რა ვაკეთოთ?
- ალექსანდრე ახატნელი
- Mar 3, 2023
- 8 min read
Updated: Aug 18, 2023
რა გვაქვს?
ძველებრაული წყევლაა: ღმერთმა შენი არ გაცოდინოს და სხვისი არ გაგაგებინოსო. კაცს უარესი რა უნდა უსურვო. ერს? ქვეყანას?
კარგია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ვიცით რაც ვიცით და რაცა გვაქვს.
ვიცით, რომ დიდხანს ვცხოვრობდით კომუნისტური (სახელწოდებით) პარტიის დიქტატურის პირობებში, რასაც თავისუფლებით თრობა და მძიმე `პახმელია~ მოჰყვა. ბოლოს ე.წ. ფსევდო ნაციონალური პარტიის დიქტატურის პერიოდი დაგვიდგა.
ვიცით, რომ ხელისუფალი იცვლებოდა, ხელისუფლების ფორმა სხვაფერდებოდა, _ არსი რჩებოდა. ბიუროკრატიულ პრინციპზე აგებულ სახელმწიფო მმართველობას სჩვევია ეს. ოდნავი ცვლილებაც არ მიჰკარებია პრინციპს. ჩვენ ეს ვიცით და წყევლა ამიტომ არ გვეხება.
გენიალური მიხვედრაა: ყოველი საზოგადოებრივი წყობილების ხასიათი მიწასთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. გვქონდა მიწაზე სახელმწიფო საკუთრება, მძიმე ბეგარის პირობით მიცემული გლეხობისათვის. ამას სოციალისტურს ვეძახდით, რადგან კერძო-ინდივიდუალური გამოირიცხებოდა. ხელისუფლებისათვის (პარტიის ხელმძღვანელობისათვის) მომგებიანი იყო მეურნეობებისა და კოლმეურნეობების ფორმით გაერთიანებული გლეხობისათვის იჯარით მიეცათ მიწა. ახლა იგი კერძო-ინდივიდუალური საკუთრებით შეიცვალა და ეს დიდ მიღწევად შეფასდა.
ცოდვის კალო დატრიალდა სოფლად. გაქრა მსხვილი მეურნეობისათვის აუცილებელი ტექნიკა. გლეხებმა ორიოდე წელი იწვალეს ბარებითა და თოხებით. წელში გაწყდნენ და თავი ანებეს. ზოგმა გაყიდა სარჩენად მიცემული ნაკვეთი, ზოგმა საძოვრად აქცია. საქმეს არც პრეზიდენტის მიერ სამათხოვროდ დარიგებულმა საწვავ-სასუქმა და ჰიბრიდულმა სიმინდმა უშველა და არც სარეკლამოდ ჩამოტარებულმა ტრაქტორმა.
მტკიცება, რომ ძველი კარგი იყო, უმადურობა იქნება. ერთი კია. ნებადართული წვრილმანი ქურდობისა და მსხვილმანი დატაცებების მიუხედავად სოფლის მეურნეობა რენტაბელური იყო ე.წ. `მიწერების~ გარეშეც. ყოველ შემთხვევაში ეგვიპტიდან _ ნიორის, თურქეთიდან _ ხახვის და ირანიდან _ კიტრ-პომიდორის შემოტანა არა გვჭირდებოდა. დღეს?
სოფლის მეურნეობაში აღარც შემოსავალია და აღარც მოსაპარი. ვინც რა შეიძლო გაგლიჯა და მიითვისა. ვისაც ფული და დაინტერესება ჰქონდა შეიძინა და კერძო მეურნეობა მოიწყო. ფუნქცია დაკარგული, ამწვანებული მინდვრები ხელისუფალს თვითმფრინავიდან გადმოხედვისას შეიძლება კიდეც მოეწონოს, მაგრამ ეს მოსავლიანობას ვერ შეეხიდება. ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია და თუ დამოკიდებულება არ შეიცვალა, მას ვერც გოროზია უშველის და ვერც ბაყბაყ დევი.
მრეწველობაშიც არ იყო საქმე სახარბიელოდ. ფაბრიკა-ქარხნები მუშებისა არისო გვაჯერებდნენ. იქ მართლაც მუშები მუშაობდნენ, მიღებული ხელფასებით ოჯახებს არჩენდნენ. უფრო მეტი, უმუშევარს ვინ დატოვებდა. შიშით უმუშევარი თამამად ვერ გაივლიდა. ვიცოდით, რომ ამით პიროვნების ნება იზღუდებოდა და ამიტომ მუშები უმუშევრებით შევცვალეთ.
ადრე არსებულ წყობილებას სოციალიზმს ვუწოდებდით და ფაბრიკა-ქარხნებზე კერძო საკუთრებას ვკრძალავდით ისე, რომ წარმოდგენა არა გვქონდა რა სხვაობა იყო სახელმწიფო კაპიტალიზმსა და ნამდვილ სოციალიზმს შორის. თანამდებობის ბურჟუაზიას კომუნისტებს ვეძახდით და მათ შესაძლო კონკურენტებს, კერძო კაპიტალისტებს გზას ვუკეტავდით. ვინ მოთვლის რამდენი ლაზიშვილებისა და ნემსაძის მსგავსი ვამსხვერპლეთ ყბადაღებულ ბრძოლას `ნეგატიური მოვლენების~ წინააღმდეგ.
მივხვდით Aანდროპოვ-შევარდნაძისეულ დონკიხოტობას და ვნახეთ გამოსავალი: სახელმწიფო-კერძო საკუთრებიდან გადავერთეთ ინდივიდუალურ-კერძო საკუთრებაზე: ამავე დროს, კომუნისტ-ავანტიურისტებისა და `შავი სამყაროს~ წარმომადგენლებისათვის საწყისი კაპიტალის შექმნის მიზნით არსებული ფაბრიკა-ქარხნები დავანგრიეთ, ჯართად გავყიდეთ და გზა მივეცით რესტორნების, ბენზინგასამართი სადგურების, საპარიკმახეროების, სასტუმროების, ბორდელების სისტემებს და ა.შ.
ქართველები `ძალზე ნიჭიერები~ ვართ და ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს. მერე რა, რომ ათეული ათასობით მუშა-მოსამსახურე, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი უმუშევარი დავტოვეთ, სანაცვლოდ თავისუფლები არიან. ვინ გაუბედავს და ეტყვის – უმუშევარი რატომ ხარო. როგორია?
განა არ ვიცით, რომ ერთ დროს მოწინავე ინდუსტრიის ქვეყანა მრეწველობის გარეშე დარჩა. განა არ გვესმის, რომ კვალიფიციური სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, მაღალი რანგის სპეციალისტების აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ აქაც არის გამოსავალი. როგორი `საამაყოა~ როცა წამყვანი ინჟინერი სანტექნკას გაგირემონტებს, კინორეჟისორი პარკეტს დაგიგებს, ექიმი ფანჯრებს გაგიწმენდს და ა.შ. მთავარია საამისო ფული გქონდეს. რა გზით იშოვი, რა მნიშვნელობა აქვს.
`დიადი გარდაქმნების~ პერიოდში გავაუქმეთ მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის და ა.შ. სამინისტროები. აბა რა გვექმნა. `უნარიან~ პიროვნებას მათი შიშით ვერ `გაეიმასქნა~ რაც სურდა და სადაც სურდა. პიროვნების უფლებები ირღვეოდა. ახლა? მხოლოდ ვ. რჩეულიშვილმა კუპონებით ნაყიდი ობიექტების ასეულ ათას დოლარად გაყიდვით `ნაშოვნი~ ფულით სად რა არ ააშენა. და რამდენმა მისნაირმა `კეთილშობილმა~ მოჰფინა ქვეყანა საკმაოდ უსახური შენობებით. ქალაქს სივრცე დაუკარგეს და მაცხოვრებლებს ამოსასუნთქი. ვიცით სადამდე მივედით ამ გზით.
ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი საქმე კარგად იცის და გინდათ შეეკითხეთ. რომ არ შეექმნათ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, არ გადაეკეთებინათ ათასჯერ და დიდი ძიების შემდეგ ეკონომიკის `მდგრადი~ განვითარების სამინისტრო არ დაერქვათ, ისე წვალებით აშენებულ ობიექტებს, ასე იაფ-იოლად როგორ მოიპოვებდნენ? თანაც რა კარგია, როცა ამას ხელისუფალთა ოჯახები ახერხებენ.
ადრე ქვეყანაში საგეგმო კომიტეტი არსებობდა. წინასწარ ანგარიშობდნენ რა გვჭირდებოდა, რა უნდა გვეკეთებინა, როგორ გაგვენაწილებინა, გვევაჭრა, გვეცხოვრა და ა.შ. იგეგმებოდა რამდენი რა იყო საჭირო. ისიც კი რამდენი ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი და ა.შ. `გიჟები~ იყვნენ. აქაო და შენს დაბადებამდე დედაშენს ე.წ. დეკრეტის ფულს ვუხდიდით, შენც უფასო სამშობიაროში დაიბადე, ექიმები ყოველთვის უფასოდ გემსახურებოდნენ, უფასო საბავშვო ბაღში წამოიჩიტე, უფასო სკოლა დაამთავრე, უფასო უმაღლეს სასწავლებელში სტიპენდიასაც კი გიხდიდით, გინდა არ გინდა ერთი წელი მაინც იქ უნდა იმუშაო, სადაც ჩვენ გეტყვითო... პიროვნების უფლებათა შელახვას ჰქონდა ადგილი. ახლა? ჩიტივით თავისუფალი ხარ. თუ შენს მშობლებს ფული არა აქვთ – ნუ დაიბადები. იჯექი დედის მუცელში და ინებივრე. კაციშვილი არ შეგაწუხებს, არ გეტყვის: ეხ ბიჭო, ოღონდ დაგვენახე და შენი ფული არ გვინდაო. აღზრდა, სწავლა, ჯანმრთელობა რა ჯდება? თანაც ყოველდღე თუ არ გაძვირდა ყველაფერი, როგორ მიხვდები რომ ცხოვრება ძვირფასი გახდა? არა, თუ ფული არა გაქვს არავინ დაინტერესდება შენით. რა ცოტაა უსწავლელი, მშიერი და მიუსაფარი? ცოტაა ვინც სანაგვე ყუთებში იქექება, მათხოვრობს, საჭმელს იპარავს? დიდი ამბავი ერთით მეტი ან ნაკლები. ვიცით, რომ ის სისტემა არ ვარგოდა. ეს?
ერთ დროს თავი მოგვწონდა, რომ არავის ჩამოვრჩებოდით განათლებითა და კულტურით. საოცრება იყო. ერთ საგანში ერთი სახელმძღვანელოთი თაობები სწავლობდნენ და მაინც უფრო მეტი წარმატება იყო, ვიდრე დღესაა. ყოველ საგანში რამდენიმე სახელმძღვანელო აქვს მოსწავლეს და შედეგი არა ჩანს. გვეამაყებოდა, რომ ჩვენი დონის მათემატიკური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ. სამეცნიერო კადრები ბევრ ქვეყანას არა ჰყავდა. ახლა? აქ სამოქმედო ასპარეზი მოვუსპეთ, `ჩავრეცხეთ~ და ვინც საზღვარგარეთ ვერ გაგვასწრო, შიმშილით და დამცირებით მოვუღეთ ბოლო. აბა რა გვექნა. ახალი, მაღალი შემართების, `ოკეანედალეული~ თაობისთვის ადგილი ხომ უნდა დაეთმოთ. სწავლა-განათლების სისტემაც მოვიყვანეთ გონზე. რას ჰგავდა. ახლა სულ სხვაა. ჯერ სანტექნიკმა ორსახელიანმა ლომაიამ `შეარემონტა~ განათლებისა და მეცნიერების საქმე, შემდეგ პროკურორმა გვარამიამ გამოუტანა განაჩენი და ახლა საპატიმროთა სისტემის ყოფილი `შეფი~ აგვირგვინებს წინაპართა ნაღვაწს. როგორია? დადიან თუ არა ზედამხედველები სკოლების დერეფნებში? ჯერ სადა ხართ. ხელისუფლების მზრუნველი ფანტაზია ულევია.
ჩამოთვლაც კი ძნელია, იმდენია სათქმელი. ვიცით რა იყო და რა გვაქვს. ისიც, რატომ და როგორ. ამიტომ ებრაული წყევლა – ღმერთმა შენი არ გაცოდინოსო, ჩვენ სულაც არ გვეხება. ჩვენ ვინ უნდა გვასწავლოს რა გვაქვს. ვერც იმას აგვიხსნიან რა გვინდა.
რა გვინდა?
კითხვა მოკლეა და ყოვლისმომცველი. პასუხიც ასევე: ქართული ოცნების აღსრულება. პარტია კი არაა მხედველობაში. ნამდვილი ოცნება ჩვენი ერთობის, ძმობის, თანასწორობის შესახებ. ეს კი თანაბრად ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ესაა საზოგადოების სურვილი და მხარდაჭერის პირობა.
და მაინც რა გვინდა?
პირველ რიგში გარანტირებული შრომის პირობების შექმნა. ნებისმიერ ჩვენგანს უნდა შეეძლოს საკუთარი ცოდნის და უნარის გამოყენებით სასიცოცხლო პირობების დაკმაყოფილება. არ უნდა ჰქონდეს დილემა, იშოვის სამუშაოს თუ მშიერი ეყოლება ოჯახი. სასიცოცხლო პირობები სამ რაიმეს მოიცავს: კვება, ჩაცმა, ბინა. ადამიანს გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამივე. საზოგადოებას თუ არ შეუძლია სამუშაოთი უზრუნველყოს პიროვნება, მაშინ უნდა იკისროს სასიცოცხლო მინიმუმის უფასო დაკმაყოფილება. (წამომცდა. ეს ხომ კომუნიზმია კ. მარქსის გაგებით?..)
კიდევ რა გვინდა?
ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესების გადალახვა და საზოგადოებრივი ერთიანობა. არაერთხელ ითქვა, რომ პარტია სხვა არაფერია თუ არა კარგად ორგანიზებული ბანდა შექმნილი ხელისუფლების მოპოვების მიზნით. ხელისუფალი, რომელიც პარტიის ინეტერესებს გამოხატავს, _ დანარჩენ საზოგადოებას უპირისპირდება.
გვინდა დემოგრაფიული სიძლიერე. დიალექტიკის კანონებს შორის ფ. ენგელსი რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის კანონს ანიჭებდა უპირატესობას. მაო ძე-დუნის დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ჩააყენა ჩინეთი გადამწყვეტი სიტყვის მთქმელთა რიგებში. ჩვენ ჩინეთს კი არა, მეზობელ სომხეთსაც ვერ შევეჯიბრებით დემოგრაფიული ზრდის ხაზით. იყვირეთ, ძალა ერთობაშიაო თუ გასაერთიანებელი აღარავინაა.
პრეზიდენტს სინგაპური მოსწონს და ქვეყნის სინგაპურიზაციაზე ოცნებობს. რა რესურსებს ფლობს სინგაპური? წყალიც კი არა აქვთ დასალევი. რა გზით მიაღწიეს წარმატებას? მართვის რაციონალური სისტემის შექმნით. აქ რომ ხმაურია ატეხილი რეფორმების რეკლამირების მიზნით, თუ გაუგიათ როგორ მოახერხეს იქ წარმატება? მარტივად: ხელმძღვანელებს დაუნიშნეს ძალზე მაღალი ხელფასები და თანამდებობებზე პატიოსანი ადამიანები შეარჩიეს. ამასთან, თანამდებობის პირს საკუთარი ხელფასით უნდა დაექირავებინა დაცვა, მომსახურე პერსონალი, პირადი კანცელარია, მიეღო დელეგაციები, წასულიყო ვიზიტით და ა.შ. რაც ნაკლებს დახარჯავდა, მეტი დარჩებოდა პირადი მოხმარებისათვის. ე.ი. ეკონომიაში ძირეულად იყო დაინტერესებული. დათანხმდება ჩვენი პრეზიდენტი ასეთ პირობებში თუნდაც 100 000 ლარ ხელფასს? ვინ იცის.
არის რაციონალური მმართველობის მოწყობის დემოკრატიული პრინციპი. უკვე დაიწრა მისი არსის შესახებ. იგი გულისხმობს: 1. სახელმწიფოში თანამდებობის პირების სრულ არჩევითობას; 2. ამორჩეულთა პასუხისმგებლობას ამომრჩეველთა წინაშე რიგითი სასამართლოს მეშვეობით; 3. ნდობის პერიოდში ამორჩეულთა გადაწყვეტილებებისადმი მორჩილებას; 4. ხელფასების მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის 3:1 ან 5:1 თანაფარდობას; 5. პარლამენტის დეპუტატებისათვის საშუალო ხელფასის დაწესებას; 6. ყოველგვარი პრივილეგიის გაუქმებას, რაც თანამდებობის პირს მოქალაქეებისაგან გამოარჩევს.
ესაა სახელმწიფო ორგანიზმის აგების დემოკრატიული პრინციპის თეორიული გაგება. იგი კონკრეტული პირობების მიხედვით შეიძლება იქნეს გამოყენებული. მეურეობის კერძო სექტორში სხვა პრინციპი მოქმედებს.
აღნიშნული არ გამორიცხავს მეურნეობის კერძო სექტორზე სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობას. ჯერ კიდევ 1929-1932 წწ. მსოფლიო კრიზისმა ნათელყო კეინსის თეორიის სისწორე ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მიზანშეწონილებაზე.
სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს და გააკონტროლოს ხელფასების მინიმუმის ოდენობა; გასაყიდი საქონლის მაქსიმალური ფასი და ხარისხი; ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და ა.შ. ამ მხრივ ჩვენთვის მისაღებ მოდელს ალბათ ავსტრია წარმოადგენს. იქ სახელმწიფო და კერძო სექტორები დაახლოებით თანაბარი ძალისაა, სტრატეგიულ მიმართულებებს სახელმწიფო აკონტროლებს. კერძო საკუთრება, წარმოება და სხვ. კარგია, მაგრამ არ შეიძლება მისი უკონტროლობა საზოგადოების მხრივ. მაგალითისათვის: როცა სახელმწიფო ტყეებს, მდინარეებს და ა.შ. გადასცემს კერძო კაპიტალისტებს (მით უმეტეს თუ ის უცხო ქვეყნიდანაა) ხომ აპრიორი დარწმუნებულია, რომ მოიჯარე ბუნების ექსპლუატაციით, მოგებითაა დაინტერესებული და არა მისი დაცვა-გაძლიერებით. ასე არაა?
ადრე ითქვა. ყოველი ადამიანი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრია, საბოლოო ანგარიშით მისი კუთვნილებაა და არა მშობლების საკუთრება. ამიტომ საზოგადოებამ (სახელმწიფოს სახით) უნდა იზრუნოს მის უხიფათო მოვლინებაზე, აღზრდაზე, სწავლაზე, შრომით მოწყობაზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მორალური უფლება, მოსთხოვოს შრომითი და თავდაცვითი მოვალეობის შესრულება. ქვეყანა, რომელიც ფულს (თანაც რამდენს) ითხოვს მის დაბადებაში, არ მონაწილეობს მის აღზრდა, სწავლა და ა.შ. საქმიანობაში, სამშობლო არაა და ვერავითარი პროპაგანდა მოქალაქეს სიყვარულს ვერ ჩაუნერგავს. სამშობლო არ აიძულებდა მოსახლეობის საუკეთესო ნახევარს თავშესაფარი უცხო ქვეყნებში ეძია.
რა გვინდა? რომ სამშობლოში გვეცხოვრებოდეს და მსოფლიო მათხოვრის მდგომარეობაში არ ვიყოთ. რა, არა აქვს ქვეყანას ამის რესურსი? სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში ეს ადვილად მისაღწევია. ხელისუფლება, რომელიც თვითონ მდიდრდება და ხალხს სწირავს – მტერია და მოსაშორებელი. აბსოლუტურად მართებულია პრეზიდენტის ლოზუნგი: ქურდი ციხეში უნდა იჯდეს.
რა გვინდა და რა შეიძლება გვქონდეს ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ულევი თემაა. აქ მხოლოდ ორიოდ არსებით მომენტზე გამახვილდა ყურადღება. ისიც იმიტომ, რომ დარწმუნდეთ, როცა იწყევლებიან: შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგაგებინაო, ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ჩვენიც ვიცით და სხვისიცა. რჩევაც, გამოცდილებაც, რეალური დახმარებაც, მეგობრობაც და მტრობაც... გასარკვევი ერთია: რა ვაკეთოთ, რომ მივიღოთ რაც გვინდა?
რა ვაკეთოთ?
გულახდილად: არც ჩერნიშევსკის და არც ლენინის `რა ვაკეთოთ~ არ გვაინტერესებს. ჩვენ ჩვენი გვტკივა. დღეს საზოგადოება აშკარად სამ ნაწილადაა გაყოფილი. ხელისუფლება, ოპოზიცია და მოსახლეობის ძირითადი მასა: `შუა~.
გარეგნულად ხელისუფლება მონოლითური ერთიანია. სინამდვილეში ერთგული ერთეულებია, რადგან იგი მყვირალა აგიტატორებისაგან შედგება და არა რწმენით, იდეით გაერთიანებული პიროვნებებისაგან. მეცნიერება გვეუბნება: როცა საზოგადოებრივი მოძრაობა აღმავლობას განიცდის, მას უამრავი მყვირალა მედროვე ეტმასნება და სათავეშიც ექცევა. სანაცვლოდ, რღვევასა და დასასრულსაც ისინი კარგად გრძნობენ და პირველები სტოვებენ რიგებს.
ხელისუფლება მხოლოდ გარეგნულადაა მტკიცე და ერთიანი, საკმარისია ოპოზიციის მიზანმიმართული გაბრძოლება და რყევა, რღვევა და დაშლა გარდუვალია.
თავად ოპოზიციაც არაა ერთიანი. ბევრია ლიდერებს შორის პროფესიული იდიოტიზმის ტყვეობაში, ბევრი მოძრაობას ხედავს თავის თავში და არა თავს მოძრაობაში. ამიტომაა გაუცხოება და დაქსაქსულობა, მრავალპარტიულობა და დაპირისპირება. სხვა მხრივ სახელწოდებების გარდა რა არსებითი სხვაობაა არსებულ 200 პარტიას შორის? რომელი პარტიის, რომელი ლიდერია, რომელიც თავისი პროგრამით დააინტერესებდა საზოგადოების `შუა~ ნაწილს და იდეურად აიძულებდა მიმხრობოდა მას?
საზოგადოებას იმედად ბიძინა ივანიშვილი ესახება. მან შეძლო ოპოზიციის ნაწილის გაერთიანება, რაც სრულებითაც არაა საკმარისი წარმატებისათვის. რა უდგას წინ დანარჩენი ოპოზიციური ძალების მასთან მიერთებას? უეჭველად კვლავ პიროვნული დამოკიდებულება. პიროვნული ამბიციები უშლის ხელს გაიაზრონ, რომ შენი მტრის მტერი, მეგობარი თუ არა თანამებრძოლი მაინც არის.
როცა პიროვნების შესახებ თითქმის არაფერი იცი, მსჯელობა მკითხაობის ტოლფასია. ამიტომ, ის შედარებითი ინერტულობა, რაც ახალი აღიარებული ლიდერის მოქმედებაში შეიმჩნევა, შეიძლება მისი ტაქტიკური სვლაც იყოს. უფალმა ინებოს ასეც იყოს, მაგრამ ბრძოლის შესახებ ფ. ენგელსის მიერ შემუშავებული ტაქტიკური ხაზიც არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. კერძოდ კი ის, რომ ბრძოლა არ უნდა დაიწყო საფუძვლიანი მომზადების გარეშე, თუ დაიწყე შემდეგ აღარ უნდა შეჩერდე, მოწინააღმდეგეს ძალთა მობილიზების საშუალება არ უნდა მისცე, უნდა ეცადო ყოველ დღე თუნდაც მცირე, მაგრამ წარმატების მოპოვების და ა.შ. ეს აიძულებს მოწინააღმდეგის მყვირალა ელემენტებს მიატოვონ (ფარულად მაინც) ხელისუფლების მხარე და რაც მთავარია, აამოძრავებს შუას, განაწყობს საბრძოლველად და შემდეგ უკვე მოძრაობის ბედი გადაწყდება.
ოპოზიციისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების კრიტიკის ფონზე საკუთარი საპროგრამო მიზნების წარმოჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა: ამირან გულში მღეროდა...
საპროგრამო საკითხების პროპაგანდისას სულაც არ იქნება მომგებიანი ცალკეულ პარტიათა იმედით დარჩენა. პარტიებს თავისი დაბალი ავტორიტეტის გამო არ შეუძლიათ მასების დარაზმვა, განსაკუთრებით სოფლებში. სანაცვლოდ მომგებიანი იქნებოდა ერთგვარი პოლიტიკური კლუბების შექმნა, სადაც ყველა თანაბარია. პედაგოგთა კოლექტივია სოფლად წამყვანი იდეური ცენტრი. სწორედ აქეთ უნდა იქნეს ძალისხმევა მიმართული, ხელისუფლების ეს ბასტიონი უნდა შეირყეს. აქედან უნდა წამოვიდეს სამოქმედო პროგრამის საკითხების შეფასება. ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა გაუზიაროს აზრი და გაიზიაროს შენიშვნები. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ მის პოზიციას აფასებენ, ისაა ძალა, ის იმუშავებს ქვეყნის გარდაქმნის პროგრამას და მანვე უნდა მოახდინოს რეალიზება, რათა შეიქმნას უკეთესი მომავალი შვილებისათვის, ახალი თაობებისათვის.
რა ვაკეთოთ?
დავძლიოთ საკუთარი ამბიცია, გადავდოთ პირადული, გავიდეთ ხალხში, ვუთხრათ კონკრეტულად რას გავაკეთებთ მომავალში, რა გვაქვს სამოქმედო პროგრამა. საზოგადოებამ რწმენით უნდა გააკეთოს არჩევანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვინც მასას მიიმხრობს, ის გაიმარჯვებს.
Comments