top of page

მომავლის კანონზომიერება

  • ალექსანდრე ახატნელი
  • Mar 7, 2023
  • 8 min read

Updated: Aug 18, 2023

საკითხის აქტუალობისათვის


„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ეს ნათქვამი სრულიად შეგვეფერებოდა წინა ხელისუფლების მიერ უწყალოდ „ჩარეცხილებს“. სამწუხაროდ, ჩვენს ნათქვამს ყეფადაც კი არ მიიჩნევდნენ აღზევებული. არა და, რა გვექნა თუ რიგით მოქალაქეებს ოჯახის გარდა, ქვეყნის ბედიც გვაწუხებდა. რამდენი იყო და არის რიგითი, ვისაც არაფერს ეკითხებიან, მაგრამ ვისი სახელითაც ხმაურობენ ათობით პარტიები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებები. კარგია თუ ისინი ჭეშმარიტად რიგითების საფიქრალს გადმოსცემენ. თუ არა?

სავალალოდ რიგითი, რიგითია და საინფორმაციო საშუალებებში მათი ადგილი არაა. აქაც მონოპოლიაა ჟურნალისტების, მომრავლებული ექსპერტებისა და გავლენიანი „ჩაურეცხავების“ მხრივ.

საზოგადოებას განსასჯელსა და საკამათოს რა გამოულევს. ახლა ძალას იკრეფს ოდნავ მივიწყებული საკითხი მმართველობის სახელმწიფოებრივი ფორმის შესახებ. ერთი პერიოდი, ინტენსიურად განიხილებოდა ქვეყნის მონარქიული მოწყობის საკითხი. ახლა აქტუალურია დილემა: პრეზიდენტი თუ პრემიერ–მინისტრი, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა.

რაზეა დავა?

მონარქია აბსოლუტური, კონსტიტუციური, რესპუბლიკა საპრეზიდენტო, საპარლამენტო, დიქტატორული, დემოკრატიული, წმინდა, შერეული (სახელწოდებებს რა დალევს), სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმის საკითხია და ამდენად მნიშვნელოვანი. „ფორმა და შინაარსი“, არის ასეთი ფილოსოფიური კატეგორია. განმარტება გვეუბნება: ფორმა საგნის, საკითხის ორგანიზაციულ–სტრუქტურული მხარეა. მთავარი შინაარსია. საგნის არსია მთავარი და არა ფორმა.

როცა პოლიტიკოსები, ექსპერტები დაობენ როგორი რესპუბლიკა სურთ, დაობენ ფორმაზე. შინაარსი (არსი) ან არ აინტერესებთ ან განგებ უვლიან გვერდს (შეიძლება ბევრმა არც იცოდეს)... იქმნება სიტუაცია კრილოვის იგავ–არაკის მსგავსი: ცხოველებმა მოინდომეს ორკესტრის ორგანიზება. დავა მოუვიდათ იმაზე, ვინ სად უნდა დამჯდარიყო. მათთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო და არა ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი.

იგივე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, უნდა გავარკვიოთ მმართველობის ფორმისა კი არა, შინაარსის საკითხი. შინაარსი (არსი) თავად მოითხოვს და გვიკარნახებს მისაღებ ფორმას. სწორედ შინაარსის საკითხია მივიწყებული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ. არა და აქაა პასუხი: გვინდა ბიუროკრატიულ პრინციპზე აგებული სახელმწიფო ორგანიზმი (რაც დღეს გვაქვს) თუ გვირჩევია დემოკრატიულ პრინციპზე აგებული (რაც თეორიულადაც არ განიხილება „დემოკრატი“ პოლიტიკოსებისა და არა ნაკლებ „დემოკრატი ექსპერტების“ მიერ).

რათა გაირკვეს, როგორი შინაარსისა და ფორმის სახელმწიფო ორგანიზმი სჯობს ქვეყნისათვის, ჯერ უნდა მიეთითოს, რა ახალ რეალობაში გვიწევს ყოფნა და როგორია მომავლის პერსპექტივა.


რეალობა


ახსნა არა სჭირდება იმას, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას გააჩნია განვითარების ობიექტური კანონზომიერება, რომელიც თავისებურებებით გამოვლინდება ცალკეულ ქვეყანაში. მათ შორის ზოგადისა და ცალკეულის (კონკრეტულის) დიალექტიკური ურთიერთკავშირია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ამ კანონზომიერებას ემორჩილება.

რატომ ითქვა ეს?

საუკუნეზე მეტი ხნის წინ ითქვა, რომ თანაბრად გარდუვალია იმპერიების მსხვრევა და ერების თვითგამორკვევა (დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა). ისტორიამ დაადასტურა მისი ჭეშმარიტება. დაიმსხვრა იმპერიების უმრავლესობა, ყოფილმა კოლონიებმა მიაღწიეს დამოუკიდებლობას. პროცესი დასრულებული არაა.

განმათავისუფლებელი მოძრაობა გრძელდება შემორჩენილ იმპერიებში. ამავე დროს ძალას იკრებს ეთნიკური და კუთხური განსხვავების ნიადაგზე განცალკევების პროცესები. სადამდე მივა მოძრაობა რთული სათქმელია, ცხადი ისაა, რომ მან ყველა კონტინენტი მოიცვა. იმპერიები, ეთნიკურად ჭრელი ქვეყნები თუმცა ცდილობენ ბევრი პრობლემის „არ შემჩნევას“, მაგრამ თავად პროცესები ამის საშუალებას არ იძლევიან. თვითგამორკვევისა და გამოყოფის ტენდენცია მოქმედებაშია.

მოქმედებაშია საპირისპირო ტენდენციაც. ჯერ კიდევ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ ავტორები მიუთითებდნენ, რომ კაპიტალისტური განვითარება ანგრევს ეროვნული განკერძოებულობის ჩარჩოებს, გადააჯაჭვავს ქვეყნებისა და ეროვნებების ინტერესებს და განსაზღვრავს გლობალიზაციის ხასიათს. ისტორია ადასტურებს მის ობქიექტურობას.

გამოდის, რომ ყოველი ჩაგრული ერთეული იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მიზნის მიღწევის შემდეგ კი, ჩაბმული ფინანსურ–ეკონომიკურ წრებრუნვაში, უკანა პლანზე აყენებს განკერძოების აუცილებლობას.

ლოგიკურია, რომ საქართველოც ვერ ასცდებოდა განვითარების ზოგადი კანონზომიერების მოთხოვნებს. პირველი ტენდენცია განხორციელდა ორ საუკუნოვანი კოლონიალიზმის შემდეგ. განხორციელდა ქართველებისათვის. საკმარისია?

ისტორიამ განსაზღვრა და საქართველო, მრავალი სამეფოსა და სამთავროს ქვეყანა, მრავალ ეროვნული გახდა. მრავალ კუთხურობას, მრავალეთნიკურობა დაემატა.

პირველ რიგში ეს აფხაზეთს შეეხება.

ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, რომ პირველი უცხო ეთნოსის გამოჩენა აფხაზეთის ბოლოს (მხედველობაშია მდ. ყუბანის პირეთი) IXს. განეკუთვნება. თურქული ტომებისაგან გალახული ჯიქები (ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით) აფხაზეთის ბოლოს „ჩაჯდნენ“.XV–XVIს.ს. აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო ყალიბდება და იწყებს ბრძოლას ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროსაგან გამოყოფისათვის. ამ ბრძოლაში მთავრები (შერვაშიძეები) ფართოდ იყენებენ დაქირავებულ მეომრებს. XVII ს. მეორე ნახევრიდან დაქირავებული და ხიზნებად ჩასახლებულები კავკასიონის სამხრეთსაც იკავებენ. როცა რუსეთი იპყრობს და აუქმებს აფხაზეთის ავტონომიას (1864წ.), აფხაზეთის არისტოკრატია ჯერ კიდევ საქართველოს განუყოფელ ნაწილად თვლის თავს. ძირეული ცვლილება განწყობილებაში რუსეთის კოლონიალისტურ პოლიტიკას უკავშირდება. მეტროპოლიამ შეცვალა აფხაზეთი და განსაზღვრა დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბება. დამოუკიდებელი საქართველოსაგან, მაგრამ დამონმებული რუსეთისა. აფხაზეთისათვის განმათავისუფლებელი მოძრაობა გრძელდება. მიაღწევს მიზანს?

აფხაზეთის თავისებურებაა, რომ რესპუბლიკის მმართელ ელიტის შეადგენენ ქართველებისა და აფხაზებისათვის აფსარებად, რუსებისათვის აბაზინებად წოდებული ელემენტები. ცნობილი მკვლევარის გ. ანჩაბაძის დაზუსტებული დასკვნით აფსარ–აბაზინებს სწორედ ქართველების გავლენით ეწოდათ აფხაზები. ეს მოხდა XIXს.

დღეის სინამდვილე ისაა, რომ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე არსებობს აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და საჭიროა მასთან ურთიერთობის დარეგულირება.

მეორე, არანაკლები მნიშვნელობის პრობლემა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკავშირდება. როგორც აფხაზეთის, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორია განხილვის მიზანს არ წარმოადგენს. მხოლოდ ერთი, როგორც აფხაზთა უმრავლესობა ეგროსული წარმომავლობისაა, ადიღეურ ენას ნაზიარები, ასევეა ოსური მოსახლეობა ქართოს – კავკასოსის წარმოშობისა სავრომატულ ენას ნაზიარები. (ალანები: ყარაჩაელები არიან, ბალყარები თუ ოსები – საკამათოა).

1801წ. საქართველოში სულ 29,5 ოსურად მოლაპარაკე იყო. მათი უმრავლესობა გაოსებული დვალი. თავად ოსები კი იმ ტყვეთა ჩამომავლები, რომლებიც ისტორიკოსთა ცნობით ქართლ–სომხითიდან (და არა სომხეთიდან) გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში. (ამიტომ განეკუთვნებიან ოსები კავკასიურ ანტროპოლოგიურ ტიპს). რუსეთმა მათთვის შექმნა ცალკე „ოკრუგი“ 1842წ. ისტორიული დვალეთის ტერიტორია საქართველოს საერთოდ ჩამოაშორეს. ცალკე შექმნეს სამხრეთ ოსეთის ოლქი. ბოლოს, ორი ათეული წლის წინ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, დამოუკიდებელი საქართველოსაგან და დამონებული რუსეთის მიერ. დღეის სინამდვილეა, რომ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და საჭიროა მასთან ურთერთობის დარეგულირება.

ქვეყანა ახალი რეალობის წინაშეა. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის შემორჩენილ (თუ გადარჩენილ და შაგრენის ტყავივით შემცირებულ) სივრცეში არსებობს სამი სახელმწიფო. ამასთან, ორ ახალ წარმონაქმნს მფარველობს და ბატონობს ისევ ის ძალა (იმპერია) შეცვლილი სახელით და ძველი არსით.

სამეულიდან ორში (საქართველოში და აფხაზეთში) იმპერიის მიერ ჩასახლებული იქნა ერთგული სატელიტის, სომხეთის მოსახლეობა დიდი ოდენობით ისინი თავისი მეთოდებით იღწვიან საკუთარი სახელმწიფოს შექმნისთვის სხვის ტერიტორიებზე (გუგულის მეთოდით). აფხაზეთში ასეთი მოთხოვნა აშკარად არ გაჟღერებულა, მაგრამ არც ისაა დაფარული, რომ რაოდენობრივად სჭარბობენ აფხაზებს და ეკონომიკური ბერკეტებიც მათია. თუ არაფერი შეიცვალა, რთული არაა მომავალი პროცესების პროგნოზირება.

ცოტა სხვანაირადაა საქმე სამცხე–ჯავახეთში. 1829წ. შემდეგ ჩამოსახლებულებმა მიწა გაითავისეს და ახლა აშკარად იღწვიან პროგრამა მინიმუმისა და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელებისათვის. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის მიხედვით, ეცდებიან ეს კუთხე, მიუერთონ მშობლიურ სასომხეთს ან შექმნან სომხური ავტონომია. საამისო გამოცდილება მათ უკვე შეიძინეს 1921წ. ქართული ალავერდი – ახტალა – სანოინის ე.წ. ნეიტრალური ზონის მიერთებითა და მოსახლეობის სრული გასომხებით. ყოფილი შუშის სახანოს, ყარაბაღის, საკითხს არ ვეხებით.

ერთადერთი არაქართული ეთნოსი საქართველოში ყოფილი ბორჩალოელები, ახლა აზერბაიჯანელებია, რომლებიც აშკარა გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს არ აყენებენ (იმპერია მათ საამისოდ არ განაწყობს).

რუსეთის იმპერია კავკასიაში ეყრდნობოდა და ეყრდნობა ორ ერთგულ სატელიტს (სომხეთსა და ოსეთს) და ხელს უწყობდა მათ წარმატებებს, მათი მეზობლების ხარჯზე. ასე არის, ასე იქნება. (ვინც ავტორივით შიგნიდან გაეცნო მოსკოვში არსებული ცენტრების საქმიანობას „მშრომელთა ინტერნაციონალური აღზრდის“ ხაზით, იცის, რომ იქ წინასწარაა გათვლილი, ვინ, როდის, ვის, რა მიზეზით უნდა დაუპირისპირონ).


გამოსავალი


ქართველობა ძალზე რთული გამომწვევების წინაშე დგას. გამოსავალი პირველ რიგში საკუთარ მე–ში უნდა ვეძიოთ. უნდა შევძლოთ არსებულის ობიექტური შეფასება და სწორი დასკვნების გაკეთება.


რა ვითარებაა დღეს?


საქართველოს ორი ისტორიული კუთხე მყარად უკავია რუსეთის იმპერიას და არა გაცლას, მათ საბოლოო მიერთებას ლამობს. ამ რეგიონების თვითაღიარებული ხელისუფლების დიდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ შეძლებენ სიტუაციის შეცვლას და იძულებულნი არიან აკეთონ ის, რასაც ცენტრი კარნახობს. ცენტრის მიზნები კი დაფარული როდია. თავის დროზე იმპერიამ საქართველოს ჩამოაჭრა კავკასიონს იქითა მხარეები და დღეს იქ რუსული მმართველობაა, რუსული მოსახლეობის დომინირების პირობებში. თქმას ვინ გაბედავს, რომ მომავალ ზამთრის ოლიმპიადა ყოფილ ჩრდილოეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. თუ დროით არ ეშველა სამხრეთ აფხაზეთს (ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას) მას იგივე ბედი ეწევა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია. მას ჯერ ისტორიულ ოსეთთან გაერთიანების ამოცანა აქვს გადასაჭრელი, შემდეგ კი მასთან ერთად საერთო ასიმილაციურ პროცესებში ჩართვა.

გასახსენებელია ისტორიული წარსული. აფხაზეთი მართალია ყოველთვის იყო საქართველოს სამეფოს შემადგენელი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ნაწილი. ღრმა ისტორიულ კვლევებს რომ შევეშვათ, აფხაზეთის სამთავრო არასოდეს არ ცდილა გამოყოფასა და დაპირისპირებას. ეს რუსეთის გავლენით შეძენილი მისწრაფებაა და ამას რეალურად უნდა შევხედოთ. დღეს, რუსეთმა კიდეც რომ მიატოვოს, ძნელად დასაჯერებელია, რომ აფხაზები იოლად დათანხმდებიან ძველი კავშირების, ძველი სტატუსით აღდგენას.

დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში.

მაშ რა შეუძლია მოიმოქმედოს საქართველომ ჩამოცილებული ნაწილების მოზიდვის მიზნით? გამოცდილება ცხადყოფს, რომ მტკიცე ტერმინოლოგიის შენარჩუნებით და ურყევი მოთხოვნებით არაფერია გამოდის. არა და დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.


გამოსავალი ეგებ წარსულშია?


საქართველო არასოდეს ყოფილა ერთ ენოვანი, მკაცრად ცენტრალიზებული ქვეყანა. იგი მუდამ იყოფოდა განსხვავებულ და განსაკუთრებულ კუთხეების მიხედვით. ორი–სამი სამეფო და ოთხი სამთავრო იყო მისი ძირითადი შემადგენელი. სამცხე–საათაბაგოს დაკარგვის შემდეგაც აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის სამთავროები არასოდეს კარგავდნენ კავშირს დედა სამშობლოსთან. მათ გარდა იყო სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. (აჭარა ბოლომდე მტკიცედ ეპყრათ თურქებს).

დღეს საქართველოში სამი ორგანულად დაკავშირებული რეგიონია. აჭარის რესპუბლიკა, გურია და სამეგრელო–სვანეთით. ამას ემატება რაჭა–ლეჩხუმით და საკუთრივ იმერეთი. ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის რომ საერთო წარსულისა და აწმყოს გარდა არ იყოს მათ შორის თვალში საცემი სხვაობა.

არც აღმოსავლეთ საქართველოა ერთფეროვანი. ჯერ ერთი, თავად ქართლის სივრცეშია მოქცეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სამცხე–ჯავახეთის ნაწილი, ყოფილი ბორჩალო, მთიანეთო (ხევი, მთიულეთი, ფშავ–ხევსურეთი). არც ამ კუთხეებს აკლიათ თავისებურებანი. უფრო აღმოსავლეთით თუშეთია და ორად გაყოფილი კახეთი (თუ ქიზიყს, ორიგინალურ მხარედ განვიხილავთ). აღარაა საუბარი თვითეული ერთეულის შიგნითა თავისებურებებზე.

რა გამოდის? საქართველო ოდითგან ცალკეული კუთხეების კავშირს წარმოადგენდა. იყო ეს კავშირი მკაცრად ცენტრალიზებულ მხარეთა ერთობა თუ თავისებურებებსაც (სხვაობასაც) დიდი ყურადღება ეთმობოდა? შეიძლება თუ არა ამ ერთობას ფედერაცია ეწოდოს?

ახლა გაიხსენეთ აფხაზეთის ხელმძღვანელობის შემოთავაზება, ფედერაციული კავშირის, დამყარების შესახებ ეგება ღირდეს დაფიქრებად?

ორგანიზაციულ–სტრუქტურული შესაძლებელობების, ანუ ფორმის შესახებ მსჯელობა აუცილებელია. სხვანაირად წინ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. არც ვინმე არის ისეთი, რომელიც გადაგვადგმევინებდა. მაშ რა, ვიდგეთ და ველოდოთ მყინვარწვერივით ამაყები და მდუმარენი? შედეგი? მხოლოდ ერთი, ფორმის თვალთახედვით. ფედერაციულ გაერთიანებას მმართველობის როგორი ფორმა უფრო მოერგებოდა, ეს ღრმა განსჯის საკითხია.

ნებისმიერი ქვეყნისათვის და მით უფრო ისეთი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა მნიშვნელოვანია არა მმართველობის ორგანიზაციულ–სტრუქტურული ფორმა, არამედ შინაარსი.

შინაარსის ანუ სახელმწიფო ორგანიზმის აგების პრინციპის შესახებ არაერთხელ თქმულა. შედეგი? სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. წამყვან პარტიათა ლიდერების ერთ შეკრებაზე (ეგება ენიშნოთ!). წერილობით შეკითხვა გაიგზავნა თხოვნით, აეხსნათ როგორ ესმით დემოკრატია, თან მოკლე დახასიათება დემოკრატიისა, რათა აზრი გამოეთქვათ. დასანანი საყურებელი იყვნენ იურისტი–ლიდერები როცა შეკითხვას ერთი მეორეს გადასცემდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და პასუხიც ვერ მოიფიქრეს. დღეს კი ისინი არიან ხელისუფლებაში.

ვინ იცის, დაბეჭდავენ ამ წერილს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ვინც წაიკითხავს, ის გაიგებს: მკითხაობა, საპრეზიდენტო მმართველობა სჯობს თუ საპარლამენტო, შედარებით მეორე ხარისხოვანია. მთავარია, როგორ ორგანიზაციულ პრინციპზე აიგება სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემა.

დღეს ჩვენთან ბიუროკრატიზმის პრინციპი მოქმედებს. აი, რატომ: 1. სახელმწიფოს მართვის პოლიტიკური სისტემა ორ ნაწილადაა დაყოფილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი. მოსახლეობა პერიოდულად (4 წელში ერთხელ) ირჩევს პარლამენტს, ადგილობრივი მართვის ორგანოებს. ამასთან, ამორჩეულს (დეპუტატს, საკრებულოს წევრს) უნიშნავს მაღალ ხელფასს და უქმნის პრივილეგიებს. ამორჩეული ერთბაშად იღებს სიკეთეს და გავლენას, რათა ეს მოიპოვოს ადამიანი მიდის ბევრ რამეზე. რა, როცა იბრძვის დეპუტატობისთვის, ის საქვეყნო საქმეებზეა გადაგებული? 2. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არჩევითობის პრინციპი არა მოქმედებს. ამ სფეროში ადამიანები ინიშნებიან ზევიდან ქვევით. რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრივილეგიებს, იგივეა: რაც მაღალია თანამდებობა, – მით მეტი. ღირს თუ არა კარიერისთვის ბრძოლა? ასეთ დროს თანამდებობის პირის კეთილდღეობა ზემდგომ პიროვნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მთავარია ზემდგომი გყავდეს კმაყოფილი, ხოლო საქმე?

დემოკრატიული პრინციპი?

ზედმეტია იმის ახსნა, რომ დემოკრატია ხალხის თვითმმართველობაა და არა ხალხის მართვა და ა.შ.

პრინციპი ამბობს: 1. არ უნდა იყოს თანამდებობა, რომელიც არჩევითი არ იქნება. (ამასთან, არჩევნები უნდა მოეწყოს შაბლონის მიხედვით კი არა, ვთქვათ 4 ან 5 წლით ავირჩიეთ და გადარჩევას ამდენი წელი უნდა ველოდოთ, არამედ საჭიროების მიხედვით: ვერ ივარგა არჩეულმა, – შევცვალეთ. განა ბიუროკრატიზმის გამოვლენა არაა, როცა რაიონებში საკრებულო–გამგეობების ცვლილება ვერ მოუხდენიათ?), 2. ამორჩეული პიროვნება პასუხისმგებელი უნდა იყოს ამომრჩეველთა წინაშე (ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს უფლება მოითხოვოს პასუხი ამორჩეულის ყოველ ღონისძიებაზე), 3. ამომრჩევლები, სანამ ენდობიან ამორჩეულს ექვემდებარებიან მის გადაწყვეტილებებს, 4. არც ერთ თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს კვალიფიციურ მუშაკზე მეტი ხელფასი. (მეურნეობის კერძო სექტორში ეს მოთხოვნა არა ვრცელედბა), 5. წარმომადგენლობისთვის დეპუტატობისთვის ანაზღაურება უტოლდება საშუალო კვალიფიკაციის მუშაკის ხელფასს, 6. უქმდება ყველა პრივილეგია, რაც თანამდებობის პირს რიგითი მუშაკისაგან გამოარჩევენ.

ჩამოთვლილი ღონისძიებანი სახელმწიფო სისტემის აგების დემოკრატიული პრინციპის შინაარსს განმარტავენ. წარმოდგენა არაა რთული, მათი განხორციელება რომ მოხდეს, ვინღა იბრძოლებდა მაღალი თანამდებობისათვის, დეპუტატობისათვის და ა.შ. აღარ იქნებოდა აზრთა ჭიდილი, არჩევნების როგორი სისტემა სჯობია და ა.შ. ვის სჭირდება თანამდებობა, რომელსაც თან არ ახლავს კარგი შემოსავალი და სხვა პრივილეგიები?

ნათქვამია: ყველაფერი გენიალური მარტივიაო. დემოკრატიული პრინციპიც ისე მარტივია გასაგებად და ისე რთული განსახორციელებლად, რომ ბიუროკრატიულ პრინციპს მიჩვეულ პოლიტიკოსებს მისი გახსენებაც არ სურთ. არა და იყო დრო, როთა ეს პრინციპი (გარკვეული სახით) მოქმედებდა ძველ ჩინეთში, ძველ საბერძნეთში, ადრეულ ქრისტიანულ თემებში, საფრანგეთის რევოლუციების დროს. მეცნიერებმა სწორედ ამ პრაქტიკის ანალიზის შედეგად ჩამოაყალიბეს მისი თეორიული გაგება.

ჩვენი პრემიერ–მინისტრი თავიდანვე აცხადებდა, რომ სანიმუშო დემოკრატიას დაამკვიდრებდა. რამდენად შეესატყვისება მისი გაგება დემოკრატიული პრინციპია თეორიულს? ვინ იცის, არა და, თუ ევროპისკენ მივისწრაფვით, რატომ ყურადღებას არ ვაქცევთ, როგორია საჯარო სამსახურში მყოფთა ხელფასების მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის თანაფარდობა? (საფრანგეთში 10:1, ბელგიაში 5:1 და ა.შ.). ჩვენთან?

საზოგადოებაში საკამათოდ არ მიაჩნიათ, რომ საქართველო მიმზიდველი უნდა გავხადოთ ჩამოცილებული რეგიონებისათვის. რით, თუ არა ქვეყნის მოწყობის დემოკრატიულობით, პოლიტიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის მაღალი დონთი. შესაბამისად, საზოგადოების სამსჯავროზე პირველ რიგში დემოკრატიულობის (შინაარსის) საკითხი უნდა დაისვას და ამის შემდეგ, საპრეზიდენტო მმართველობა გვიჯობს თუ საპარლამენტო ფორმის საკითხიც, პიროვნული ამბიციურობის სფეროდან, საზოგადოებრივ ღირებულებას შეიძენს.

ვინძლო არ შევცდე

Comments


საკონტაქტო ინფორმაცია

გმადლობთ დაკავშირებისთვის!

©2023 by Aleksandre Akhatneli, Powered and secured by Wix

საქართველოს ისტორია
bottom of page