წამალი, მომფენს  სილაღეს და გამძლეობას.


უტა ხომ ჩემი სიყრმის შვილია, მოსკოვში ცხოვრობს, იქ აქვს სასახლე,

ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსე, მიდი შეხედე და ხელი ახლე.

უტას მამობა მეამაყება, ტოლებ-სწორებშია გამორჩეული,

მამის ჭკუა აქვს გამოყოლილი, მასწავლებლებიც ჰყავდა რჩეული.

ახლა რუსეთში საქმეს ეცნობა, უყვარს რუსეთი, რუსის ქალები,

დიდი  ბიზნესიც აქვს აწყობილი, ვერ ნახავ ძებნით გაეწვალები.

მისგან სხვაობით ბერა მარჯვეა, თანაც ფიცხია, შეუპოვარი,

არ დასჭირდება სხვისი კარნახი, შვილიც ეზრდება ჩემი სადარი.

 

ჟამთა მროველი:

-ვატყობ რომ ფუჭად არ გიცხოვრია, და მომავალი გაქვს აწყობილი,

როცა იწყებდი, შორს უყურებდი, წაგებ-მოგება, ძმობილ-დობილი.

და გაგიმართლა, სხვები დაგშორდნენ, შენ ათას ცეცხლში გამოიარე,

რამდენჯერ თითქოს საფრთხე გელოდა და დაჟინებით სულ წინ იარე.


ბევრი მოშურნე ვერ გარკვეულა, ვინ ხარ, რა გფარავს,  რისთვის ირჯები?

ვერ გამოთვალო, ფეხი აგისხლტეს, გადიჩეხები და დაისჯები.

მიტომ გირჩიე, თუ ბედი გწყალობს, იქნებ შეცვალო საფიქრ-სავალი,

მროველად იქცე ქართველებისთვის, აუწყო აწმყო და მომავალი.


სხვაფრივ დარჩები ისევ ჭაობში, ის გაგიმეტებს, ვისაც ენდობი,

მიმოიხედე, გუნდრუკს გიკმევენ, მაგრამ ვინაა შენი შენმდობი?

წელს არჩევნები გარდუვალია, არჩევნებამდე თუ გსურს მიხვიდე,

გაიხსენებდე ვინ გიერთგულა, ვინ არ გაგყიდის, ვინაც იყიდე.

 

ბიძინა:

-რაც თქვი, ახალი არაფერია, ისედაც ვიცი, არ ამერია,

ჯერ მტკიცედა ვფლობ სიტუაციას, ვგრძნობ ვის რა უნდა, ვინ რა ფერია.

ჟამთა მროველი, შორიდან მივლი, ჩემგან რას ითხოვ, რა გენდომება,

ზოგი პირდაპირ არი მიმსვლელი, ზოგს ურჩევნია შორ-შორ ჭენება.

 

ჟამთა მროველი:

-ერთხელ გითხარი მწარე სიმართლე, გლეხური სული  ტრიალებს შენში.

სადაც რას ნახავ, საკუთრად გინდა, ისე, არ მოხვდე დიდ განსაცდელში.

ყველა მროველი ერზე ფიქრობდა, მისთვის ზრუნავდა, მისთვის იბრძოდა,

მრევლს არიგებდა, მიწყივ ლოცავდა, აზრს არ შეცვლიდა, ესაც იცოდა.


კაცი თუ თავის მეს წინ აყენებს, როგორ გახდება ის წინამძღოლი?

მიმოიხედე, ჩვენში რამდენი, ფიქრობს რომ არ ყავს საქმეში ტოლი?

გრძელი მსჯელობა ბევრმა შეიძლო, ბევრს ეს ერისთვის შრომა ჰგონია,

სიტყვა ერთია, საქმე მეორე, მათი ტოლობაც მონაგონია.


შენ სიტყვით ხომ ხარ ჩვენში პირველი, საქმესაც ბევრი შენგან მოელის,

მიტომ ვინატრე ყოფილიყავი თავი სიკეთის, მტერი მოენის.

სიკვდილი ბოლოს ყველას წაიღებს, ვის როდის სტუმრობს სხვა რას გაიგებს?

შენი ქონებაც სხვებს ჩაბარდება, ვინ მოიტაცებს და ვინ შაირგებს?


სახელი კი გაქვს, ესაც გაქრება, საზრუნავი გაქვს ახლავე დიდი,

ხსოვნა დატოვო ერში ისეთი, მოსაგონებლად იყოს სარიდი.

მროველის მსგავსად, ვით ერის მამას, ცრემლი გაგყვეს და დარჩეს სახელი,

რომ თაობებმა ხშირად იაზრონ, სხვა ვინა გვყავდა მსგავსის მნახველი?


დღეს დღეობით კი, არა გულისთქმა, ბევრს შენი ფული ალაპარაკებს,

ძუნწს გეძახიან, ქურდსა და მღლეტელს და მოჰყვებიან ათას არაკებს,

ერთს კიდევ ვიტყვი, თუ გაგიგია, სპარსეთის მეფე, კიროსი დიდი,

ასე ამბობდა: ქვეყნები ვიპყარ, ბოლოს  რა მრჩება თავშესახიდი?

`ორი არშინი~ მიწა მერგება, სხვა ყველაფერი  სხვებს შეერგება,

ფუჭია ბრძოლა დიდებისათვის, შენც შეისმინო სიბრძნე ეგება?


რაც გიშოვია, თან რას წაიღებ, ვის რა დარჩება როგორ ვაიგებ?

სხვაა შედეგი, დღეს თუ იზრუნებ, ხსოვნა-სახელის ძეგლს თუ აიგებ.

შენგან ასეთის არ მაქვს იმედი, ოქრო გგონია ცხოვრების ბედი,

ასე იქნები, ასე აგროვებ, სანამ წაგიყვანს თან შემოქმედი.


ჩასაფრებულა ათასი ვინმე, სიტყვის თუ საქმის დანებს ლესავენ,

ერთი-მეორეს მახეს უგებენ, სიტყვით სწამლიან, საქმით გესლავენ.

ვინძლო შეიგნო მოკეთის რჩევა, დრო კიდევა გაქვს ნახო მროველი,

ჩამოიშორე მიტმასნილები, სიკეთის ბადის გახდი მქსოველი.


მე კი, მე მხოლოდ ერთი მშურს შენი, მსურდა მენახა შენი ტყე-ბაღი,

ხოხობ-კაკბების  გაშლილი ფერმა, მათი გოგმანი ლამაზი, ლაღი,

ასეთი შური მისაღებია და არ დაგრჩება საწყენად მგონი,

დათმე ისედაც წასაგებელი, ძუნწ-უმადურთა გამონაგონი.

და ნახავ ერში შენი სახელი, ქება-დიდება ზეცამდე ავა,

მოშურნეებიც დადუმდებიან, არჩევნებისას ვისი რა გავა?

 

ბიძინა:

-ჟამთა მროველო, არ ხარ მროველი, აღწერა განა მროველობაა?

მროველს მე მარქმევ, ზღაპრებს მიყვები, ეს დაბოლების რა მცდელობაა?

მე თავად ვიცი სხვის  დაბოლება, რეაგირებას მასების ვსწავლობ,

ზოგჯერ ყოფილა უკან დავიხევ, საკითხს ვივიწყებ ვბრაზობ და ვწვალობ.


თუ გახსოვს ერთხელ კიდეც მინდოდა "მარიხუანას" პლანტაციები,

აქ გამემართა, ვიანგარიშე წაგებ-მოგების შევქმენ სიები.

სამღვდელოება ამიყაყანდა, სხვებმაც იყვირეს ეს მართალია,

აღარ იკითხეს  მეფეს ამიხტნენ, ვეღარ მოზომეს, სამართალია?

ნაწყენმა დავთმე, ურუგვაიში ორი ათასი მიწა ავიღე,

მარიხუანა იქ გავაშენე, შორ-შორს ვიბრძოლე, მსხვერპლი გავიღე.


აღარ ვახსენებ, მაგრამ ამ ხერხით სამმაგ მოგებას გამოვეთხოვე,

აქ მხოლოდ `გირჩი~ დამიდგა გვერდით, თვითონ ინდომეს, კიარა ვთხოვე.

აღარ იკითხეს, მე რომ გამლანძღეს, მოსაგებელიც ხომ დაიკარგა?

 ჩვენს ახალგაზრდებს დააკლდათ სარჩო, ასეთი დასჯა ბავშვების ვარგა?

და ამას გარდა მე თუ არ დავრგე, მარიხუანას ვეღარ იშოვი?

ქვეყანა წამალს აქვს წაღებული, ეწევა ბერი და ძუძუს მწოვი.

ნარკოტიკების შოვნას რა უნდა, შენ ოღონდ გქონდეს საკმაო ფული,

არ შეწუხდები, შინ მოგიტანენ, არც იკითხავენ რა გაქვს წარსული.

სამორინე თუ კაზინოები, ნარკოტიკებით გადავსილია,

ღამის კლუბები სხვა რისთვისაა, და ყველამ იცის თავის წილია.


ჩემთვის ამდენი ალიაქოთი, უსიამოვნო და დამღლელია,

რით ვერ გაიგეს, პრინციპებს არ ვცვლი, ჩემისთანებთან  ბრძოლა ძნელია.

სასაცილოა მათი ფაფხური, მათი გულისთვის გზას გავიმრუდებ?

თუ მოვისურვე რაიონს დავცლი, ჩემთვის ქოხს ჩავდგავ და დავიბუდებ.

როცა მინდოდა მარიხუანა აქ მომეყვანა და წამლად მქეცია,

წაადგებოდა საერთო საქმეს, ისე, სხვა დარგი არ წამექცია.


ხომ ცნობილია, რუსეთში მქონდა სააფთიაქო საქმის სისტემა,

ექვსას მილიონ დოლარად დავთმე, არ დამიწყია ვიშვიში, გვემა.

სანაცვლოდ მსურდა ჩემს სამშობლოში, აფთიაქების შემექმნა ქსელი,

"ფარმა-დეპო" ვთქვი, ასე მოვნათლე, შვილობილს მივეც დედის სახელი.


წარმოიდგინე, რომ არ ეყვირათ, როგორი საქმე აეწყობოდა,

ჩემ ქსელში, ჩემი მარიხუანა როგორ მასშტაბით გავრცელდებოდა.

და არ ინდომეს უგუნურებმა, იმიტომ გავხდი იძულებული

ურუგვაიდან შემომეტანა, გადამეხადა ზედმეტი ფული.

ე დრო დავკარგე, დრო კი ფულია, ყოველი წამი მაქვს აღრიცხვაზე,

სხვებივით ბრიყვი ხომ არ ვიქნები,  ჩემი რაც არი, მე შემოვხაზე.

მალაპარაკებ, დრო იკარგება, არა მაქვს ჩვევა ფუჭად წაგების,

არა მაქვს ნდობა პარტნიორების, შავების, მათი ამხანაგების.


იმპერია მაქვს ფინანსიური, მისსა დიდებას კიდეც ვეცდები

სანამ ვიქნები ვიბრძოლებ მუდამ, და სანამ ვიბრძვი - არ დავბერდები.

 

ჟამთა მროველი:

-შენი წუხილი გასაგებია, და არც ველოდი სხვანაირ აზრებს,

ბნელ საქმეების პროფესიონალს, გზას ვინ მოგიჭრის და გააბაზრებს.

ერთი მაქვს მხოლოდ გამოსარკვევი, გულახდილ პასუხს შენგან მოველი,

 

საყდრისის საქმე როგორ ჩაფარცხე და არც ვინმეა დავის მდომელი,

არადა იყო ისეთი განცდა იოლად იქ არ გაჩუმდებოდნენ.

შენამდე ვინაც მოგება ნახა, ვალს დაგადებდნენ წინ დაგხვდებოდნენ,

სააკაშვილზე კი არ ვკითხულობ, თუმცა  ხარბია, საქმეში შტერი,

ყოველმხრივ მხოლოდ დილეტანტია, ვარგისი სხვისთვის შორით საცქერი.

 

ბიძინა:

სააკაშვილზე არც მე ვაპირებ ყველა სიავის გამხილებასა,

მაგრამ, მადნეულს ვინც გვერდს უვლის ვერ შეძლებს ცოდვის განრიდებასა.

უფრო მეტს გეტყვი, მროველო, ადრე, ამ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა,

ყოფილ კულტურის მინისტრს შევხედე, გავაკრიტიკე მისი მცდელობა.

მაშინ გითხარი, ოდიშარია გიორგაძეთი რატომ შევცვალე,

ბიუჯეტი რად ჩაუგდე ხელში მცოდნეს უვიცი არ ვანაცვალე.

 

_ ახლა ვამატებ, ოქროს საბადო, ხალხს არასოდეს არ ეკუთვნოდა,

ნებისმიერი ხელისუფალი, ვინც მაშინ იყო თავისად ცნობდა.

სააკაშვილმა მთელი ეს მხარე, თავის დედის ძმას გადაულოცა,

მაშინ ხომ თემურ ალასანიამ ამ სიკეთისთვის დაც კი არ ლოცა.

მთელი ცხრა წელი იქრო აგროვა და საზღვრებს გარეთ თან გაიყოლა,

სააკაშვილს რომ ეს შევახსენე, არც დამაცალა საქმის მოყოლა,

ჩათვალა, იყო ყოვლგზით მართალი, მხოლოდ სიკეთე უკეთებია.

ძარცვა-რეკეტზე მწარედ ნათქვამი, ოპოზიციის ილეთებია,

აღარ მოვყვები ვის რა აჩუქა, ჟურნალისტებმა ყველა იციან.

-ერთად შეყრილა ბრიყვების კრება და ამ ყაჩაღის `ცოდვით იწვიან~.

სააკაშვილი ვათავისუფლო, გგონია ამით რამ დამაკლდება?

ვინც ახლა იცავს, მომადგებიან, მე ბრალს დამდებენ, ეს ჩემით ხდება.

ამიტომ მიჯობს ყველამ მიიღოს, რაც თავის ქცევით დაიმსახურა,

ხომ იყო ერთ ხანს უკრაინაში, ვნახეთ რა შეძლო და იხმაურა.

სჯობს წყნარად იყოს და თქვას მადლობა, მისი ბიძა არ დავაჭერინე,

გზა გავუხსენი, რაც მოუპარავს, თან გავატანე, არ ვაწყენინე..

"არემჯი გოლდი" ვარქვი რაც დარჩა, მძლავრი საწარმო  ახლად შევქმენი,

მოგებას ვნახავ, ხალხს ვასარგებლებ, ნახონ სიუხვე თვალში საცემი.


ჭკვიანი არი ხელისუფალი, თუ სწორად იცის საგნის გაყოფა,

ისე, მეორე მხარე ნატრობდეს, ისიც რომ მომცა, იქაც მამყოფა.

შენ დაუკვირდი რაც გვაბადია, როგორ სიზუსტით გავანაწილე,

 და რომ მეგონა არა ვცდებოდი, შევცდი, სიბრიყვე ვერ ავიცილე.

ვნახე, ირაკლი ღარიბაშვილმა, იხარბა, ვეღარ მოთოკა თავი,

რაც მეტი მივეც, მეტი ინდომა, იტკბო ლაგამი და მოსართავი.

ყველაზე მეტად მას ვენდობოდი, ყველაზე მეტად დამაზარალა,

შენ ახლა ნახავ ვის რა მოუვა, იგრძნობენ კიდევ მქონია ძალა.

 

ჟამთა მროველი:

-ძალა  რომ ვიცი შენი შეძლების, მიტომ გირჩიე გახდე მროველი,

არავინაა ახლოს მყოფთაგან, შენებრ უდრეკი ბადის მქსოველი.

ერთი ეგაა, სიფრთხილე გმართებს, ბადემ არსაით გადაგიყოლოს,

ათას ბოგანოს თავზე დაეცეს, მართალი მოსპოს და ააყროლოს.

ვხედავ საკბენად კბილებს ლესავენ, შინაურები, გარეულები,

ვინძლო შეიძლო ყველას გაძღოლა, ვიცი  ჭიდილში არ დაიღლები.

 

ბიძინა:

-რამდენჯერ გითქვამს, რუსეთში ხშირად მახრჩობელასაც დამიძახებდნენ,

გასრესა სურდათ ჩემი უწყალოდ, მაგრამ მცდელობას ვერა ბედავდნენ.

სანაცვლოდ იქით, თუ მოვიგდებდი, არც მე ვიცოდი მტრების დანდობა,

მე გამიგია, ქელეხში ვიცით დანანება და ცოდვის შენდობა.


მეტოქეს, ვისაც მოვიშორებდი, იქვე მივცემდი დავიწყებასა,

ცხოვრება მიწყივ წარმავალია, მსხვერპლს მიმზადებდა სხვასა და სხვასა,

ჩემთვის ეს ბრძოლა დაუნდობელი, კიდეც მინდოდეს არა თავდება,

ერთს მოვინელებ, ჩნდება მეორე, ვინ იცის როდის ჩამოთავდება.


ასეა ახლაც, ამ დროს რომ აღწერ, იანგარიშე თუ ხარ მროველი,

რამდენი არი ჩასაფრებული, რამდენისაგან მუხთლობას ველი,

ერთი ციდაა ჩვენი ქვეყანა, სამას ნაწილად დაყოფილია,

სამას პარტიად დარაზმულები ერთი-მეორეს დახვეულია.

რომელი არის მე არ გამწირავს, ხელისუფლებას არ მეცილება,

თუ ერთგულებას ვინმე მიცხადებს ამაზე მხოლოდ გამეცინება.

თორმეტი წელი ვმართე ქვეყანა, თორმეტი წელი შიშით ვიარე.

ვინც ავამაღლე, იმან მიგანა, ვისაც დავუტკბი, გამიხდა მწარე.

 

პირველად როცა გავხდი უფალი, ვინც დამხვდა, მათთვის უნდა მომევლო,

დავინდე ყველა, მსურდა ერთობა, ერთობის გზებით მინდოდა მევლო.

ჩემი სურვილი სურვილად დარჩა, ყველას თავისთვის  უნდოდა ფარჩა,

ერთი მეორეს ეცილებოდნენ, ებრძოდნენ, ბევრი ვეღარ გადარჩა.


მივხვდი, ყოველი ცდილობს თავისთვის, გვერდით მყოფს ჩაგრავს და არად აგდებს,

ბოლოს ისევ მე მომადგებიან, ვერ მოვერევით მეტოქეს ამდენს.

გავერიდე და ხელისუფლება, ნებით მელ-ტურებს გადავულოცე,

დემოკრატობა გამოვიჩინე ყველა მეტოქე შორიდან ვლოცე.

ერთხანს გაჩერდნენ, ვერ გაარკვიეს, შემეშინდა თუ მსურდა სიკეთე,

გონს რომ მოვიდნენ, წამოჰყვეს თავი, ვეღარ არჩევდნენ მტერი-მოკეთე.


დავრწმუნდი, მე თუ არ მივხედავდი, აყვავდებოდა გაუტანლობა,

თავს იღუპავდნენ, სხვებსაც ღუპავდნენ, იყო მიზანი და ღვთის წყალობა.

გულმართლებისთვის მეორედ მოსვლა დიდ გარდაქმნების არის ნიშანი,

ჩემმა მეორედ შემობრუნებამ გამოაცოცხლა ბევრში მიზანი:

_ სხვების ქონება ხელში ჩაეგდოთ, ახალი ძალით ბრძოლა განეგრძოთ,

დარჩენილიყვნენ მაინც მართვაში, სიბრალული და ცოდვა არ ეგრძნოთ.


ბევრი ვითმინე, შორს რომ ვეგონე, შორიდან ყველას ვაკვირდებოდი,

ხელისუფალნი, ოპოზიცია, ვსწავლობდი, ფუჭად არ ვერთობოდი.

ბოლოს შევატყვე, ზოგს ეშლებოდა, დანაშაულსაც შეცდომად თვლიდა,

გამითამამდნენ, რქები მოისხეს, მათ თვალში კიდეც გამოვჩნდი ციდა.


ასე მომწიფდა სიტუაცია, საჭირო გახდა ჩემი ჩარევა,

მანამდე, სანამ დაიწყებოდა,  ერთურთილ ბრძოლა, ქვეყნის არევა.

ახლა აქა ვარ, საქმემ ითხოვა, ხალხის საშველად მესამედ მოსვლა,

არჩევნებამდე უნდა მოვასწრო, ორგულთა გაყრა, ერთგულთ ჩამოსვლა.

 

ჟამთა მროველი:

-შენ მართალი ხარ, როცა საუბრობ, ყველაფერს ერქმის მისი სახელი,

არ გსაყვეუდრობ, არც გაკრიტიკებ, ვთქვი, შენნაირის არ ვარ მნახველი.

ბევრი შეიძელ, ბევრს ეპირები, ეს ბევრზე ბევრსაც აღემატება,

თუ გააგრძელე ასეთი ჟინით, ბოლოს  დევგმირი დაიხატება.


დევგმირი რთულად გასაგებია, შეძლებ,  ერისთვის გახდები გმირი,

არ მოინდომებ, დარჩები დევი, კაციყლაპია, ავს შენაწირი.

ეს რომ ვიცოდი, მიტომ გირჩიე, ერზე ამაღლდი, გახდი მროველი,

მრევლის მოძღვარი და წინამძღოლი, რომ შეგნატროდეს  მთელი სოფელი.

შორს დაიჭირე მოკეთის რჩევა, აქეთ გამკილე და დამამცირე,

მე მხოლოდ ჟამთა აღრიცხველი ვარ, და დაფასებაც მეკუთვნის მცირე.


შენ კი შეგეძლო შორს წასულიყავ, სახელის დიდი ძეგლი აგეგო,

მოსაგებელი უკვე მოიგე, გაასპეტაკე სული გაგებო.

 ჯერ კიდევ გაქვს დრო ღმერთს ეთაყვანოთ, და მიწიერი გზები შეცვალო,

ვინძლო სახელით უკვდავად ყოფნა, ხორციელ ნდომას არ ანაცვალო.

შოთას, რუსთაველს ასე უთქვია: რასაცა გასცემ, ისაა შენი,

ესაა შენი ხსოვნა-დიდება, მას ეწირება სხვა დანარჩენი.


აბა იფიქრე, როცა დრო მოვა, რასაც იშოვი, თან რას წაიღებ?

რასაც დასტოვებ, ის სხვებს დარჩებათ, გინდა, არ გინდა მსხვერპლად გაიღებ.

მაგრამ თუ სახელს წინ დააყენებ, სანამ დადიხარ ამ ქვეყნად მყარად,

დარჩები ხალხის მახსოვრობაში, ერის მროველი იქნები მარად.


მე კი, მე ვითარც ჟამთ აღმრიცხველი, აღვწერ რაც ქვეყნად გიკეთებია,

მუდმივი ჟამი ცვალებადია, მროველი მისი თანამხლებია.

 

ბიძინა:

-ეს მონოლოგი გასაგებია, გინდა მეჩვენო მართლა ჭკვიანი,

მროველი წავა, მროველი მოვა, ზოგი მართალი, ბევრი ჭიანი.

შენ რომ აღრიცხო ჩემი საქმენი, წვრილმანი, რთული, ძნელად საქნელი,

მე უნდა გული გავხსნა ბოლომდე, გაგანდო ბნელი, ფარული, ძნელი.

ეს იმას ნიშნავს თავს გადახდილი, სხვათა სამსჯავროდ გამოვაფინო,

ხალხი ჭრელია, შენ დაუკვირდი, ვის მოვეფერო, ვის ვაწყენინო?

ოპოზიცია ტყუილ-მართალით არ მასვენებს და მწამლავს და მზარავს,

რომ დავუმატო სალაპარაკო, გავთქვამ უმაღლესს რაც მე მიფარავს.


რა საჭიროა, საკმარისია, იცოდნენ მათი არ მომიპარავს,

მე ჩემი ვიცი, სხვებმაც გაიგონ, ნუ მილალავენ ჭორების ფარას.

 

ჟამთა მროველი:

-გავიმეორებ, კი ხარ ჭკვიანი, და არ მოგსვლია მიტომ ზიანი,

როდემდე უნდა ბნელ-ჩრდილში იჯდე, იძახდე, კარგი დღეა მზიანი.

სხვის თქმა რად გინდა, თავადაც იცი, დაფარულს ფარდა მაინც ეხდება,

სჯობს იუმორით შენგან გაიგონ ვიდრე მტრებისგან მძიმედ  მოხდება.

 

ბიძინა:

-სხვა რომ სხვის ომში მუდამ ბრძენია, არ ახალია, აზრი ძველია,

მაგრამ თუ იცი, დრო რომ გაივლის, მრჩეველი ბევრჯერ საჩივლელია.


ადრე გითხარი, ქვეყანა მცირე, სამას პარტიას აქვს გაყოფილი,

ხან სოკოსავით მომრავლდებიან, ხან რომ იკითხავ – გახდა ყოფილი.

რამდენი იყო დიდი პარტია, ლიდერიც ჰყავდა სახელიანი,

ბოლოს აღმოჩნდა დაკნინებული, ავტორიტეტიც გახდა ჭიანი.


არ ვლაპარაკობ იმ ბელადებზე, მოძრაობას ვინც წინ მიუძღოდა,

აფრიალებდა საკუთარ დროშას, რიხით გვმოძღვრავდა, ლელო გაჰქონდა.

დრომ ბევრი ვინმე გადაიყოლა, და უსახელოდ  ბევრი წავიდა,

ზოგმა ახალი შექმნა პარტია, ძველმა განაგრძო ბრძოლა თავიდან.


რად გაგახსენო,  ახლახანს მოხდა ნიკა მელია და გვარამია

გაერთიანდნენ, მათ საერთოში, რა ალალია? რა არამია?

ვერვინ გაარკვევს, სამაგიეროდ, ერთობით შობილს არქვეს "ახალი",

იმარჩიელე და თუ მიხვდები ეს რა ხილია თავში სახილი,

შენ შეგეძლება ისე აღწერო, როგორც სიახლე ჩვენი ცხოვრების

ჟამთა მროველი, ჟამს ფეხს აუწყობ და არ დარჩები მპარსველი ცხვრების.

 

ჟამთა მროველი:

-დიდი ცინიზმი, დიდ ნიჭს მოითხოვს. თუ არ გინდა რომ დაპატარავდე,

პარტიებს როცა ცხვრებად მიიჩნევ, თავად როგორ გსურს ამ ცხვრებში ჩანდე?


მახსოვს ერთ ჟამად ასე ამბობდი, ყველას ერთად ჰკრეფ და არქმევ ნაცებს,

ახლა `ნაცები~ მიმოფანტულან, ვინ ვის მოძებნის და ხელსა სტაცებს?

გვარამია რომ ძველი კადრია, არც მახსოვს რაც მას არ უკადრია,

გასაგებია, მაგრამ მელია, სუფთაა, მასთან შესადარია?

მათი ერთობაც უცნაურია, ვინ რას შეპირდა, ვინ აურია,

დროა საჭირო გამოსარკვევად ვინ მართლა მამლობს და ვინ ფურია.


ისაც მძიმეა ყურს მისაჩვევად, ძველებმა ძონძებს არქვეს "ახალი",

ეგებ რამე აქვთ გადამალული, უჩინმაჩინი, თავში სახალი?

ამის გარკვევა შენი ვალია, ჟამთ-აღმწერელი, მოვლენებს აღწერს,

ორივეს უნდა დასურათება, გაქცეულს ჰგავდეს,  გინდ იმის დამჭერს.


ამჟამად ბევრი რამე იცვლება, იყვნენ ძველები, გახდნენ ახლები,

ვინ ვის გაჰყვება, დრო გამოაჩენს, შეძლებენ დარჩნენ ტკბილი მძახლები?

წარსულის ცოდნა დიდი განძია, წარსულზე უნდა აიგოს ხვალე,

თუ წარსული გაქვს გაურკვეველი, ის მიატოვე, სხვას გაუცვალე.

მაშინ მომავალს ბინდი ეკვრება, სინათლეს ახლავს ეჭვი და ბნელი,

მე აღვწერ, მაგრამ შენ რა გირჩიო, არც უვიცი ხარ და არც სულელი.

შენი შეძლება, გამოცდილება, ფიქრით მოგტაცე, ხალხს გადვულოცე,

ჭორვილას მყოფად წარმოგიდგინე, ფუძე დაგიდგი, გზარდე და გლოცე.


წუთიერია ოცნებით ფრენა, წუთში თავსდება მთელი სამყარო,

წუთიც გავიდა, ცხოვრებაც გავა, და რა დაგრჩება გულგასახარი?

 

ბიძინა:

-ათასგვარია ადამიანი, ჭადრაკის დაფა არი ცხოვრება,

როგორიც გნებავს იყოს ჭკვიანი, ყველაფერი არ ემახსოვრება.

ისედაც ხდება, რაც იყო ახსოვს, მაგრამ არ იმჩნევს, თავს მოიტყუებს,

გონებით ზომავს, გონებით სწონის, ხილულს ბრმას არქმევს და მუნჯებს ყრუებს.


მე გამივლია დიდი მანძილი, ავი და კარგი ბევრჯერ მიცდია,

თუ ვინმე დადის ცხოვრების მცოდნე, მერწმუნე, მეტი გამომიცდია.

სამას პარტიას თვალ-ყურს ვადევნებ, მაგრამ ახლოს რად გავეკარები,

მაქვს ზომა-წონა, ვიცი რაც მინდა, დახურული მაქვს მათთვის კარები.

მელია რაა, თუ გვარამია, შესწავლილი მყავს ვინ რა გვარია,

რა აქვს წარსული, რისთვის ირჯება, სად რბილი არი, სად მაგარია.

წინ დიდი დროა, დაე გალაღდნენ, რა აზრებს სდევენ გამოაჩინონ,

შეეცდებიან სახელის პოვნას, ისე, გვერდით სხვა არ დაარჩინონ.

სიბეცე, როგორც თანდაყოლილი ავადმყოფობა, თვითეულს სძალავს,

დიდს ვერ სწვდებიან ქვეყნისთვის სარგოს, გამოიჩენენ სუსტებთან ძალას.


მაგისთანები გამომიცდია, მიწრთნია, ფუჭად არ დამიცდია,

გამცინებია მათ საქციელზე, ყოველი ფიქრობს სხვებზე დიდია.

თავად შევქმენი დიდი პარტია, როცა დრო დადგა, საჭიროდ ვცანი,

შემოვიმტკიცე, გვერდით მყოფებმა ზომა დაკარგეს, გამიხდნენ ძმანი.

იძულებული გავხდი, უჩუმრად, ჯილდოდ კუთვნილი წილი გამეცა,

ზოგს თუ დააკლდა რამე პატივი, სხვებს დაემატა და გაამხეცა.


გავდექი განზე, ვაკვირდებოდი, ერთი-მეორეს არა ზოგავდნენ,

მოვბრუნდი უკან, გზა მივუთითე, ბევრი ვერც მიხვდა რასა სცოდავდნენ.

როცა ჩაწყნარდა მოწევ-მიწევა, იფიქრეს გახდნენ თავისუფალი,

დიდსაც კი ტოლად აღარა თვლიდნენ, ალბათ ეგონათ თავი უფალი.

ბევრზე დაგროვდა ბევრი სადაო, იწყეს ძიება ვინ და სადაო,

ვეღარ არჩევდნენ მტერს და მოყვარეს, დას არქვეს ძმაო, ძმას არქვეს დაო.


ღარიბაშვილი თითქოს ეცადა, იცოდა რა მსურს და რა მეწადა,

ხარისთვის ხარი ეწოდებინათ, წესრიგი ეცნო ყველას  წესადა.

და თავად შეცდა, როცა ისურვა, ამოეშალა სხვების შეცდომა,

ზომა და წონა გადაურია, მაინც ვერ შეძლო სიმართლის წვდომა.

კობახიძე კი უფროა წყნარი, წვრილმან გადახრებს გამოასწორებს,

იცის სად ვენდო, სად ვაკონტროლო, თავს არ გადადებს და მოიღორებს.


ამასობაში სხვა ლიდერები, არჩევნების წინ გაიხსნებიან,

აღმოაჩენენ ხალხში ამყოლებს, დასაბოლებლად გაფრინდებიან.

მე კი, მე უნდა ვაანალიზო პოზიციაა, ოპოზიცია,

გაიგონ მაგრამ ვერ გაარკვიოს, ცდილობენ, ამ ცდას რა მოუცია.

ძნელია ყველას გაკონტროლება, საფიქრ-სადაო არ დამელევა,

თუ თავიდანვე არ დავაცილე, რთული იქნება ერთობის ძლევა.

 

ჟამთა მროველი:

-ხალხში ტრიალებ, რჩები ეული, მიჩვეული ხარ შორიდან თვალთვალს,

აღრიცხვაზე გყავს დიდი, პატარა, ვინ რას შოულობს და რას მიათვალს.

რომ დააჯამებ, სტატისტიკაა ინფორმატორთა რაზმიც გყავს დიდი,

არ გამორჩებათ სხვისი ნაშოვნი, შინ მიტანილი, ზურგს ანაკიდი.


ამ გზით სურათიც დაიხატება, ვინ ვისთვის უნდა იქცნენ ხატებად,

შენ ხარ იმათი ბედის მჭედელი, ვინ წავლენ წყებად, ვინ მოვლენ წყებად.

ახლა მესამედ დაბრუნდი მიტომ, კარგად გაიგოს აქ მყოფმა თითონ,

შენზე ჰკიდია ამათი ბედი, ვინ რას განაგებს, მინისტრობს ვითომ?

პრემიერიდან იწყებ ცვლილებებს, ვინც გაწყენინა – პრემიერია,

შეცვლი, თუმცაღა კარგადა ხვდები, კი არ გპარავდა, თვლა აერია.

უცოდველი  ხომ არც ახალია, რა ჰქონდა, რა აქვს, როგორ იშოვა?

იქნებ შენ თვითონ მიუგდე ლუკმა, იქნებ დაგვარდა და მან იპოვა?


ამას მორჩები, შემდგომ წყალობას ზევიდან ქვევით გაანაწილებ,

თითქოს განსაზღვრავ ვინ რის ღირსია, მაგრამ შეცდომებს ვერ აიცილებ.

ასე შენები ჩარიგდებიან,  პოზიციაა მათი სახელი,

ქართულ ოცნებას თავად ირქმევენ, რას იოცნებებს მათი მნახველი?

ღარიბაშვილი უკვე გაწირე და კობახიძემ ფრთები გაშალა,

რამდენ ბუბეში შაშვებსა ზრდიდნენ, გამოდიოდა ყვავის ბახალა.


ძალისხმევაა მეტი საჭირო ბუდე არ ჩაჭკნეს, ჩამოიშალოს,

ისე არ მოხდეს ტოროლას ნაცვლად, გუგულის გუგუმ ფრთები გაშალოს.

პოზიცია რომ ბუდეში გიზის, ოპოზიცია ფრენას აპირებს,

დროით ზომები თუ არ მიიღე, მიადგებიან რომელ ნაპირებს?


დღეს ეს მსუბუქი საზრუნავია, თავს აარიდებ, ხვალ დამძიმდება

ცხოვრების კალო ასე ტრიალებს, ვინ იტყვის მაზეგ აქ რა მოხდება?

პოზიცია რომ ჭრელი ჩიტია და შენი ხელის აქნევით დაფრენს,

გასაგებია, ერთურთს ბაძავენ, განსხვავებულ გზას ვინ გამოაჩენს?


ერთი ეგ იყო, რომ ყოფილებმა შენი დასტურით  შეაწყეს ხმები,

სუბარ, ხუნდაძე, მაჭარაშვილი `ხალხის ძალაა~ დაგეთანხმები,

მხოლოდ ეგაა, თითეულ მათგანს ცოდვილიანი გზა აქვს გავლილი,

ვერ გაათეთრებს ყვავსა და ყორანს, დღე და ღამ რეცხდეს  წყალი ჩავლილი.

`ხალხის ძალასაც~ ცოდვა ამძიმებს, რად იქნებოდნენ სხვბეზე ნაკლები,

არ დასტოვებენ `სიმრუდით~ ნაშოვნს, რომ მართლა ხალხის გახდნენ ნაკრები.


შენი იმედით კიდეც იმრავლეს, იმედიან გზას, მადით ზომავენ

ვინაა მათი გამჩერებელი, არც არი რასაც ვერ აწონავენ.

მხოლოდ შენა ხარ მათი ბატონი, ისურვებ, მყისვე გაჩერდებიან,

შენ შეგიძლია იმის განსაზღვრა, მოპარულს რამდენს დასჯერდებიან.

 

ბიძინა:

-ქვეყანა ისე წარმოადგინე რომ ვერ იქნები ჟამთა მროველი,

ვისმინე კვლავაც მოვისმენ ნათქვამს, მაგრამ გახდები სიმართლის მთქმელი?

ერთი შეხედვით, თითქოს არ ცდები, საკითხის არსს კი მაინც ვერ ხვდები,

პოზიცია და ოპოზიცია, იმდენი ვინმე, შენ სად გასწვდები.


თავად მეც მიჭირს, ზოგჯერ ვიფიქრებ, კი არ იპარავს, იქნება ცდება,

მოვიცდი, თავად გამოასწორებს, რაც დააშავა,  როცა მიხვდება.

ასე რამდენი პრემიერი და მინისტრთა ჯოგი გამოვიცვალე,

ღარიბაშვილმაც კი მომატყუა, რამდენჯერ? ვცადე და ვერ დავთვალე.

ახლა სხვა  არი, შევცვალე ხაზი, ღარიბაშვილი და გახარია

დაწყვილდებიან, `ნაცებს~ იძმობენ, ამღერდებიან, გაგიხარია,

მხოლოდ ერთია, რას მიაღწევენ, ჯერ "ლელოს| უნდა დაუდონ "ლელო"

"დროა"-"გირჩს "იქნებ კიდევაც უთხრას, გაჩუმდი, ქვეყნად არ მოსასვლელო.


როცა ლიდერი თავს დაარწმუნებს, სტრატეგია აქვს აღმაშენებლის,

რად გამიკვირდეს სხვამ ასე უთხრას, წადი შენიც და შენთან შენების?

ყოველ მათგანს სურს ხელისუფლება, და მისასვლელი გზა ელანდება,

ორატორობენ, ჰაერს არხევენ, პოლიტიკოსის ჩანან ლანდებად.

ბოლო დროს ყოჩობს ხაბეიშვილი, `ვივამედში~ მყოფს დახსნას პირდება,

ფიქრობს, ყვირილით ქაფმორეული, ტრაბახთან ერთად თავად ძვირდება.


ეს ტენდენცია გამოიკვეთა, ვინც ილანძღება და იბრიხება,

ღებულობს ახალ თანამდებობას, ისეთს რომ ახლავს მომყოლთა ქება.

სხვაფრივ ზარქუა თუ  ბერაია პარლამენტში რით აღზევდებოდნენ?

ახლები, ძველებს შერეულები, სხვა რა გზით უნდა განსხვავდებოდნენ?

ზოგჯერ კიდევაც მომწონებია აქუბარდია როგორ ირჯება,

სამადაშვილს თუ ვერ გაუტოლდა, ცალკე დარჩება და დაისჯება.

ზოგი პარტიებს ისე შეიცვლის როგორც იცვლება თავად ბუნება.


ცხოვრებას უნდა აუწყონ ფეხი, განწყობით შეძლონ შემობრუნება.

ყველას ჩამოთვლას არცა აქვს აზრი, რას ღაღადებენ მათი საქმენი?

პარლამენტში ხომ ერთადა სხედან, აზრობენ, გარეთ რა აქვთ საქნელი.

ეს გაგრძელდება არჩევნებამდე, დრო გადის, ლანძღვა უფრო მძაფრდება.

შემოდგომაზე ხელახლა დავთვლით ვინ დარჩება და ვინ გავარდება...



 
 
 

Comments


საკონტაქტო ინფორმაცია

გმადლობთ დაკავშირებისთვის!

©2023 by Aleksandre Akhatneli, Powered and secured by Wix

საქართველოს ისტორია
bottom of page