top of page

ქართული ოცნება "შუა, უნდა გაიკრიფოს"

  • ალექსანდრე ახატნელი
  • Mar 2, 2023
  • 9 min read

Updated: Aug 18, 2023

ხელისუფლება


ფილოსოფოს ჰერაკლიტე ეფესელს მოთხოვეს ქალაქისათვის კარგი კანონების შექმნა. უარი განაცხადა. რა თავში იხლით კარგ კანონებს, როცა სათავეში არამზადები გყავთო. დიახ. მთავარია არა კანონთა ხარისხი და რაოდენობა, არამედ მათი აღმსრულებლების სიპატიოსნე და კომპეტენტურობა.

ისტორიას ახსოვს სამეფოები, სადაც მმართველობაც დემოკრატიული იყო და მოსახლეობაც კმაყოფილი. ბიბლიის ათი მცნება სრულიად საკმარისია ადამიანური ურთიერთობების დარეგულირებისათვის. სასიქადულო ამერიკამ ორასი წლის წინ მიიღო კონსტიტუცია და აღარ შეუცვლია. ჩვენ?

ჩვენ გამორჩეულები ვართ. ხელთათმანივით ვიცვლით კანონებს. მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტმა ათასზე მეტი კანონი მიიღო. ყოველი მათგანი რაიმეს უფლებას გვართმევს ან გვაძლევს. არა და ამ პატარა ქვეყანას ათასი კანონი კი არა, ათასი პატიოსანი, მცოდნე და ხალხის ინტერესების ერთგული ხელმძღვანელი სჭირდება. რა არ მოიძებნებიან ასეთები? შემრცხვებოდა ქართველობისა, სულ ცოტა ოცი ათასი რომ არ გვყავდეს, ვინც ახლანდელებზე უკეთ გაუძღვებოდა საქმეს. მაგრამ ხელისუფლებაში მათ ვინ გააჭაჭანებს.

თავად ხელისუფლების სტრუქტურების თანამშრომლებიც ძირითადად სამ კატეგორიად იყოფიან. ისინი, ვინც ბრძანებებს იძლევიან და ცვლილებებს განსაზღვრავენ. ისინი, ვინც ერთგულად ასრულებენ ხელმძღვანელ მითითებებს და ისინი, ვინც იძულებულია იდგეს მათ სამსახურში (არ უნდა იქნეს დავიწყებული სიბრძნე: ცალკეული ხელმძღვანელების, მინისტრების შეცვლა საქმეს ვერ შეცვლის, რადგან რეალური ძალაუფლება იმათ ხელშია, ვინც სახელმწიფო სტრუქტურების კანცელარიებს ავსებს და ერთგულად ასრულებს შავ სამუშაოს).

ხელისუფლების ორგანოები ბიუროკრატიზმის პრინციპითაა აგებული. თანამდებობებზე ადამიანებს კი არ ირჩევს ხალხი, არამედ ხდება დანიშვნა ზევიდან ქვევით. ამასთან, რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით მეტია ხელფასი და ეკონომიკური პრივილეგიები. ეს კეთდება, რათა მეტი იყოს დაინტერესება და მორჩილება. გამონაკლისი არც პარლამენტია, რომლის დეპუტატებს ფორმალურად მაინც ხალხი `ირჩევს~? აქაც საგრძნობი სხვაობაა რიგით დეპუტატს, ფრაქციის თავმჯდომარეს, კომიტეტის თავმჯდომარეს და სხვათა შორის. აბა, ხომ უნდა აინაზღაურონ მოგებით, დეპუტატის მანდატის მოპოვებისათვის გაწეული ხარჯი?

არც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია საქმე უკეთესად. გაბედე და ნუ შეასრულებ ხელმძღვანელის სულ უკუღმართ გადაწყვეტილებასაც კი. რა დროს ხალხის ინტერესებზე ზრუნვაა, როცა საკუთარი გყავს დასაკმაყოფილებელი. ამიტომ მცოდნე და პატიოსანიც კი უპრინციპობის ჭაობში ეფლობა. რა, სასამართლო ხელისუფლებაშია უკეთესი მდგომარეობა? უწინ მოსამართლეთა არჩევა ხდებოდა. ახლა ეს წესი მიივიწყეს და ზევიდან ქვევით ნიშნავენ. გაბედავს ასე დანიშნული დამნიშნავის წინააღმდეგობას? მაშ რისთვსაა მოგონილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

ვერტიკალის პრინციპით აგებული ბიუროკრატიული მექანიზმი ძლიერია. მისი შერყევა თითქმის შეუძლებელია. ხელისუფლების ყოველი შტო ქმნის საკუთარ ე.წ. ელიტას, რომელთა ერთობა შეადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველ ძალას. მის განკარგულებაშია პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი და ძალისმიერი ზემოქმედების ბერკეტები. სხვა რა დანიშნულება აქვს მრავალ ათი ათასიან ღია და ფარულ საპოლიციო სისტემას, პროკურატურას და ა.შ. როგორ ფიქრობთ, კარგად შეიარაღებული ჯარი ვის საწინააღმდეგოდაა გაწვრთნილი? ისეთ მეზობლებს როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი ჩვენ არ ვემტერებით და არც გვემტერებიან. რუსეთს, ხომ ვნახეთ, ვერაფერი დავაკელით. რა ერაყისა და ავღანეთისათვის ვწირავთ შვილებს? საქართველო რომ ნეიტრალური იყოს ამით რა დაშავდებოდა? რამდენი დაიზოგებოდა? მაგრამ საკუთარ ხალხს უჯაროდ და უპოლიციოდ მორჩილებაში რომ ვერ იყოლიებდი? ამიტომაა შეიარაღება საჭირო.

ქვეყანაში, სადაც მეურნეობის სახელმწიფო და კერძო სექტორებია, ხელისუფლება უკანასკნელს უყურადღებოდ ვერ დატოვებს. შეუთავსებელია, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ერთს ეკუთვნოდეს და ღარიბი იყოს, მეორე კი ეკონომიკურად ბატონობდეს. ცხოვრების კანონია: მდიდარი ძალაუფლებას ელტვის, ძალაუფლების მქონე კი სიმდიდრეს.

ძალიან ბევრს უკვირს: 2003 წ. ხელისუფლების სათავეში მოსული მშიერი ბიჭები მილიონერები რა სწრაფად გახდნენ. აბა როგორ გინდათ, ხელისუფლება ამათ ეკუთვნით და ბუნებრივია, რომ კარგი ცხოვრებაც მოუნდათ. უფრო საინტერესო ისაა, ხელისუფალთა ახლობლებს, როგორ უცებ აღმოაჩნდებათ ხოლმე ბიზნესის კეთების ნიჭი. რას იზამ. ამათგან ძეგლჩამოგდებულივით `გადარეული~ ხომ არ იქნებიან, მსოფლიო იმპერია შექმნა და მოხუცი დედისთვისაც კი დაენანა ერთი მილიონის ჩუქება. ჭკვიანები სხვანაირად იქცევიან: ჯერ მე და თუ დამრჩება თქვენო. აბა რა ქნას თუ ბებიას იაპონიის ნახვა მოუნდება. დაელოდოს სხვების ბებიები როდის მორჩებიან სანაგვეში ქექვასა და მათხოვრობას? ნურას უკაცრავად.

დიახ. ვინც ხელისუფლება (რა გზით რა მნიშვნელობა აქვს) ჩაიგდო, ყველაფერი მისია. რატომ დაელოდება კერძო სექტორი როდის დააფინანსებს. უმჯობესია კერძო სექტორსაც თუ ხელთ მოიგდებს. რა დალევს ამ ქვეყანაზე ნათესავ-მეგობრებს, რომლებიც დაუფლებაში დაეხმარებიან.

მეცნიერები ამბობენ, ხელისუფლებაში ყოფნა რომ მომგებიანია, არც მართვაა რთული. სხვა ამბავია, ვინც უკვე იქ ბატონობს, ცდილობს მართვას ისეთი ზერთული საქმის ორეოლი შესძინოს, რომ ხალხმა ირწმუნოს: რა გვეშველებოდა ეს ან ესენი რომ არა გვყავდესო. ხელისუფლებაში მოსული დროთა განმავლობაში პოლიტიკური ავადმყოფობით ავადდება. მასთან შედარებით კიბოც კი იოლი ასატანია. ესაა პროფესიული იდიოტიზმი, იმის თვითრწმენა, რომ მასავით არავის შეუძლია ქვეყნის ხელმძღვანელობა და ამიტომ უნდა იყოს მუდმივად. როგორც იტყვიან `უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ემსახუროს ხალხს და ქვეყანას~. საცოდავები. ვერ გრძნობენ, რომ ხანგრძლივად ხელისუფლებაში ყოფნა კონსერვატიულს ხდის მათ აზროვნება-მოღვაწეობას და ყველაზე ჭკვიანიც კი განვითარებას ჩამორჩება.

წარმოუდგენელია, რა მოხდებოდა ჯადოქრული ძალით, ბიუროკრატიულ მმართველობას დემოკრატიულით რომ შევცვლიდეთ. ბევრი არაა საჭირო. საკმარისია: 1. ყველა თანამდებობის არჩევითობის პრინციპისათვის დაქვემდებარება; 2. ხელფასების მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის 3:1 ან 5:1 თანაფარდობის დაკანონება. ეჭვი არაა ასეთი ღონისძიებანი არა მხოლოდ ბიუროკრატიზმსა და კორუფციას გახდიდა შეუძლებლად, არამედ სხვა დემოკრატიულ გარდაქმნებსაც გზას გაუხსნიდა.

ასეთი წარმოსახვაც კი მკრეხელობაა. რა ეშველებოდა ჩვენს არისტოკრატიას, ხომ დაეკარგებოდათ თანამდებობისათვის ბრძოლის ხალისი, ხომ მიაწყდებოდნენ მეურნეობის კერძო სექტორს, ხომ დაგვჭირდებოდა თანამდებობებზე ძალით არჩევა და ვის ავირჩევდით მაშინ? ეჭვი არაა, ვისი იმედიც გვექნებოდა, რომ საქმეს კარგად გაუძღვება. მაგრამ მაშინ ჩვენს სახელოვან ოპოზიციურ პარტიებსაც რომ არ დასჭირდებოდათ საარჩევნო კანონის შეცვლისათვის ოფლის ღვრა? და საერთოდაც იქნებოდა ოპოზიცია?

ასეა თუ ისე, ხელისუფლება საზოგადოების `საამაყო~ დიდ უმცირესობას შეადგენს. დღეს ეს განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების არსებობა-განვითარების ხასიათს.

ოპოზიცია?

ოპოზიცია


მოსახლეობა რამდენიმე მილიონისაგან შედგება. ხელისუფლებაში მყოფთა და მათი აქტიური დამქაშების რაოდენობა ათასებით გაიზომება. ეს საზოგადოების ძალზე მცირე ნაწილია. დიახ. ცოტანი არიან მდიდრები და კმაყოფილები, მაგრამ ესაც საკმარისია, რომ მათ მოქიშპეები ჰყავდეთ. დღეს ხელისუფლებას ოპოზიცია უპირისპრდება. პირდაპირ უმიზნებს ძალაუფლებასა და თანმხლებ სიკეთეს.

ვინ არიან ეს უმადური ადამიანები ხელისუფლების რომ შურთ და დაჩაგვრას უპირებენ?

ოპოზიციონერები ბევრნი არიან და ბევრ პოლიტიკურ პარტიას ავსებენ. ყველას დახასიათება კი არა, ჩამოთვლაც ძნელია. მთავარია რომ არიან, `ხალხის~ ინტერესებისათვის იბრძვიან და არც ერთი-მეორის `დაძირვაზე~ ამბობენ უარს. მაშ როგორ გინდათ. სხვამ იბრძოლოს ხალხისათვის, სხვამ მოიპოვოს ხელისუფლება, აქედან გამომდინარე სიკეთით და დანარჩენი ხალხივით გაძარცული დარჩეს? რატომ?

კარგია კარგი ცხოვრება. სად ნახავთ ჭკუათმყოფელს არ უნდოდეს? ვერც ნახავთ. კარგი ყოფისათვის ბრძოლა დაქსაქსულ, დათითოებული ადამიანებისათვის უპერსპექტიოა. მაგრამ თუ გაერთიანდებიან თუ პარტიას შექმნიან? ძალა ხომ ერთობაშია. ამიტომ იქმნება პარტიები, პარტიათა გაერთიანებები და თუ მიზანს ვერ აღწევენ, იშლებიან და წარუმატებლობის მიზეზის ძებნისას ერთიმეორესაც უპირისპირდებიან.

მმართველმა პარტიამ თავის დროზე მოახერხა, გაერთიანებაც შეძლო დაქსაქსული ძალების, დიდი მეტოქეც ჩამოიშორა ლეიბორისტების სახით და ხელისუფლებას დაეპატრონა. თანაც როგორ მყარად, რომ გარეთ დარჩენილები ვერას აკლებენ. რას იზამ, ბელადი ჰყავთ მაგარი. განა არა სცადეს დემონსტრაციების მოწყობა, მჯდომარე გაფიცვა, საკნებში ჩაჯდომა, თვეობით პარლამენტთან დგომა, ასი ათასიანი მიტინგების `აგორება~. არაფერმა უშველა. `მიშა მაგარია~. ქუჩაში გამოსულებმა კი არა, მის გვერდით კაბინეტებში მსხდომებმა ვერ გაუძლეს: ზოგი გაზით `მოიწამლა~, ზოგს ჭიტლაყი მოხვდა, ზოგმა გაასწრო, ზოგი გააგდეს და განმტკიცდა ხელისუფლება.

ასეა თუ ისე 2009 წლის `ჯანყის~ შემდეგ ოპოზიცია დაიშალა. 2011 წ. 26 მაისის `გაბრძოლებაც~, მარცხით დამთავრდა. ჩაკვდა პოლიტიკური ოპოზიციური ცხოვრება. სასაცილო გახდა მათი ქადილი და ენის ფრიალი.

2011 წლის 7 ოქტომბერს, ცნობილი `ავრორას~ გასროლასავით, გაისმა ერთი პიროვნების აზრი, რომ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს და შეძლებს კიდეც. კარგი ნათქვამია: ძალი მაქვს ქადილისაო. ვერ წავართმევთ, მართლაც აქვს ძალი და შესაძლებლობა.

გამოცოცხლდნენ პოლტიკური პარტიები: რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები (თითქოს პრომეთესავით მიჯაჭვული დემოკრატებიც არსებობდნენ), კონსერვატორები, ე.წ. ხალხის პარტია და ბოლოს ეროვნული ფორუმი (მოხდენილ სახელწოდებებს რა დალევს). ისინი გაერთიანდნენ ერთი იმედით და ერთი პიროვნების გარშემო. ხელისუფლების საპირისპირო ცენტრი შეიქმნა. სამწუხაროდ მათ არ შეერთებია ისეთი დიდი შემართების პოლიტიკოსი, როგორიც პარლამეტის ყოფილი თავმჯდომარეა. არც ბატონი კ.კუკავა, არც ე.წ. ახალი მემარჯვენეები (სამწუხაროდ ახალი მემარცხენეები არა გვყავს), არც სხვა წვრილი პარტიები. ვაგლახ, მოხუცდა ბატონი ნ.ნათაძე, თორემ გენახათ. რაც შეეხება ლეიბორისტებს, მათი ისე დაშვება, რომ სხვისი ხელმძღვანელობით ეკეთებინათ საქმე, თავიდანვე გამორიცხული იყო.

ბოლო ხანებში გაჩნდა აზრი, რომ მესამე ცენტრის შექმნა არაა გამორიცხული. ორი საწინააღმდეგო ცენტრის (ხელისუფლებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის, ერთი მხრივ და `ქართული ოცნების~ ირგვლივ გაერთიანებულთა მეორესი) გარდა მესამე ცნეტრის შექმნის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. არ დაიჯეროთ. ისე დავკნინდით ქართველები, რომ სამი ცენტრის მეტს ვერ შევქმნით? ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი. განა ქრისტიან-დემოკრატები ნაკლები პრეტენზიების მქონენი არიან? თან რა მოლაპარაკე ძალები ჰყავთ მობილიზებული. თანაც თუ ხელისუფლებასთან გაუმჟღავნებელი კავშირები აამოქმედეს? ვინც ბ-ნ შ.ნათელაშვილს და მის გუნდს რაიმე გაუგო, გეტყვით, რომ ისინი არავისთან მივლენ, მათთან უნდა მივიდნენ. გავაგრძელოთ? ხო და სახეზეა უკვე ხუთი ცენტრი. გაუგებარი მხოლოდ მათი სამოქმედო პროგრამებია.

პროგრამებს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხალხმა მხოლოდ ნაციონალების ანუ ხელისუფლების პროგრამა იცის. იცის, რომ დაპირებებითაა სავსე, რომელთაგან ერთიც არ შესრულებულა. არ შეიძლება მუდმივად იმის ძახილი, შუქი და გაზი გაქვთო. თუ დაფიქრებულან ეს დალოცვილები რა ფასად გვაქვს ეს სიკეთე. ევროპასა და ამერიკას ჯერ უმუშევრობის დაძლევაში, ხელფასებში და პენსიებში გავეჯიბროთ და შემდეგ ფასებში. ამიტომაა მატყუარა ხელისუფლებისა ხალხს აღარა სჯერა და ცვლილებებისაკენ იხრება. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ გვეუბნება რისი რით შეცვლას აპირებს. რამდენადაც ცნობილია, სახელმწიფო ორგანიზაციის ბიუროკრატიული პრინციპის დემოკრატიულით შეცვლას არ აპირებს. არც გაუმჟღავნებიათ თუ როგორ ესმით ეს პრინციპი. არა და სწორედ ესაა წყალგამყოფი. არც სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების პროგრამაა გამჟღავნებული. უიმისოდ კი გამოდის ბრძოლა ბრძოლისათვის, ერთი ბატონის მეორეთი შეცვლა.

ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ. ბევრს Hჰგონია, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმი იყო, ამ სისტემამ არ ივარგა და ამიტომ კაპიტალიზმით შეცვალეს. უნდა იყოს დრო და საშუალება რომ გააგებინო: საბჭოთა კავშირში იყო სახელმწიფო კაპიტალიზმი, სოციალისტური ლოზუნგებით. სახალხო მეურნეობის დონე კი ჩამორჩენილ კაპიტალისტურს შეესაბამებოდა. საჭირო იყო წინწასული წარმოებით ურთიერთობათა, საწარმოო ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მოხდა კიდეც. ახლა?

ახლა ჩვენი ეკონომიკური განვითარება იმაზე უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ოცი წლის წინ იყო. წარსულს ჩაბარდა რუსთავის მეტალურგიული, თბილისის ჩარხმშენებელი, ინსტრუმენტალური, ელმავალ მშენებელი, თვითმფრინავ მშენებელი, ქუთაისის ავტო და სატრაქტორო ქარხნები და სხვა ათასი. სადაა იქ დასაქმებული ათიათასობით ინჟინერი, ტექნიკური პერსონალი. აღარც მეურნეობებია და კოლმეურნეობებზე ლაპარაკიც საცოდაობაა. არა და შეადარეთ რას აწარმოებდა სახალხო მეურნეობა და რას ვაწარმოებთ ახლა. დანგრევა ადვილია. დღევანდელი `ქვეყნის ტურისტულ~ სამოთხედ გადაქცევის კურსი, მხოლოდ სასტუმროების, რესტორნების, საპარიკმახეროების, ბენზინგასამართი სადგურებისა და მსოფლიო მათხოვრის პროფესიის იმედად გვტოვებს. არა და თუნდაც მცირე გაბარიტიანი მანქანა-ტრაქტორების სადგურების შექმნა როგორ წაადგებოდა გაღატაკებულ სოფლის მეურნეობას. ხომ არა ფიქრობენ რომ ი.სტალინს ამათზე ნაკლები ჭკუა ჰქონდა ქვეყანა მ.ტ.ს.-ით რომ მოფინა?

მცირე სტატიაში ყველაფერი ვერ აღირიცხება, მაგრამ ნათქვამიც საკმარისია მისანიშნებლად, რომ ოპოზიციამ ზოგადი ფრაზებით ბრძნული მსჯელობის ნაცვლად, უმჯობესია სამოქმედო პროგრამები გააცნოს ხალხს. სხვანაირად რა გაიგოს რიგითმა მოქალაქემ ვის მხარეს უნდა დადგეს?

ხელისუფლებაში ცოტანი არიან, მაგრამ დიდი შესაძლებლობისა და რეზერვების მქონენი. ოპოზიციონერები ბევრნი არიან, მაგრამ ვერც ერთობა მოუხერხებიათ და ვერც რეზერვების შეკრება. ერთიც არაა მათში ნაპოლეონი, რომელიც იტყოდა, ჯერ ომში ჩავებათ და მერე ვნახავთ რა უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ჯერ უნდა გავარკვიოთ როგორი დემოკრატია გვინდა, რას რითი შევცვლით და მერე დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას. სხვანაირად ხელისუფლებასა და ოპოზიციას მასების მონაწილეობის გარეშე მოუწევთ შებმა. ეს კი იქნება საზოგადოების ერთი უმცირესობის ჭიდილი მეორე უმცირესობასთან. უმრავლესობა კი შუაში ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს ან უბრალოდ ინერტული იქნება. არა და საზოგადოების ნამდვილი ძალა სწორედ `შუაა~!


`შუა~


მეცნიერება შეგვაგონებს: ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველია ხელისუფლება თავისი რეზერვებით. მთლიანობაში იგი ხალხის ერთ უმცირესობას შეადგენს. მეორეა ოპოზიცია, რომელიც მეორე უმცირესობას წარმოადგენს. შუაშია ხალხის მასა, რომელიც გარკვეულ დრომდე ინერტულია.

ბრძოლის პროცესში ორივე უმცირესობა ცდილობს მასების, `შუის~ მიმხრობას. საბოლოოდ რომელიც მოახერხებს – ის იმარჯვებს.

`ქართული ოცნების~ უპირობო ლიდერმა და ოპოზიციის უდაო შემკრებმა, მოსწრებულად ბრძანა: `შუა უნდა გაიკრიფოს~. ხალხის ფართო ფენები უნდა ამოძრავდნენ და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ნეიტრალურები არ უნდა დარჩნენ.

იგივე მეცნიერება ასეთ კანონზომიერებაზე მიუთითებს: ცალკეული ადამიანები, ჯგუფები შედარებით სწრაფად აზროვნებენ და ასევე იღებენ გადაწყვეტილებას. პიროვნება ან ჯგუფი თუ განვითარების მოთხოვნების შესაბამისად მოიქცევიან, პროცესს დააჩქარებენ. თუ არა, შეიძლება შეაფერხონ წინსვლა ან უკან დახევაც გამოიწვიონ. ეს შეეხება როგორც ხელისუფლების უმცირესობას, ასევე ოპოზიციას.

მათგან სხვაობით ხალხი ნელა აზროვნებს. დიდი დრო უნდა რომ მილიონებმა აზრი გაცვალონ და რაიმე გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. სანაცვლოდ ხალხი არ ცდება. შეიძლება მცირე ხნით ხალხი აიყოლიონ, მოატყუონ დაპირებებით (გვაქვს ამაში გამოცდილება), მაგრამ საბოლოო ანგარიშით ხალხი თავის გადაწყვეტილებაში არა ცდება.

დაპირისპირებული უმცირესობები ყოველთვის ხალხის სახელით მოქმედებენ, ცდილობენ მათ მიმხრობას და ამ გზით გამარჯვებას. დღესაც იგივეა. ხელისუფლება შეეცდება აამოქმედოს ყველა ბერკეტი.

ამიტომ არ შეიძლება ოპოზიციის გათიშვის დაშვება. პარტიათა ლიდერებმა, თუ მართლა ხალხის ინტერესებისათვის ზრუნავენ უნდა გადალახონ პირადი ამბიციები, შეეშვან მითიურ იდეოლოგიურ სხვაობაზე აპელირებას და ერთიანი ძალით დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. როგორი ლიდერიც არ უნდა ჰყავდეს ოპოზიციას, გათიშულობის პირობებში ვერ აიცილებენ ხალხის დაქსაქსვას, რაც მარცხის საწინდარი გახდება.

ერთადერთი პარტია (თუ ასე დაფიქსირება მცდარ ასოციაციას არ გამოიწვევს) სამღვდელოებაა, რომელიც დაპირისპირებაში მიზანმიმართულად აქტიურად არ ერევა. ეს უძველესი და გამობრძმედილი ძალა უკვე ფლობს, რისი ფლობაც შეიძლება, თუმცა მიღწეულით ვინ დაკმაყოფილებულა? მისი მოჩვენებითი ნეიტრალიტეტი რიგ შემთხვევაში შეიძლება გაურკვევლობის სინდრომსაც ბადებდეს, მაგრამ ისტორიული გამოცდილება ყოველთვის აქეთკენ უბიძგებს. მათ 17 ს. რუის-ურბნისის წინამძღოლის ნეტარი მროველის ნათქვამს შევახსენებდი: როცა ქვეყანას უჭირს, როცა ხალხის მომავალი მოითხოვს, სამღვდელოებამ ანაფორის ქვეშ სატევარიც უნდა ატაროსო. აღარას ვამბობ სულმნათ თორნიკე ერისთავზე. ჩვენ უახლოეს წარსულშიც იყო აუცილებლობა სამღვდელოებას ეთქვა გადამწყვეტი სიტყვა და გაყუჩება არჩია. არა და როცა მრევლისაგან ითხოვს, ნაცვალგება არ უნდა დაივიწყოს. მით უმეტეს, რომ `შუაზე~ მას ნებისმიერ პარტიაზე მეტი გავლენა აქვს.

მოკლედ, `შუა უნდა გაიკრიფოს~ დადგეს არა იმ უმცირესობის გვერდით, რომელიც წვრილმანი დახმარებით და დიდი დაპირებებით სულს წააწყმედინებს, არამედ იმ უმცირესობისა, რომელიც ხვალის იმედს მისცემს.

ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს. მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების ამოქმედება მთელ საზოგადოებას მოიცავს. სოფლებში საარჩევნო კომისიებს ძირითადად სკოლების პედაგოგები ავსებენ, დიდია მათი ავტორიტეტი და შიში სამსახურის დაკარგვისა. მე თქვენ გითხრათ და არ გაუსწორდებიან `მოღალატეებს~. არა და მათზე უკეთესი აგიტატორი სოფლად ვინაა. ახლა ვიანგარიშოთ `დაცვის პოლიცია~ (სოფლელების სამსახური), არა ქართულ ენოვანი მოსახლეობა და ა.შ.

ოპოზიციამ უნდა იცოდეს: შუა, მაინც გაიკრიფება. არჩევნებზე უმრავლესობა მაინც წავა და თუ ის მხარს არ დაუჭერს? თუ `მებრძოლ ცენტრებს~ შორის გაიყოფა? საქმეს ვეღარას უშველის `თითზე კბენანი~. ჩემთვის უნდა დაეჯერებინათ, ჩემს გარშემო დარაზმულიყვნენ და ა.შ.

`შუა~ დიდ მოლოდინშია. მან ჯერ არ იცის ვინ რას სთავაზობს. გაპიარებული `საავადმყოფოების საქმე~, შერჩეულ პირებთან გასაუბრება შეხვედრებზე, ხალხმრავლობა ბევრზე იმოქმედებს ხელისუფლების სასარგებლოდ. უმუშევარი, დამშეული ადამიანის ფსიქოლოგია მცირე ნასუფრალზეც დადებითად რეაგირებს, გურული ანდაზის პრინციპით: ყვავს კაკალი გააგდებინე, ესეც ხეირიაო. ამას დაუმატეთ პენსიების, დაზღვევის და სხვა საკითხების `გადაწყვეტა~ არჩევნების წინა პერიოდში და ა.შ. ბევრი იმას კი არ შეხედავს, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ 2009 წლისთვის შეჰპირდა 100 დოლარიან პენსიას, არამედ იმას, რომ ახლა მოუმატეს, მათზე `იზრუნეს~ და ასე გააგრძელებენ შემდგომი არჩევნების წინ. (ეს ისე ითქვა, თორემ ვიღას ახსოვს მილიონი სამუშაო ადგილი, გაქცეული თანამემამულეების დაბრუნება და სხვა საოცარი დაპირებანი). მოკლედ, ხელისუფლება `შუას~ დაუფლებისათვის მუშაობს. ოპოზიცია?

ოპოზიცია `ცენტრების~ ჩამოყალიბებითაა დაკავებული. მისი სამოქმედო პროგრამა უცნობი რჩება. `ქართული ოცნების~ შემქმნელის ავტორიტეტი ყველაფერს ვერ გადაფარავს. მისი, ბევრს აპრიორი სჯერა, რაც სრულებითაც არაა საკმარისი. სანაცვლოდ ბევრისმთქმელია მის ირგვლივ მყოფთა გამოცდილება. შეძლებს იგი სხვა ლიდერების `აყვანას~ თავის დონემდე თუ თვითონ დაეშვება და გაითქვიფება `მათში~. ეს პრინციპული საკითხია. მეორე პრინციპული საკითხი მისეული ხედვაა. მხოლოდ მაგალითისთვის. ბრძანა, რომ შეძლებს ისეთი დემოკრატიის დამყარებას, რომელიც ევროპისთვისაც სამაგალითო იქნება. როგორია დემოკრატიის მისეული ხედვა? დანარჩენი ლიდერების პოზიცია დემოკრატიული პრინციპის არასრულ ცოდნაზე მიუთითებს. ან ეგებ არ ამხელენ?

მოკლედ. ხელისუფლება დაუღალავად მუშაობს `შუა~-ს გასაკრეფად. ოპოზიცია პასიურობს. თუ ასე გაგრძელდა `შუა~ ოპოზიციურ `ცენტრებს~ შორის დაიყოფა და შედეგი არჩევნების დროს, შესაბამისი იქნება. ამიტომ მუშაობა იქითკენ კი არ უნდა წავიდეს, რომ `შუა~ ნეიტრალური არ დარჩეს, არამედ იქითკენ, რომ ამოძრავდეს შენ მხარეს. ამას კი ცნობადობა სჭირდება, რას და როგორ გააკეთებ თუ `შუა~ მხარს დაგიჭერს. არაა საკმარისი ლოზუნგი: `შუა, უნდა გაიკრიფოს~. აქტიური, დაძაბული, პირნათელი მუშაობაა საჭირო და `შუა, გაიკრიფება~.




Comments


საკონტაქტო ინფორმაცია

გმადლობთ დაკავშირებისთვის!

©2023 by Aleksandre Akhatneli, Powered and secured by Wix

საქართველოს ისტორია
bottom of page